"ნაციონალური მოძრაობა" საკრებულოს დღევანდელი რიგგარეშე სხდომის შედეგს არ ცნობს და მიღებულ გადაწყვეტილებებს უახლოეს მომავალში საქალაქო სასამართლოში გაასაჩივრებს.
ამის შესახებ საკრებულოს თავმჯდომარის ყოფილმა მოადგილემ მამუკა ახვლედიანმა დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
მისი თქმით, საკრებულოში ე.წ. რიგგარეშე სხდომა შედგა, რომელიც 25 დეპუტატის ინიციატივით იყო მოწვეული.
"ჩვენ ვაფიქსირებთ პარტიის პოზიციას, სხდომა იყო სრულიად არალეგიტიმური, იმდენად რამდენადაც, ძალიან ბევრი იურიდიული ლაფსუსი და შეცდომები იყო ამ სხდომის მოწვევასთან დაკავშირებით. ამ დეპუტატებს არ ჰქონდათ არანაირი კანონიერი უფლება, რომ სხდომა მოწვეულიყო, მაგრამ ძალისმიერი მეთოდი იქნა გამოყენებული. ჩვენი ფრაქცია ამ სხდომის შედეგებს არ ცნობს. ეს გადაწყვეტილებები უახლოეს მომავალში, გასაჩივრებული იქნება თბილისის საქალაქო სასამართლოში," – განაცხადა ახვლედიანმა.
მისივე თქმით, საკრებულოში 25-წევრიანი ერთობა ძალისმიერი მეთოდებით შეიქმნა.
"მოგეხსენებათ რა პრინციპით და რა მეთოდით შეიქმნა ეს 25-კაციანი ერთობა, ეს შეიქმნა ძალისმიერი მეთოდების გამოყენებით, შანტაჟით, დაპატიმრებებით, ბორკილების დადებით, დაკითხვებით და ასე შემდეგ. ამის ფონზე იქმნება უმრავლესობა. მათ მიერ მიღებული გადაწყვეტილება ჩვენს მიერ გასაჩივრდება", – აცხადებს ახვლედიანი.
მისივე თქმით, "ნაციონალური მოძრაობა" ახალ უმრავლესობასთან კონსულტაციების გაგრძელებას აპირებს. თუმცა ახვლედიანი აცხადებს, რომ საკრებულოს თავმჯდომარის თანამდებობაზე ფრაქცია "ნაციონალური მოძრაობა" ირაკლი შიხიაშვილის კანდიდატურას მხარს არ დაუჭერს.
"მიუხედავდა იმისა, რომ ჩვენი კოლეგები ცდილობენ ხელი გადაგვიწიონ, ჩვენ კიდევ ერთხელ ვაფიქსირებთ, რომ მზად ვართ ნებისმიერ თემაზე, ეს იქნება საკადრო, თუ არასაკადრო, თბილისში მიღებული გადაწყვეტილებები, რომელიც ქალაქისათვის სასიცოცხლოა, გავაგრძელოთ კონსულტაციები. თბილისის საკრებულოს თავმჯდომარის პოსტზე ირაკლი შიხიაშვილის კანდიდატურას ჩვენი ფრაქცია კატეგორიულად მხარს არ დაუჭერს. დანარჩენ თემებზე შეგვიძლია ვიმსჯელოთ", - აღნიშნა ახვლედიანი.
მისივე ინფორმაციით, "ქართულ ოცნებაში" გაუგებრობაა და შიხიაშვილის კანდიდატურას კოალიციის მხოლოდ ნაწილი უჭერს მხარს.
"შიხიაშვილის კანდიდატურას ძირითადად მხარს უჭერენ ძალოვანი სტრუქტურები. ლაპარაკია იმაზე, რომ პოლიციის დეპოლიტიზება ხდება, დღევანდელი მაგალითი კი გვაძლევს იმის თქმის ნათელ საშუალებას, რომ ეს ტყუილია. "ოცნებას" სწრაფად და დაჩქარებული მეთოდებით უნდა ამ გადაწყვეტილების მიღება. პრემიერ-მინისტრი არ არის ამ თემაზე საქმის კურსში. სამწუხაროდ, ცდილობენ პოსტფაქტუმ მიღებული გადაწყვეტილება გააცნონ მას", – აცხადებს ახვლედიანი.