იტალიაში საქართველოს საკონსულომ, ფლორენციაში ქართველი მამაკაცის მკვლელობასთან დაკავშირებით გავრცელებულ ინფორმაციაზე შეტყობინება ფლორენციის პროკურატურას გაუგზავნა.
ამის შესახებ "ინტერპრესნიუსს" იტალიაში საქართველოს კონსულმა, სოფო ქარცივაძემ განუცხადა. მისივე თქმით, ამ ეტაპზე, საკონსულოსთვის ცნობილია მხოლოდ ის ინფორმაცია, რაც იტალიურ პრესაში გავრცელდა.
"ფლორენციის პროკურატურას მიმართვა გავუგზავნეთ და მათგან მკვლელობის ფაქტის დადასტურებას ველოდებით", - განაცხადა სოფო ქარცივაძემ.
როგორც კონსული აღნიშნავს, იტალიურ პრესაში გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, მოკლულია 33 წლის ქართველი მამაკაცი, ნ.ლ. ხოლო დაჭრილია მისი ბიძა, ა.კ. ასევე ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, მკვლელობა ფლორენციის ცენტრში, იმ სახლში მოხდა, სადაც ისინი ცხოვრობდნენ.
როგორც სოფო ქარცივაძემ აღნიშნა, ფლორენციის პროკურატურის ოფიციალური დადასტურების შემდეგ გახდება მოკლულის და დაჭრილის ვინაობა ცნობილი.