ლიტვასა და პოლონეთში აბსოლუტურ უმცირესობაში არიან ისინი, ვისაც საქართველოს ახალი ხელისუფლების ხელწერის მიმართ ეჭვები დარჩა, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ჟურნალისტებს ლიტვასა და პოლონეთში ორდღიანი ვიზიტის შეჯამებისას განუცხადა.
ბიძინა ივანიშვილი ვიზიტს წარმატებულს უწოდებს და განმარტავს, რომ ორივე სახელმწიფო საქართველოს ახალ მთავრობას აბსოლუტური ნდობით უყურებს. საქართველოს პრემიერ-მინისტრი ლიტველებით აღფრთოვანებულია.
"შეხვედრებისას ეკონომიკის და პოლიტიკის ყველა საკითხს შევეხეთ, ასევე დაისახა სამომავლო გეგმები. ძალიან კარგი ვიზიტი იყო პოლონეთშიც. განსაკუთრებით მინდა აღვნიშნო ჩემს პოლონელ კოლეგასთან შეხვედრა, რომელმაც მეგობრულ ატმოსფეროში ჩაიარა. კარგი რჩევები მივიღე. დამრჩა შთაბეჭდილება, რომ დიდი ხანია ერთმანეთს ვიცნობთ. არსებობს განსხვავებული აზრი, როგორც ლიტვაში, ისე პოლონეთში ახალ ხელისუფლებასთან დაკავშირებით, მაგრამ ვისაც ეჭვი დარჩა ახალი ხელისუფლების ხელწერის მიმართ, ისინი აშკარა უმცირესობაში არიან. ორივე სახელმწიფოში ახალ ხელისუფლებას აბსოლუტური ნდობით, მოწიწებით და მეგობრულად უყურებენ", - განაცხადა პრემიერმა.
ბიძინა ივანიშვილი დარწმუნებულია, რომ ლიტვასა და პოლონეთთან საქართველოს მეგობრული ურთიერთობები კიდევ უფრო გაღრმავდება. "ისინი დაინტერესებული არიან, რომ 27 ნოემბერს ვილნიუსის სამიტზე ვიყოთ ძალიან წარმატებული და მაქსიმალურ მხარდაჭერას გვპირდებიან. ჩემის მხრივ, ვარწმუნებდი, რომ ყველაფერი კარგად იქნება. ვისაუბრეთ ნატო-სა და ევროკავშირის მიმართულებით და ამ მხრივაც მხარდაჭერა აღგვითქვეს. ჩვენ ველით, რომ მომავალ წელს ნატო-ს მხრიდან კარგი განცხადებები გაკეთდება საქართველოს პოზიციასთან დაკავშირებით. ძალიან ბედნიერი ვარ, რომ ასეთი წარმატებული ვიზიტი გვქონდა", - აღნიშნა პრემიერმა.
ბიძინა ივანიშვილის სამუშაო ვიზიტი პოლონეთში უკვე დასრულდა.