საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ბიძინა ივანიშვილმა და პოლონეთის პრემიერ-მინისტრმა, დონალდ ტუსკმა, შეხვედრის დასრულების შემდეგ ერთობლივი განცხადება გააკეთეს და შეხვედრის დეტალებზე ისაუბრეს. ორი პრემიერის განცხადების ტექსტი საქართველოს პრემიერის პრესსამსახურმა გაავრცელა.
ბიძინა ივანიშვილმა მადლობა გადაუხადა დონალდ ტუსკს იმ მხარდაჭერისთვის, რომელსაც პოლონეთი საქართველოს ევროინტეგრაციის მიმართ იჩენს, ასევე ოკუპირებული რეგიონების არაღიარების პოლიტიკისა და ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიაში მონაწილეობისთვის.
საქართველოს პრემიერის განცხადებით, შეხვედრაზე საუბარი შეეხო მრავალმხრივი თანამშრომლობის საკითხებს, მათ შორის ეკონომიკურ, კულტურულ-ჰუმანიტარულ ურთიერთობებს, სოფლის მეურნებისა და ადგილობრივი თვითმმართველობის სფეროში პოლონური გამოცდილების გაზიარების მნიშვნელობას.
"მოხარული ვარ, რომ გავიცანი ჩემი პოლონელი კოლეგა და მოგვეცა საშუალება გვესაუბრა მრავალ საკითხზე. მე იგი მოვიპატიჟე საქართველოში და იმედი მაქვს, რომ ახლო პერიოდში შეძლებს ვიზიტის განხორციელებას. ჩვენი შეხვედრა გვაძლევს საფუძველს, რათა მომავალში გავაღრმაოთ ურთიერთობები და მოხარული ვიქნები, თუ მომავალშიც გვექნება პოლონეთისგან ასეთი დიდი მხარდაჭერა", - განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.
პოლონეთის პრემიერმა მზადყოფნა გამოთქვა, მიიღოს საქართველოს პრემიერ-მინისტრის მიწვევა საქართველოში ვიზიტთან დაკავშირებით.