ბაჩო ახალაიას სასამართლო პროცესი დღეს განახლდება

ბაჩო ახალაიას სასამართლო პროცესი დღეს განახლდება

თავდაცვის ყოფილი მინისტრის, ბაჩო ახალაიას სასამართლო პროცესი დღეს განახლდება.

12 აგვისტოს გამართულ პროცესზე ბრალდების მხარემ დასკვნითი სიტყა წარმოადგნა. დასკვნითი სიტყვით გამოვიდნენ ასევე ბაჩო ახალაიასთან ერთად ბრალდებული სამი პირის - დავით ჩუბინიძის, დავით გიორგაშვილისა და ვლადიმერ ზანგიევის ადვოკატები.

პროკურორ შუქრი ზააალიშვილის თქმით, დასკვნითი სიტყვა მტკიცებულებებზე იყო დამყარებული.

"მოწმეთა ჩვენებები და აუდიო-ვიდეო ჩანაწერები არსებობს, რომლებიც უტყუარად ადასტურებენ, რომ ბაჩანა ახალაიამ და სხვა ბრალდებულებმა ჩაიდინეს ის დანაშაულები, რაც წარდგენილია ბრალდებაში. დღეს სამმა ადვოკატმა წარმოადგინა დასკვნითი სიტყვა და მათ ვერ გააბათილეს ბრალდების არგუმენტები. რაც შეეხება რეინჯერების კურსს, დაზარალებულებს საერთოდ არ გაუვლიათ ეს კურსი არ არსებობს პროგრამა და დოკუმენტი, და ეს იყო მოგონილი იმისათვის, რომ შეენიღბათ ცემის და წამების ფაქტები", - აცხადებს ზაალიშვილი.

პროკურორის დასკვნით სიტყვას არ ეთანხმებიან ადვოკატები. მათი განცხადებით, პროკურატურის არგუმენტები სუსტი იყო და ყველა მტკიცებულება, რომელიც პროკურატურამ წარმოადგინა შანტაჟის და გამოძალვის შედეგად არის მიღებული.

ერთ-ერთი ბრალდებულის დავით ჩუბინიძის თქმით, რომელსაც ბრალად დაზარალებულების მიმართ ღირსების შემლახავი მოპყრობა ედება აცხადებს, რომ პროკურატურა ტყუის და მოწმეთა ჩვენებები სიმართლეს არ შეესაბამება.

"ასეთი ფაქტი რომ ყოფილიყო მე ასე ვივლიდი ახლა, ან ისინი ივლიდნენ?! შეპირდნენ ალბათ რაღაცას, ეგეთი რაღაცა არის გამორიცხული", - აცხადებს ჩუბინიძე.

ადვოკატების ინფორმაციით, დღეს პროკურორი სასამართლოში შსს-ს კუთვნილი ატომობილით მივიდა. მათივე თქმით, დილიდან სასამართლოს ეზოში შსს-ს თანამშრომლებიც იყვნენ მობილიზებული. შუქრი ზაალიშვილმა დაადასტურა, რომ ის პროცესზე შსს-ს ავტომობილით მივიდა.

"მე ვარ შსს გენინსპექციის ზედამხედველი პროკურორი და როცა პროცესებზე მოვდივარ გამომძიებლები და თანამშრომლები ახორციელებენ ჩემს მოყვანას, რადგან პირადად მე სამსახურეობრივი ავტომანქანა არ მყავს",-განაცხადა ზაალიშვილმა.

პროკურორმა ასევე განმარტა თუ რატომ არ ესწრებოდნენ პროცესს დაზარალებულები:

"დაზარალებულები მოვიდნენ ახლობლებთან ერთად, რაზეც ბრალდებულებმა უკმაყოფილება გამოთქვეს და მე ვთხოვე დაზარალებულებს, რომ არ შემოსულიყვნენ, რათა რამე უთანხმოება არ მომხდარიყო",-განაცხადა ზაალიშვილმა.

საქმე ეხება 2012 წლის აგვისტოში მომხდარ ფაქტს, როდესაც ბრალდების მხარის მტკიცებით, ამ დროს პოლიტიკური შეხედულებების გამო ბაჩო ახალაიას ორგანიზებით შვიდი ადამიანის მიმართ განხორციელდა წამება, დამამცირებელი და არაადამიანური მოპყრობა და ასევე თავისუფლების უკანონო აღკვეთა.