ეკლესიიდან მოპარული 55 ლარით დაკავებულმა პური და საკვები შეიძინა

ეკლესიიდან მოპარული 55 ლარით დაკავებულმა პური და საკვები შეიძინა

დედოფლისწყაროს სოფელ სამრეკლოში სერაფიმე საროველის ტაძრის გაქურდვის ფაქტზე დაკავებული აკაკი ფოცხვერაშვილის დედა ქიზიყი.ge-სთან ექსკლუზიურ კომენტარს აკეთებს. მრავალშვილიანი დედის ინფორმაციით, ეკლესიის შესაწირი ყუთიდან მოპარული 55 ლარით მისმა შვილმა პური და ძეხვი შეიძინა, დანარჩენი თანხა კი არ დაუხარჯავს.

რას უკავშირებს შვიდშვილიანი დედა დაკავებულის ამგვარ საქციელს და რატომ თვლის თავს უყურადღებოდ მიტოვებულად მოისმინეთ ექსკლუზიური ინტერვიუ. შეგახსენებთ, ეკლესიის გაქურდვისთვის დაკავებულის 7-შვილიანი ოჯახი სოფლის აბანოში ცხოვრობს:

შეგახსენებთ, წარსულში ნასამართლევი, სოფელ სამრეკლოს მკვიდრი, 21 წლის აკაკი ფოცხვერაშვილი შსს-ს კახეთის სამხარეო მთავარი სამმართველოს დედოფლისწყაროს რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა ქურდობის ბრალდებით 10 აგვისტოს დააკავეს.

გამოძიებამ დაადგინა, რომ 1992 წელს დაბადებულმა ბრალდებულმა გვიან ღამით, დედოფლისწყაროს რაიონის სოფელ სამრეკლოში, წმ. სერაფიმე საროველის სახელობის ეკლესიაში ფარულად შეაღწია და შესაწირავის ყუთიდან ფული მოიპარა. დედოფლისწყაროს სამართალდამცველებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად აკაკი დანაშაულის ჩადენიდან მეორე დღეს დააკავეს, ის აღიარებს ჩადენილ დანაშაულს.

ქიზიყი.ge-ს ინფორმაციით, ეჭვმიტანილი სოციალურად დაუცველი, 7 შვილიანი ოჯახის ერთ-ერთი წევრია, ოჯახის წევრების დიდი ნაწილს ჯანმრთელობის პრობლემებიც აქვს. ისინი უკიდურეს სიდუხჭირეში ცხოვრობენ. როგორც დაკავებულის მეზობლებმა განაცხადეს, ოჯახს არც საკუთარი ჭერი გააჩნია და უკვე მერამდენე წელია თავს სოფელში მდებარე ყოფილი აბანოს ძველ, ამორტიზებულ შენობას აფარებენ.

ჩვენს ხელთ არსებული ინფორმაციით, აკაკი წარსულში თანასოფლელების მაღაზიისა და 6 სული მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვის ქურდობისთვისაა ნასამართლევი.

„ისეთი ხელმოკლე ოჯახია ტანსაცმელსა და საჭმელს მეზობლები აძლევენ. კიდევ ერთი შვილიც პატიმარი ჰყავთ, უმუშევრები არიან. აკაკიმ წინა შემთხვევაში მაღაზიის ქურდობისას ტკბილეული მოიპარა, რომ მოდიოდა შოკოლადებს ჭამდა და გზადაგზა ქაღალდებს ყრიდა. იქვე ახლოს ჩაძინებულს ასე მიაგნეს. მთელი სოფელი ამბობს, ძროხის ქურდობის ფაქტი კი პოლიციამ ტყუილად დააბრალაო, ციხიდან გამოსულიც მუდმივად ხატებს იფიცებოდა – არ მომიპარავსო, ან ეს სუსტი ბავშვი 6 ძროხას რანაირად მოიპარავდა და გადამალავდა. ძალიან ავადმყოფი ბავშვია, წინა პატიმრობის დროს ციხეში სიკვდილს ძლივს გადაარჩინეს. იმდენად დასუსტებულია, საეჭვოა, რომ ამჯერად ციხიდან ცოცხალი გამოვიდეს,“ – აცხადებენ სოფელ სამრეკლოში.

გამოძიება ქურდობის ფაქტზე მიმდინარეობს, სსსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილით, რაც 3-დან 5 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს. გამოძიებას შსს-ს კახეთის სამხარეო მთავარი სამმართველოს დედოფლისწყაროს რაიონული სამმართველო აწარმოებს.

შეგახსენებთ, დედოფლისწყაროში ქრისტიანული ტაძრის გაქურდვის თაობაზე 9 აგვისტოს ქიზიყი.ge-მ ინფორმაცია ექსკლუზიურად გაავრცელა. დაახლოებით 15:00-საათზე ტაძარში მისულ ეკლესიის მსახურებს კარი გატეხილი დახვდათ. თვითმხილველების განმარტებით, გატეხილია ეკლესიაში არსებული შესაწირი ყუთების ბოქლომებიც, საიდანაც ფულადი თანხაა მოპარული