საქართველოს პრემიერ-მინისტრი თბილისის საკრებულოში განვითარებულ მოვლენებს დემოკრატიული პროცესის ნაწილად მიიჩნევს. როგორც ბიძინა ივანიშვილმა ჟურნალისტებს თემის კომენტირებისას განუცხადა, ამ პროცესებთან კავშირი არ აქვს. მისივე განმარტებით, ირაკლი შიხიაშვილს საკრებულოს თავმჯდომარის თანამდებობაზე "ქართული ოცნება" არ ირჩევს.
"ირაკლი შიხიაშვილი ძალიან აქტიურია, იყო "ნაციონალური მოძრაობის" მხრიდან და მან ეს თვითონ მოახერხა. ნორმალური პროცესი მიმდინარეობს, პარლამენტშიც მოხდა ფრაქციების გამოყოფა და დაფიქსირება. აქაც რაღაც პროცესები მიდის, მაგრამ გარწმუნებთ, რომ მე არაფერ შუაში ვარ ამასთან. პროცესები მიმდინარეობს ბუნებრივად და უნდა განვითარდეს კიდეც. ეს არის დემოკრატიული პროცესები და ასეც უნდა იყოს", - აღნიშნა პრემიერმა.
თბილისის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე მამუკა ახვლედიანი და 13 კომისიის თავმჯდომარე თანამდებობიდან გადაყენებულია. შესაბამისი გადაწყვეტილება საკრებულოს დღევანდელ რიგგარეშე სხდომაზე მიიღეს. 26 ივლისამდე კომისიების თავმჯდომარეების კანდიდატურებზე კონსულტაციები გაგრძელდება. 26 ივლისს კი საკრებულოს თავმჯდომარე ზაალ სამადაშვილის გადაყენების საკითხი დადგება.