ზაზა ხუციშვილი -

ზაზა ხუციშვილი - "მიშა მშია" (VIDEO)

ჯგუფ „ვაკის პარკის“ სოლისტი ზაზა ხუციშვილი ტელეკომპანია „მაესტროში“ მომუშავე მეგობრების მხარდასაჭერ აქციაზე ვიხილეთ. ბოლო დროს მუსიკოსი პოლიტიკურად გააქტიურდა და სკანდალური სიმღერაც ჩაწერა, სახელწოდებით „მიშა, გვშია“.  მუსიკოსი სისტემის წინაღმდეგ – ასე შეაფასეს მსმენელებმა ზაზა ხუციშვილის ბოლოდროინდელი როკ-მუსიკა. მიმდინარე მოვლენების შესახებ Presage.tv ესაუბრება ზაზა ხუციშვილს.

ტელეკომპანიამაესტროშიდაძაბული სიტუაცია ხელისუფლებისთვის სასურველ სცენარად უკვე შეფასდა. თქვენ ტელეკომპანიაში მეგობრების მხარდასაჭერად მიხვედით. როგორ უნდა განიმუხტოს სიტუაცია?

– რამდენადაც ჩანს, „მაესტროს“ მეპატრონეებსა და მმართველ კომპანიას შორის გაუგებრობა მოხდა. რა თქმა უნდა, ეს გაუგებრობა უმოკლეს დროში უნდა გადაწყდეს, რადგან მომხმარებელი, ამ შემთხვევაში, მაყურებელი დაზარალებულია  და სიტუაცია დიდი რაოდენობით  წყალს ასხამს ხელისუფლების წისქვილზე. ჩემი მეგობრები მუშაობენ „მაესტროში“ და გარდა ამისა, მე თვითონაც მინდა, გავერკვე, რა ხდება ტელეკომპანიაში. ვხვდები, რომ ახლა ჩემს მეგობრებთან დარეკვის დრო არ არის, რადგან, ალბათ, სხვა საქმეებით არიან დაკავებულნი.

ახალი მოთამაშის გამოჩენის შემდეგ საქართველოში არსებულ პოლიტიკურ ვითარებას როგორ შეაფასებთ? „მოთამაშეალბათ არაა მთლად ზუსტი ტერმინი...

– არა, რატომ? ასე უწოდებენ პოლიტიკოსებს. ბოლო ტალღის ჩახშობის შემდეგ,   ზოგჯერ შიშით, ზოგჯერ კი ქუჩაში ხალხის პირდაპირ დახოცვით ან პოლიტიკოსების მოსყიდვით მმართველმა გუნდმა მოახერხა ის, რომ ძალიან წყნარად ემზადებოდნენ 2012 წლის არჩევნებისთვის. უკვე შერჩეული ჰყავდათ ე.წ. ოპოზიციური პარტიები და „ნაციონალური მოძრაობის“ უმრავლესობასთან ერთად გადანაწილებული ჰქონდათ მანდატები. ახლა არ ვიცი, ზუსტად როგორ მოხდებოდა, მაგრამ სავარაუდოდ, ალბათ, ჯამში, დაახლოებით, 35-40 %-ს დაუთმობდნენ ორ-სამ პარტიას, რომელიც სხვათაშორის, ბიძინა ივანიშვილმა ძალიან სწორად დაალაგა და მათთან წყალგამყოფიც გაავლო.

ანუ ხელისუფლებას არჩევნებში გამარჯვების არა მხოლოდ იმედი, შანსიც ჰქონდა?

