პოლონეთში ვიზიტის ფარგლებში საქართველოს პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი ქვეყნის სეიმის თავმჯდომარეს შეხვდა.
პრემიერის ადმინისტრაციის ინფორმაციით, ვარშავაში გამართულ შეხვედრაზე მხარეებმა პარლამენტთა შორის ურთიერთობების გაღრმავების საკითხებზე იმსჯელეს.
როგორც ბიძინა ივანიშვილმა შეხვედრაზე აღნიშნა, მნიშვნელოვანია საპარლამენტო განზომილებისა და ორი ქვეყნის საკანონმდებლო ორგანოებს შორის თანამშრომლობის გააქტიურება. მისივე განცხადებით, საქართველოს მთავრობა დიდ მნიშვნელობას ანიჭებს პოლონეთის გამოცდილების გაზიარებას ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის კუთხით.
შეხვედრას საქართველოს დელეგაცია სრული შემადგენლობით დაესწრო.
ბიძინა ივანიშვილმა პოლონეთში ვიზიტი დღეს დაიწყო. სეიმის თავმჯდომარესთან შეხვედრამდე ის პოლონელმა კოლეგამ მიიღო.
დღესვე, ბიძინა ივანიშვილი პოლონეთის სენატის მარშალს, ბოგდან ბორუსევიჩს შეხვდა. შეხვედრა პოლონეთის რესპუბლიკის სენატში გაიმართა. მხარეებმა ურთიერთთანამშრომლობის საკითხებზე იმსჯელეს. პრემიერ-მინისტრმა მადლიერებით აღნიშნა, რომ პოლონეთი, როგორც "აღმოსავლეთ პარტნიორობის" ერთ-ერთი ავტორი, დიდ მხარდაჭერას გამოხატავს საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესში. მისივე განცხადებით, საქართველოს მთავრობის ძალისხმევა მიმართულია საიმისოდ, რომ პოლიტიკურ თუ ეკონომიკურ სფეროებში განხორციელებული და დაგეგმილი რეფორმები პასუხობდეს არსებულ გამოწვევებს და ითვალისწინებდეს ევროპულ პრაქტიკას.
შეხვედრის დასრულების შემდეგ, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა საპატიო სტუმართა წიგნში ჩანაწერი გააკეთა.