სახალხო დამცველი უჩა ნანუაშვილი მთავარ პროკურორს არჩილ კბილაშვილს ვაკე-საბურთალოს შს პირველი განყოფილების თანამშრომელთა მხრიდან მოქალაქეზე განხორციელებულ ცემისა და მუქარის ფაქტებზე წინასწარი გამოძიების დაწყების წინადადებით მიმართავს.
აღნიშნულთან დაკავშირებით სახალხო დამცველის აპარატი განცხადებას ავრცელებს, უცვლელად გთავაზობთ:
"საქართველოს სახალხო დამცველმა უჩა ნანუაშვილმა წინადადებით მიმართა საქართველოს მთავარ პროკურორს არჩილ კბილაშვილს, დაიწყოს წინასწარი გამოძიება ვაკე-საბურთალოს შს პირველი განყოფილების თანამშრომელთა მხრიდან მოქალაქეზე განხორციელებულ ცემისა და მუქარის ფაქტებზე. 2013 წლის 12 ივლისს სახალხო დამცველის რწმუნებულებმა სასჯელაღსრულების N8 დაწესებულებაში მოინახულეს მსჯავრდებული ბ. ს, რომელმაც მათთან საუბრისას განაცხადა, რომ მიმდინარე წლის 2 ივლისს, დილის ათის ნახევარზე, მისთვის უცნობი პირი დაუკავშირდა მობილურ ტელეფონზე, გამოკითხა სახელი, გვარი და სამუშაო ადგილი. საუბრიდან რამდენიმე წუთში, ფალიაშვილის ქუჩის მიმდებარე ტერიტორიაზე, ბ. ს. სამუშაო ადგილზე, სამოქალაქო ტანსაცმელში ჩაცმულმა სამმა პირმა დააკავა. იგი ჩასვეს "შკოდის" მარკის თეთრ ავტომობილში, ჰკითხეს მოიპარა თუ არა ავტომობილის სარკეები და სხვა ნაწილები, რაც ბ.ს-მ უარყო. ამის შემდეგ, მასზე განხორციელდა ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა. მას დაემუქრნენ პოლიციის უფროსის მხრიდან სექსუალური ძალადობით, თუ არ აღიარებდა მანქანის ნაწილების მოპარვას. შემდეგ ბ.ს. გადაიყვანეს ვაკე-საბურთალოს შს პირველ განყოფილებაში, შეიყვანეს პოლიციის უფროსის ოთახში, სადაც ასევე იყო პროკურორი, რომელმაც უთხრა, რომ თუ დანაშაულს აღიარებდა, მიუსჯიდნენ სამ წელს. უარის თქმის შემდეგ, ბრალდებულის თქმით, პოლიციის უფროსმა მას სახეში ხელი გაარტყა, შემდეგ იგი ჩაიყვანეს შენობის პირველ სართულზე სარდაფში, სადაც პოლიციის სამმა თანამშრომელმა ცემა. ბ.ს-ს თქმით, მას ასევე სექსუალური კავშირის დამყარებით აშინებდნენ.
ბ.ს-ს განმარტებით, დაახლოებით ღამის 12 საათისთვის გადაიყვანეს თბილისის პირველ დროებით მოთავსების იზოლატორში, რომლის ადმინისტრაციამაც, დაკავებულის სამედიცინო დათვალიერების შემდეგ, მის სხეულზე არსებული დაზიანებებიდან გამომდინარე, უარი განაცხადა მის მიღებაზე. ბ.ს-ს ინფორმაციით, იგი იზოლატორიდან ისევ ვაკე-საბურთალოს შს პირველ განყოფილებაში მიიყვანეს, საიდანაც შპს "აკად. ნ.ყიფშიძის სახელობის ცენტრალურ საუნივერსიტეტო კლინიკაში" გადაიყვანეს, სადაც მოტყუებით და მუქარით ათქმევინეს, რომ დაზიანებები მიღებული ჰქონდა დაკავებამდე, ნასვამ მდგომარეობაში წაქცევის შედეგად. შპს "აკად. ნ.ყიფშიძის სახელობის ცენტრალური საუნივერსიტეტო კლინიკიდან", მსჯავრდებულის განმარტებით, იგი გადაიყვანეს თბილისის Nნპირველ დროებითი მოთავსების იზოლატორში.