– რა თქმა უნდა, რომ არ გამოჩენილიყო ბიძინა ივანიშვილი, ცალსახად გამარჯვებული იქნებოდა „ნაციონალური მოძრაობა“, რადგან ძალიან დასუსტებული იყო ოპოზიცია. ამ დროს გამოჩნდა ადამიანი, რომელმაც პრაქტიკულად ეს სია, სულ მინიმუმ, გაანახევრა. ამიტომ მოჰყვა ამას ასეთი რეაქცია. შეხედეთ, ვინ გამოდის დღეს ბიძინა ივანიშვილის მხარდამჭერად და მის საწინააღმდეგოდ?! ყველაფერი ძალიან ცხადზე ცხადია, რომ ამ ადამიანებს, პრაქტიკულად, სულ  მინიმუმ, 50%-ის ჩაჩოჩება, შეიძლება 70%-ის ჩაჩოჩებაც მოუწევთ პარლამენტში. ეს ვის სიამოვნებს?! ამდენი წელი ემზადებიან, ილანძღებიან, ტელევიზიაში გამოდიან, იცავენ მმართველ გუნდს, ასრულებენ მათ დავალებებს, თვითონ მმართველი გუნდიც მაქსიმუმს აკეთებს იმისთვის, რომ ისევ პარლამენტში უმრავლესობა მოიპოვოს და ამ დროს გამოჩნდა ადამიანი, რომელიც, კიდევ ერთხელ ვიმეორებ, მათ გეგმებს შლის. ამიტომ გაიშალა ეს ბრძოლა სხვადასხვა ფრონტზე და სხვადასხვა დოზით მიმდინარეობს ეს ბრძოლა.

ბევრჯერ ახსენეს კადაფიზაცია, კადაფის ხვედრი... ბიძინა ივანიშვილი რომ არ გამოჩენილიყო, იქნებ, უფრო დრამატულად განვითარებულიყო ხელისუფლებისთვის მოვლენები? მიუხედავად 26 მაისის რევანშისა?

– არა მგონია. იცით რა, მე ვერ ვხედავდი იმის პოტენციალს, რომ უახლოეს ერთ წელიწადში რაღაც რევოლუციური მოძრაობა დაწყებულიყო საქართველოში. საბოლოო ჯამში, ეს გუნდი ჩემთვის არის ჩიხი. მე მათ ვეძახი ჩიხს საქართველოსთვის. დღეს რა გამოწვევებიც დგას საქართველოს წინაშე, ეს არის სასამართლოს თავისუფლება, პრესის თავისუფლება და სამხედრო ორიენტაციის ბოლომდე მიყვანა, ამ პოლიტიკურ ჯგუფს ეს არ ძალუძს. როდესაც მთელი ქვეყანა გვიკიჟინებს, რომ რაღაცნაირად გარკვეული თამაშის წესებზე უნდა შევთანხმდეთ რუსეთთან და, რომ მხოლოდ ამის შემდეგ შეიძლება ნატოზე საუბარი, ამ ხელისუფლებას ეს ყველაფერი ამოწურული აქვს. ამ ხელისუფლების პირობებში გამორიცხულია მასმედიის გათავისუფლება და საქართველოს ნატოში შესვლა, თუნდაც, თვითონ სააკაშვილი ოდნავ ჩრდილში გადავიდეს და სხვა ორი ფიგურა წამოსწიოს, რაც ერთ-ერთი მოსალოდნელი სცენარია კიდეც. შესაძლოა, პირადად თვითონ კენჭი არ იყაროს, თავისი პარტიის გენერალურ მდივნად დარჩეს და ორი მოქალაქე, შეიძლება, ეს გიგი უგულავა და დავით ბაქრაძე, წინ წამოსწიოს. ამ პირობებშიც ეჭვი მეპარება, რომ რაღაც პროგრესს მივაღწიოთ. რაც შეეხება ეკონომიკას, პრაქტიკულად, ქვეყანას ეკონომიკა არ აქვს, პროდუქტს ვერ ქმნის. კარგია, რომ ბიუჯეტი ივსება და გაზრდილია, მაგრამ ძირითადად ვაჭრობიდან,  ბენზინის დაბეგვრიდან და ბიზნესმენების უმკაცრეს მდგომარეობაში ჩაყენებით ხდება ეს ყველაფერი.

თქვენი ბოლოდროინდელი ალბომის შესახებაც მინდა გკითხოთ, რომელშიც შევიდა თქვენი მუსიკალური ნაწარმოებიმიშა მშია“. პოლიტიკურად გააქტიურდით?

