ექსპერტ სოსო ცისკარიშვილის შეფასებით, "პრემიერ-მინისტრ ბიძინა ივანიშვილის პოლონეთში ვიზიტის შემდეგ არა მარტო მის პოლონელ კოლეგასა და საგარეო საქმეთა მინისტრს, არამედ მთელ პოლონურ საზოგადოებას საქართველოს გამო სანერვიულო აღარ ექნებათ".
ასე შეაფასა ცისკარიშვილმა "პირWელთან" საუბრისას პრემიერ-მინისტრ ბიძინა ივანიშვილის პოლონეთში ვიზიტი და აღნიშნა, რომ "ვილნიუსის სამიტის წინ პრემიერ-მინისტრი ვიზიტი უაღრესად პოზიტიური და მნიშვნელოვანი იყო".
"თავისთავად პირადი კონტაქტები საგარეო ურთიერთობებში უაღრესად მნიშვნელოვანია და ვფიქრობ, პრემიერ-მინისტრის საზღვარგარეთ ვიზიტები უფრო ხშირი რომ ყოფილიყო, ევროპის სახალხო პარტიას საკუთარი თავის შერცხვებოდა. რაც შეეხება საქართველო პოლონეთთან ურთიერთობებს, წინაწლებში ამ ორ ქვეყანას შორის კეთილი ურთიერთობები იყო, ამიტომ სრულიად შესაძლებელია, რომ "ნაციონალური მოძრაობის" წარმომადგენელთა მხრიდან პოლონელი მაღალი რანგის მოხელეები შეცდომაში ყოფილიყვნენ შეყვანილები. დარწმუნებული ვარ, პრემიერ-მინისტრის პოლონეთში ვიზიტის შემდეგ არა მარტო პოლონეთის პრემიერ-მინისტრს და საგარეო საქმეთა მინისტრს, არამედ მთელ პოლონურ საზოგადოებას საქართველოს გამო სანერვიულო აღარ ექნებათ, მათ სანერვიულო საკუთარ პრობლემაზე ისედაც ბევრი აქვთ. ვფიქრობ, რომ ვილნიუსის სამიტის წინ პრემიერ-მინისტრი ვიზიტი უაღრესად პოზიტიური და მნიშვნელოვანი იყო", - განაცხადა ცისკარიშვილმა.
შეგახსენებთ, რომ პოლონეთში ვიზიტად მყოფმა ბიძინა ივანიშვილმა შეხვედრა მის პოლონელ კოლეგა დონალდ ტუსკისთან გამართა.
შეხვედრის დასრულების შემდეგ დონალდ ტუსკიმ განაცხადა, მიუხედავად პოლიტიკური ცვლილებებისა, მეგობრობა ორ ქვეყანას შორის უკვე მუდმივი პოლიტიკაა.
ამასთან, პოლონეთის პრემიერ-მინისტრი დარწმუნებულია, რომ "ბიძინა ივანიშვილი იქნება გარანტი ევროპული სტანდარტების დაცვისა და ევროპა მიიღებს იმ შედეგს, რომელსაც საქართველოსგან ელოდება".
ბიძინა ივანიშვილმა დონალდ ტუსკი საქართველოში მოიწვია, რაზეც პოლონელმა კოლეგამ მზადყოფნა გამოთქვა.