ბიზნესი ბანკების, ბანკები კი ბიზნესის წინააღმდეგ

ბიზნესი ბანკების, ბანკები კი ბიზნესის წინააღმდეგ

ბანკების მიმართ პრეტენციების ახალი ტალღა ზვირთდება. ერთის მხრივ მათ კრედიტების გაცემის შეზღუდვაში ადანაშაულებენ, მეორეს მხრივ კი .. შეფარულ საკომისიოებში.

 

კვირიდან კვირამდე სულ უფრო მეტი ბიზნესმენი უპირისპირდება კომერციულ ბანკებს და მათ მიმართ პრეტენზიას დაუფარავად აფიქსირებს. თავად ბანკები და მათი მხრდამჭერები კი, პირიქით, ბიზნესის კრიტიკით არიან დაკავებულნი.

ეკონომიკის ექსპერტი ემზარ ჯგერენაია პირდაპირ აცხადებს, რომ საბანკო სესხებს შეფარული საკომისიოები კიდევ უფრო აძვირებს. მისი განმარტებით, როცა მომხმარებელი ბანკისგან სესხს, მაგალითად, 16%-ად იღებს, ანგარიშის გახსნაში, სიცოცხლის და ქონების დაზღვევაში და სხვა ამგვარ მომსახურებაში დამატებით საკომისიოებს არ უნდა ითხოვდეს, რადგან სესხის პროცენტი ამ ყველაფერს უნდა ითვალისწინებდეს. წინააღმდეგ შემთხვევაში, გამოდის, რომ სესხის საპროცენტო განაკვეტი არა 16%, არამედ გაცილებით მაღალია.

 

ექსპერტს მხარს უბამს ბიზნესმენთა ნაწილიც. „მომხმარებელი კრედიტის აღებისას ოფიციალურ საპროცენტო განაკვეთზე 1,5-2%-ით მეტს იხდის“, - აცხადებს საქართველოში „დეუს“ ოფიციალური წარმომადგენლობის ხელმძღვანელი ალტინბეგ ნურმამეტოვი. 

 

მისი თქმით, საქართველოში სესხის აღების პირობები ისედაც მკაცრია და ხელშეკრულების გაფორმების პროცესში იგი კიდევ უფრო მძიმდება. კრედიტის აღების პროცესის ბოლო ეტაპზე კი ბანკები ისეთ პირობებს და საკომისიოებს აწესებენ, რომელიც მანამდე ნახსენები არ იყო. 

 

ქართული ბანკების სასესხო პოლიტიკა და საპროცენტო განაკვეთები არა მარტო ევროპის, არამედ პოსტსაბჭოური სივრცის ქვეყნებზეც კი ბევრად მაღალია. რუსეთში კრედიტების ღირებულება უკვე 8%-მდე ჩამოვიდა, სომხეთში კი განაკვეთი 12%-ია, თუმცა იმდენად მოქნილი პირობები აქვთ, რომ 8,8%-მდე მცირდებასაქართველოში კი ბანკებს საკრედიტო პოლიტიკა ძალიან მოუქნელია, - ამბობს ნურმამეტოვი.

 

საქართველოს ბანკების ასოციაციის აღმასრულებელი დირექტორი გიორგი ცუცქირიძე კი ბანკების მისამართით გამოთქმულ კრიტიკას არაარგუმენტირებულად მიიჩნევს. მისი აზრით, პრობლემა თავად ბიზნესს აქვს და არა ბანკებს.

 

როგორც ცნობილია, ბანკებმა წლის დასაწყისიდან გამოაცხადეს საპროცენტო განაკვეთების შემცირების შესახებ. ამასთან, ნიშანდობლივია, რომ საპროცენტო განაკვეთების შემცირებასთან ერთად ბანკებმა გაზარდეს საკრედიტო ლიმიტები, როგორც სამომხმარებლო, ასევე ბიზნეს და იპოთეკურ სესხებზე.

თუკი ბანკებს წლის დასაწყისში მაინც აკრიტიკებდნენ დაბალი საკრედიტო აქტივობის გამო, ახლა საკრედიტო აქტივობა სწორედ მიმდინარე წლის მეორე კვარტლიდან გახდა თვალსაჩინო. ბანკებს სესხის გაცემისას აქვთ თავიანთი კრიტერიუმები, რომლებსაც ესა თუ ის ბიზნესი შეიძლება ვერ აკმაყოფილებდეს და ეს არის ბუნებრივი მოვლენა. სესხს ნებისმიერ მსურველზე, რარიგ კარგი იდეა ან საპროექტო შეთავაზება არ უნდა ჰქონდეს, ბანკები არსად გასცემენ, - ამბობს გიორგი ცუცქირიძე.