საქართველოს პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი "ვალდებულებას გრძობს, რომ დიდ მეზობელთან - რუსეთთან ურთიერთობები დავალაგოთ".
ამის შესახებ ივანიშვილმა პოლონეთში ვიზიტის ფარგლებში პოლონელ კოლეგასთან გამართული შეხვედრის დასრულების შემდეგ განაცხადა.
"ორმხრივი ურთიერთობების შესახებ გვქონდა საუბარი. ბევრი დრო დავუთმეთ ეკონომიკურ ურთიერთობებს. ორივე მხრიდან არის სურვილი იმისა, რომ საქონელბურნვა და ის პოტენცია, რაც ორ მეგობარ სახელმწიფოს შორის არსებობს, გაღრმავდეს. ჩვენ ჩემი ინიციატივით შევეხეთ და პრემიერს მოვახსენე იმის შესახებ, რომ ჩვენ გარკვეული წარმატებები მივიღეთ ნატო-სკენ სწრაფვის მიმართულებით, მაგრამ ამავდროულად, ჩვენ ვთვლით და ვგრძნობთ ვალდებულებას, რომ ჩვენს დიდ მეზობელთან - რუსეთთან ურთიერთობები დავალაგოთ. ამ მიმართულებით გარკვეული წარმატებული ნაბიჯებიც გავაკეთეთ. სავაჭრო ურთიერთობა აღვადგინეთ, რაც ასე საინტერესო და საჭიროა ჩვენი ქვეყნისთვის. ამავდროულად, ჩემთვის გაურკვევლობას და შეშფოთებას იწვევს პარალელურად, ბოლო თვეს განვითარებული მოვლენები ე.წ. საზღვრებზე, როდესაც ე.წ. საზღვრების გადმოწევა და ეზოებიდან ჩვენი მოქალაქეების გაყვანა მუდმივად ხდება. მე ვთხოვე ბატონ პრემიერს, რომ მანაც გააკეთოს ამაზე მინიშნება და ჩვენ მეზობელ სახელმწიფოს მოუწოდოს, რომ ერთმანეთთან მიმართებაში უფრო კორექტულები ვიყოთ", - განაცხადა ივანიშვილმა.