ე.წ. კვალიფიციურ პარტიებს საარჩევნო კომისიებში წარმომადგენლის ყოლისთვის დაფინანსება ეზრდებათ. მოქმედი საარჩევნო კანონმდებლობით , დაფინანსების მქონე პოლიტიკური პარტია, ასევე საარჩევნო ბლოკი, რომელშიც ასეთი პარტიაა გაერთიანებული, არჩევნების დღეს საოლქო და საუბნო საარჩევნო კომისიებში წარმომადგენლობის უზრუნველყოფის მიზნით, დაფინანსებას იღებს ყოველ საარჩევნო უბანზე 60 ლარის ოდენობით, ხოლო ყოველ საარჩევნო ოლქზე − 120 ლარის ოდენობით. პარლამენტში ინიცირებულია პროექტი, რომლის თანახმად, კვალიფიციური პოლიტიკური გაერთიანებები თითოეულ უბანზე წარმომადგენლის ყოლისთვის 100-ლარს, ხოლო ყოველ საარჩევნო ოლქზე - 150 ლარს მიიღებენ.
კანონპროექტი ინიცირებულია ზაქარია ქუცნაშვილის მიერ, ხოლო მის ავტორად დასახელებულია ინტერფრაციული ჯგუფი და ცესკო. კანონპროექტს თან ერთვის მემორანდუმი, 12 პოლიტიკური გაერთიანების ხელმოწერით.
ამასთან, პარლამენტში ცალკე პროექტის სახით დარეგისტრირდა საარჩევნო კანონდებლობაში შესატანი ცვლილებები, რომელიც საარჩევნოდ ადმინისტრაციული რესურსის შეზღუდვას და ასევე უწყებათაშორისი კომისიის იუსტიციის სამინისტროს დაქვემდებარებში გადასვლას ითვალისწინებს.