"იურისტთა საერთაშორისო სახლი " სახალხო დამცველის უჩა ნანუაშვილის გადადგომას მოითხოვს. როგორც "იურისტთა საერთაშორისო სახლის" დირექტორმა ზვიად ფოფხაძემ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, მისმა ორგანიზაციამ 11 ივლისს კონკრეტულ საქმეზე რეაგირების მიზნით, სახალხო დამცველს მიმართა, რასაც უჩა ნანუაშვილი დღემდე არ გამოხმაურებია.
ზვიად ფოფხაძის ინფორმაციით, საქართველოს მოქალაქე გელა გოგოლაურს, რომელიც ტვირთის გადაზიდვაზე მუშაობს, დაუკავშირდა ყირგიზეთის მოქალაქე ბურხანოვ ბულიტბეკ სამასუროვიჩი და შესთავაზა 4 000 აშშ დოლარის სანაცვლოდ ყირგიზეთიდან ყაზახეთში, კერძოდ ქალაქ აქტაუში ტვირთის - გარგარისა და ბალის გადატანა. ფოფხაძის განცხადებით, შეთანხმების შემდეგ, ბურხანოვ ბულიტბეკ სამასუროვიჩმა გელა გოგოლაურს 1 500 დოლარი გადაუხადა და დარჩენილი 2 500 დოლარის გადახდას ყაზახეთში ტვირთის ჩატანის შემდეგ დაჰპირდა.
"გელა გოგოლაურმა ყირგიზეთიდან ყაზახეთამდე ტვირთის ჩამოტანას მოანდომა 10 დღე, რის შემდეგაც აღმოჩნდა, რომ ტვირთი - გარგარი და ბალი დაზიანებული იყო. სამასუროვიჩმა დარჩენილი თანხის გადახდაზე უარი განაცხადა და გელა გოგოლაურსა და მის თანმხლებ პირს ნონა კუბლაშვილს საქართველოს მოქალაქის პასპორტი წაართვა, ასევე წაართვა ავტომანქანის გასაღები, ავტომანქანის საბუთები და ავტომანქანა. შემდეგ კი მიაყენეს ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა. ასევე მუქარით და იძულებით გელა გოგლაურს დააწერინეს ხელწერილი, რომ თითქოს ამ უკანასკნელს ყირგიზეთის მოქალაქე ბურხანოვ ბულიტბეკ სამასუროვიჩის ვალი ქონდა 40 000 დოლარი", - განაცხადა ზვიად ფოფხაძემ.
მისივე ინფორმაციით, ამის შემდეგ გელა გოგოლაური და ნონა კუბლაშვილი 7 დღის განმავლობაში ჰყავდათ უკანონო ტყვეობაში. მისივე თქმით, სამასუროვიჩმა გოგოლაურს საქართველოს მოქალაქის პასპორტი დაუბრუნა და უთხრა, რომ საქართველოში წასულიყო და მისთვის 40 000 დოლარი ჩაეტანა., მხოლოდ ამის შემდეგ ტყვეობიდან გაათავისუფლებდნენ ნონა კუბლაშვილს და კუთვნილ ავტომანქანასაც დააბრუნებდნენ.
ყოველივე ამასთან დაკავშირებით, ფოფხაძის განცხადებით, "იურისტთა საერთაშორისო სახლმა" ოფიციალური წერილით დახმარების თხოვნით მიმართა საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს და სახალხო დამცველს. ორგანიზაცია აცხადებს, რომ საქართველოს საგარეო უწყება დაეხმარათ, თუმცა უჩა ნანუაშვილი აღნიშნულ საკითხს დღემდე არ გამოხმაურებია.
"იურისტთა საერთაშორიო სახლი" მიიჩნევს, რომ სახალხო დამცველი ვერ ასრულებს დაკისრებულ მოვალეობას და იგი უნდა გადადგეს. ორგანიზაცია უჩა ნანუაშვილის გადადგომის მოთხოვნით, აქციების დაწყებასაც გეგმავს.
რაც შეეხება საქართველოს მოქალაქეებს, ზვიად ფოფხაძის განცხადებით, ორივე მათაგნი ამჟამად ტყვეობიდან გათავისუფლებულია, თუმცა საზღვრის გადმოკვეთის უფლება არ ეძლევა გოგოლაურის კუთვნილ სატვირთო ავტომანქანას.
"იურისტთა საერთაშორისო სახლი" აღნიშნული პრობლემის შესახებ პრეზიდენტისა და პრემიერ-მინისტრის ინფორმირებას აპირებს.