საქართველოს პრემიერ-მინისტრი პრეზიდენტისთვის ათონელის ქუჩაზე მდებარე შენობას საკმარისად მიიჩნევს, - ამის შესახებ ბიძინა ივანიშვილმა ჟურნალისტებს ლიტვასა და პოლონეთში ორდღიანი ვიზიტის შეჯამებისას განუცხადა.
მისი თქმით, აშშ-ის საელჩოს ყოფილ შენობაში პრეზიდენტის რეზიდენციის განთავსების საწინააღმდეგო არაფერი აქვს, თუმცა მიიჩნევს, რომ დამატებითი მშენებლობები იქ საჭირო არ არის.
"დაზუსტებით ვერ გეტყვით, რომ ეს გადაწყვეტილება მიღებულია, მაგრამ არ დაგიმალავთ, რომ ამ საკითხზე ვიმსჯელეთ. აბსოლუტურად საკმარისია ის შენობა, რომელიც აშენებულია ათონელის ქუჩაზე. როგორც ვიცი, 1500 კვადრატული მეტრია და ეს აბსოლუტურად საკმარისია. ლიტვაშიც საკმაოდ დიდია პრეზიდენტის სასახლე. აქ არჩევითი პრეზიდენტია პრინციპში. ეს ნორმალურია და თვითონ მარგველაშვილიც აცნობიერებს, თუ ის მომავალი პრეზიდენტი გახდება", - განაცხადა პრემიერმა.
რა ბედი ეწევა ავლაბარში მდებარე პრეზიდენტის სასახლეს, ბიძინა ივანიშვილს ამ თემაზე საუბარი ნაადრევად მიაჩნია.
პრეზიდენტის ახალი რეზიდენცია აშშ-ის საელჩოს ყოფილ შენობაში განთავსდება. "პრეზიდენტის რეზიდენცია განთავსდება კოლმეურნეობის მოედანზე, ათონელის #25-ში, ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს ყოფილ შენობაში. ამ შენობის რემონტი და უკან პატარა შენობის მიდგმა დაწყებული იყო ჯერ კიდევ წინა ხელისუფლების მიერ. ამისთვის, კონკრეტული კომპანიისთვის, შპს "არტესისთვის" მიცემული იყო დაფინანსება, რომლის ფარგლებშიც, ამ კომპანიას გარკვეული სარემონტო სამუშაოები აქვს შესრულებული. კომპანიას მთლიანი მაკომპლექტებელი მასალები და სარემონტო საშუალებები აქვს შესყიდული და შეძენილი. სამუშაოებს აგრძელებს იგივე კომპანია. ჩვენ ხელშეკრულებაში ცვლილება მოვამზადეთ და ყოველკვირეული გრაფიკი გავწერეთ ამ სამუშაოების, რათა დავაკვირდეთ სამუშაოების მიმდინარეობას", - განაცხადა დღეს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა დავით ნარმანიამ.