იპოთეკით დატვირთულ უძრავ ქონებაზე აღსრულების მექანიზმების განხორციელების შეჩერებას ერთჯერადი ხასიათი ექნება, - ამის შესახებ ჟურნალისტებს პარლამენტის თავმჯდომარე, დავით უსუფაშვილმა განუცხადა.
"თუ ეს მოხდება, იქნება ერთჯერადი, მოკლევადიანი გადაწყვეტილება იმისთვის, რომ ჩვენმა თანამოქალაქეებმა შეძლონ პრობლემების მოგვარება. ჯამში, რაც არ უნდა მძიმე იყოს ამ სიტყვების მოსმენა, ყველამ უნდა მოვახერხოთ საკუთარი პასუხისმგებლიანი გადაწყვეტილების მიღება და იქამდე, ვიდრე კრედიტს ავიღებთ, სანამ რამეს დავაგირავებთ, კარგად უნდა დავფიქრდეთ, რა რისკზე მივდივართ", - განაცხადა უსუფაშვილმა.
იპოთეკით დატვირთულ უძრავ ქონებაზე აღსრულების მექანიზმების განხორციელება შესაძლოა 1-ელ თებერვლამდე შეჩერდეს. შესაბამისი პროექტი, რომლის ავტორიც პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე, გედევან ფოფხაძეა, საკანონმდებლო ორგანოში გუშინ დარეგისტრირდა.