– მინდა გითხრათ, რომ არასდროს ვერიდებოდი ასეთი სიმღერების წერას. იყო სიმღერები „ბრძოლა წესების გარეშე“, „ახალი დღე“, „საფანტის წვიმა“, „უიღბლოთა ქალაქი“ და ა.შ. დაახლოებით ათი წლის ისტორიას ვყვები, მაგრამ პირადად პოლიტიკურ განცხადებებს არასდროს ვაკეთებდი. თუმცა ჩემთვის წყალგამყოფი აღმოჩნდა 2008 წლის ომი. რა თქმა უნდა, საქართველო-რუსეთის კონფლიქტი საქართველოს ბრალი არ არის და ჩვენთვის ეს კურთხეული და მართალი ომია, მაგრამ კონკრეტული ფართომასშტაბიანი საომარი მოქმედებების დაწყებაში პირადად ვადანაშაულებ მიხეილ სააკაშვილს. რა თქმა უნდა, ეს შემოგდებული თემა გახლდათ, იყო პროვოკაციები, მაგრამ არაფრის დიდებით, ამაში არ უნდა ჩაბმულიყო საქართველოს მხარე.

თქვენეული ფრაზა მიშა მშია სულიერ შიმშილსაც გულისხმობს და ფიზიკურსაც?

– რა თქმა უნდა, რადგან თავად ტექსტშია, რომ „მშია სამართალი“. ჩემი პოლიტიკურად გააქტიურება, როცა მე უკვე პოლიტიკური განცხადებების გაკეთება დავიწყე, არ ნიშნავს, თითქოს პოლიტიკაში მოსვლას ვაპირებ. ნამდვილად არ ვაპირებ, პოლიტიკური გადაწყვეტილებები მივიღო. უბრალოდ, მე ჩემეულ  შეფასებას ვაძლევ მოვლენებს, ისე, როგორც ვხედავ მდგომარეობას. ამის დიდი სურვილი და მოთხოვნილება არსებობდა და, სუფთა მუსიკალურადაც, ძალიან სერიოზული ნიშა არის ეს საქართველოში, რადგან არავინ მსგავს პროდუქციას დღეს არ ქმნის.

ვარდების რევოლუციისდროს თქვენ აქტიურობდით?

– მე „წვიმის მუსიკოსებში“ არ ვყოფილვარ, თუმცა შედარებით პასიური მხარდამჭერი გახლდით სააკაშვილის, სხვათაშორის, ვარდების რევოლუციამდეც, დაახლოებით, 1999 წელს და, დამემსხვრა ეს იმედები.

ხელოვანის ხვედრი როგორია დღევანდელ საქართველოში? სხვათაშორის, ბიძინა  ივანიშვილის მიერ მათთვის გაწეულმა დახმარებამ აზრთა სხვადასხვაობა გამოიწვია.

– სწორედ ისაა მძიმე მდგომარეობა და პირდაპირ ვთქვათ, გაყიდვა, როდესაც ხელოვანი თავის მსოფლმხედველობას და აზროვნებას  გადახდილი თანხის საფასურად იცვლის. ეს კატასტროფული მდგომარეობაა, სწორედ იქიდან გამომდინარე, რომ ხელოვანი საქართველოში ძირითადი შემოსავლით ცხოვრებას ვერ ახერხებს. ეს გახლავთ მისი გაყიდული პროდუქცია სხვადასხვა სახით – კონცერტი, კასეტა თუ ჩანაწერი. რადგან ამას ვერ ახერხებს, უკვე ცდილობს, კეთილდღეობას სხვა სახით მიაღწიოს. უამრავი შემთხვევა ვიცით, როდესაც მუსიკოსები ფულს იღებდნენ, პირდაპირ გამოდიოდნენ და დაუფარავად ამბობდნენ, ჩვენ ხმას ვაძლევთ ამა თუ იმ კანდიდატსო. ეს გრძელდება დღესაც და, სამწუხაროდ, ხელისუფლების რჩეული მუსიკოსების ფაქტორი კვლავაც არსებობს.