აშშ–ის საელჩოს განმარტება ელჩის ღიმილზე სააკაშვილის სიტყვით გამოსვლისას

აშშ–ის საელჩოს განმარტება ელჩის ღიმილზე სააკაშვილის სიტყვით გამოსვლისას

ამერიკის შეერთებული შტატების საელჩომ დღეს, 12 აგვისტოს, "ფეისბუქში", თავის ოფიციალურ გვერდზე ინგლისურ ენაზე გაავრცელა განმარტება, თუ რატომ ეღიმებოდა ელჩ რიჩარდ ნორლანდს 11 აგვისტოს, სამხედრო გემ "ბალკლიზე" პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის გამოსვლისას.

"სამწუხაროა, რომ ზოგიერთმა არჩია, არასწორი ინტერპრეტაცია მიეცა აშშ–ის ელჩ რიჩარდ ნორლანდის სახის გამომეტყველებისთვის, როცა პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი სიტყვით გამოდიოდა ამერიკულ სამხედრო ხომალდ "ბალკლიზე". ელჩი იღიმოდა მხოლოდ იმიტომ, რომ მისი მცდელობა, აღედგინა პროტოკოლი ამ წარმომადგენლობითი ღონისძიებისას, აღმოჩნდა არაეფექტური.

მიუხედავად ამისა, აშშ–ის საელჩო და აშშ–ის საზღვაო ძალები გემის ვიზიტს საქართველოში განიხილავენ აშკარა წარმატებად, რომელიც ემსახურება აშშ–ის ურყევი ერთგულების შეხსენებას საქართველოსთან შავი ზღვის რეგიონის უსაფრთხოების სფეროში თანამშრომლობასთან დაკავშირებით", – აცხადებს აშშ–ის საელჩო საქართველოში.

ამერიკული სამხედრო გემი "ბალკლი" საქართველოს 10 აგვისტოს ესტუმრა, 11 აგვისტოს კი გემზე საქართველოს პრეზიდენტის, მთავრობისა და პარლამენტის თავმჯდომარისთვის მიღება გაიმართა.