ცხინვალის პოლიციის იზოლატორიდან ახალუბნის სამი მცხოვრები გაათავისუფლეს. ოთარ და ნუგზარ ელიაურები და გია ძურძუკი რუსმა მესაზღვრეებმა სამი დღის წინ სოფელ ახალუბნის განაპირას , პირუტყვის მწყემსვის დროს დააკავეს. მათთან ერთად მყოფმა 18 წლის ახალგაზრდამ კი თავს გაქცევით უშველა და გატაცების შესახებ თანასოფლელებს და სამართალდამცველებს შეატყობინა.
ცხინვალის მილიციის იზოლატორიდან გათავისუფლებულები ჯერჯერობით საკუთარ ოჯახებში არ მისულან, თუმცა ცნობილია, რომ ისინი რამდენიმე წუთში შინ იქნებიან.
ელიაურებისა და ძურძუკის ოჯახის წევრები არ აკონკრეტებენ, გადაიხადეს თუ არა ე.წ. სამხრეთ ოსეთის დე-ფაქტო ხელისუფლების მიერ დაწესებული საჯარიმო თანხა. მეზობლები კი, ორ სხვადასხვა ვერსიაზე საუბრობენ. ერთ-ერთის თანახმად, თითოეულ მათგანს 2 000 რუბლის გადახდა მოუხდა, ხოლო სხვები ამბობენ, რომ საჯარო თანხამ თითოეულ დაკავებულზე 3 000 რუსული რუბლი შეადგინა.
ნუგზარ ელიაური ტელეფონით ოჯახის წევრებს უკვე ესაუბრა და უთხრა, რომ სამივე გათავისუფლებულის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია და ცხინვალის იზოლატორში მათზე ზეწოლას ადგილი არ ჰქონია.