2013 წლის 12 ივლისს სახალხო დამცველის რწმუნებულებმა შეამოწმეს ვაკე-საბურთალოს შს პირველი განყოფილების შინაგან საქმეთა ორგანოებში დაკავებულ პირთა აღრიცხვის წიგნი. წიგნში ბ.ს-ს სარეგისტრაციო გრაფაში აღნიშნულია, რომ "ვიზუალური დათვალიერებით სხეულზე რაიმე სახის დაზიანება არ აღენიშნება. პოლიციის მიმართ პრეტენზია არ აქვს", აქვეა დაკავებულის ხელმოწერა, თარიღი და დრო. აღნიშნულ გრაფას დართული აქვს შენიშვნა, სადაც მითითებულია, რომ "ზურგზე, მხარზე და თავზე აღენიშნება მცირე ზომის სისხლნაჟღენთები".
თბილისის პირველ დროებით მოთავსების იზოლატორში შეყვანისას, შსს დროებითი მოთავსების იზოლატორის დაკავებულის გარეგნული დათვალიერების ოქმის მიხედვით, ბ.ს-ს აღენიშნებოდა "შუბლზე ექსკორიაცია, ორივე ზედა კიდურზე, მარჯვენა ბეჭზე და ზურგზე აღენიშნება ექსკორიაციები და სისხლნაჟღენთები. ასევე თხემის მიდამოში აღენიშნება სისხლნაჟღენთი". "დაკავებულის გადმოცემით, დაზიანება მიიღო დაკავების შემდეგ".
შპს "აკად.ნ.ყიფშიძის სახელობის ცენტრალურ საუნივერსიტეტო კლინიკის" მიერ გაცემული ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ცნობის მიხედვით, ბ.ს-ს აღენიშნებოდა "ქალა-ტვინის დახურული ტრავმა, გულმკერდის დახურული ტრავმა, თხემის მარჯვნივ, შუბლის, ორივე ზედა კიდურის ექსკორიაციები, მარჯვნივ ზურგის მიდამოს რბილი ქსოვილის დაჟეჟილობა, ექსკორიაცია."
სად-ის #8 დაწესებულების ბრალდებულთა და მსჯავრდებულთა სხეულის დაზიანების აღრიცხვის ჟურნალში რეგისტრაციის ნომრით გატარებულია პატიმარ ბ. ს-ს სხეულის დაზიანებები - "ზურგისა და მარჯვენა წინამხრის მიდამოში აღენიშნებოდა ნაკაწრები" ჟურნალში არ იყო მითითებული დაზიანების მიღების წარმომავლობა.
სასჯელაღსრულების დაწესებულებაში წარმოებული პირადი საქმიდან და სამედიცინო ბარათიდან ამოღებული სამედიცინო ცნობის მიხედვით, ბ.ს-ს აღენიშნებოდა "ტრავმული დაზიანება, მარჯვენა წინამხარზე ნაკაწრები, აგრეთვე ზურგის არეში ნაკაწრები. როგორც აღნიშნავს პატიმარი დაზიანება მიიღო დაკავებამდე".
ბ.ს-ს ახსნა-განმარტება, ასევე, სხვადასხვა ჩანაწერები მისი გარეგნული დათვალიერების შესახებ, მიუთითებს, რომ სავარაუდოდ, ბრალდებულზე, დაკავების შემდგომ, განხორციელდა ფიზიკური ზეწოლა", - ნათქვამია სახალხო დამცველის აპარატის განცხადებაში.