იშხანში სარესტავრაციო სამუშაოები გრძელდება, ოშკში კი ვითარება ამ ეტაპზე უცვლელია, - ამის შესახებ "ინტერპრესნიუსს" საქართველოს კულტურის სამინისტროს წარმომადგენელმა ბესიკ მაცაბერიძემ განუცხადა.
მაცაბერიძე, რომელიც თურქეთში სამუშაო ვიზიტით მყოფი ქართული დელეგაციის წევრია, განმარტავს, რომ იშხანში ამჟამად დასავლეთ მკლავის კამარის გადაყვანა მიმდინარეობს.
"წყლის პრობლემაც უკვე მოგვარებულია. გაკეთებულია სადრენაჟე სისტემები და წყალი ეკლესიაში ვეღარ შევა. რამდენიმე კედლის საფასადე წყობაც უკვე შევსებულია. მცირე ეკლესიაში კი ჩამოშლილი საპირე ქვები მთელ პერიმეტრზე – შიგნიდანაც და გარედანაც შევსებულია. ეს შევსება ჩვენმა სპეციალისტებმა ნახეს და თურქ კოლეგებს თავიანთი შეხედულებები და რეკომენდაციები გაუზიარეს", - განაცხადა მაცაბერიძემ და აღნიშნა, რომ თურქული მხარე ქართველ სპეციალისტთა მოსაზრებებს დაეთანხმა.
რაც შეეხება ოშკს, მაცაბერიძის ინფორმაციით, ამ ეტაპზე იქ არანაირი სამუშაოები არ მიმდინარეობს, რადგან პროექტი ჯერ შედგენილი არ არის.
"ამჟამად კეთდება პროექტირება და როდესაც პროექტი დასრულებულ სახეს მიიღებს, იმედია, ჩვენც ვნახავთ", - აღნიშნა მაცაბერიძემ.
მისივე განმარტებით, სარესტავრაციო სამუშაოებზე ქართველი სპეციალისტების დაშვების კუთხით ამ ეტაპზე პროგრესი მიღწეული არ არის, თუმცა იშხანში არსებულ ვითარებას არ შეიძლება, საგანგაშო ეწოდოს.