გურული ჩინოსნები თავიანთთვის დანაწილებულ ბახმაროს არაბებისთვის ათავისუფლებენ

გურული ჩინოსნები თავიანთთვის დანაწილებულ ბახმაროს არაბებისთვის ათავისუფლებენ

გურიაში არ სჯერათ, რომ გარემოს დაცვის პოლიციამ უკანონოდ დარეგისტრირებულ მიწებზე წამოჭიმული ფეშენებელური სახლები ერთ მშვენიერ დღეს აღმოაჩინა. ეს მშენებლობები, ხომ მათ თვალწინ მიმდინარეობდა? ბახმაროში უკანონოდ მისაკუთრებული მიწების საკითხის გადაჭრას მოსახლეობა კურორტით ინვესტორების დაინტერესებას უკავშირებს.

კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტმა 7 სექტემბერს საჯარო რეესტრის ჩოხატაურის ფილიალის თანამშრომელი გელა დოლიძე დააკავა. დოლიძეს ქრთამის აღების ბრალდებით ორთვიანი წინასწარი პატიმრობა შეუფარდეს. ქრთამის აღება ვიდეოფირზეც გადაუღიათ, თუმცა კადრები ტელევიზიებით არ უჩვენებიათ.

დოლიძის ჩვენების საფუძველზე დაკითხეს ჩოხატაურის ყოფილი არქიტექტორი და „ნაციონალური მოძრაობის“ დაბის მაჟორიტარი დეპუტატის, მანანა ჯინჭარაძის მეუღლე ზურაბ ბერძენიშვილიც. ჩვენი ინფორმაციით, ბერძენიშვილმა გამოძიებასთან ითანამშრომლა და მასთან საპროცესო გარიგება გაფორმდა. ბერძენიშვილმა დაგვიდასტურა, რომ ორი დღის მანძილზე პროკურატურაში დაკითხვაზე იმყოფებოდა.

მიწის ლეგალიზება

2008-2009 წლებში ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ლეგალიზაციის კომისიას შოთა სირაძე ხელმძღვანელობდა. სწორედ მას ჰქონდა უფლება რომ მიწის მესაკუთრის ცნობა გაეცა, თუმცა კომისიის რეგლამენტის და კანონის მიხედვით, მოქალაქის განცხადება ჯერ, კომისიას უნდა განეხილა და მხოლოდ ამის შემდეგ უნდა გაცემულიყო საკუთრების დამადასტურებელი მოწმობა.

ჩვენ გამოვარკვიეთ, რომ სირაძემ 388 მსგავსი დოკუმენტი გასცა. კომისიის წევრები, რომლებიც სირაძის ახლობლებით და ნათესავით იყო დაკომპლექტებული, დღესაც საჯარო სამსახურის თანამშრომლები არიან. სირაძის მეუღლის მამიდაშვილი და მისი კომისიის წევრი დიმიტრი კორიფაძე დღეს ჩოხატაურის გამგებლის მოადგილეა. კორიფაძე ამბობს, რომ მისთვის სირაძის საქმიანობა უცნობი გახლდათ. ამავეს ამბობენ კომიისიის სხვა წევრები. შოთა სირაძე ამჟამად ძებნილია.

მიწების უმეტესობა ტყის ზოლში აჭარისა და ვაკიჯვრის ქუჩაზეა გაცემული. როგორც დავადგინეთ კოტეჯების ასაშენებლად ათეულობით ნაძვი უნებრათვოდ მოიჭრა, მიწა კი ექსკავატორით გადასწორდა. ამ ბრაკონიერულ სამუშაოებს კი ბახმაროს პოლიციის აწ უკვე ყოფილი უფროსი, შოთა მჟავანაძე ხელმძღვანელობდა. მჟავანაძე მეუღლესთან ერთად უკვე დაკითხეს. არიან მოწმეები, რომლებიც ნაძვების ჭრის დროს მჟავანაძის მიერ გაწეულ ზედამხედველობას ადასტურებენ.

მოწმეები ასევე ხელს ადებენ შოთა სირაძეს, რომ მან მიწის საკუთრების უფლების გაცემისთვის ქრთამი აიღო. ასეთი მოწმეების რაოდენობა ას კაცზე მეტია, თუმცა გამოძიებას მხოლოდ რამდენიმე მათგანი ჰყავს დაკითხული.

საქმე ისაა, რომ პრეზიდენტის ბრძანებულების თანახმად, მოქალაქეებს იმ ნაკვეთების დაკანონება შეეძლოთ, რომლებიც 2007 წლამდე ჰქონდათ ფაქტობრივ სარგებლობაში. თუმცა, ამ ნაკვეთების დაკანონება შესაბამისი საბუთების და მოწმეების წარმოდგენით გახლდათ შესაძლებელი. „ნაციონალი“ სირაძე კი მსურველს ყოველგვარი საბუთის და მოწმის გარეშე, კომისიის გვერდის ავლით აძლევდა მესაკუთრის ცნობას, რისთვისაც ფულს უხდიდნენ.

–„შოთა სირაძემ მიწის ნაკვეთის დარეგისტრირებისთვის 2000 ლარი მომთხოვა, რადგან არანაირი საბუთი არ მქონდა, რომ ნამდვილად ვფლობდი მიწას. მითხრა, არქიტექტორის დახმარებით გამეკეთებინა პროექტი, ნახაზზე რომ გამოჩენილიყო, რომ იქ თითქოს პატარა სახლი მედგა,“ – გვითხრა ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის ერთ-ერთმა ჩინოსანმა.

ჩვენ შევძელით იმ სიის მოპოვება, რომელსაც კუდ-ი ამჟამად სწავლობს. საქმე ეხება 2008-2009 წლებში გაცემულ მიწის ნაკვეთებს. ამ სიაში ბევრი ნაცნობი გვარია:

გურიის სამხარეო პოლიციის მთავარი სამმართველოს უფროსს, შოთა ჭანუყვაძეს 4 ნაკვეთი დაუკანონებია. სამხარეო პოლიციის თანაშმრომელმა ლაშა ბაკურაძემ მიწა თავადაც და მამამისის სახელზეც დააკანონა. ნაკვეთები დაირეგისტრირეს: ლანჩხუთის პოლიციის უფროსმა ტარიელ ცერცვაძემ, სამხარეო პოლიციის პრესამსახურის უფროსმა – მაია გიორგაძემ, ჩოხატაურის პოლიციის უფროსმა გულთმისან (ავთო) ვასაძემ, კონტრდაზვერვის თანმშრომელმა ელგუჯა ცინცაძემ, გურიის საპატრულო სამსახურის ხელმძღვანელმა ბესო ტაბიძემ, დეტექტივებმა მიხეილ ფოცხვერაშვილმა, თამაზ ბროკიშვილმა, შოთა მჟავანაძემ, სამხარეო პოლიციის უფროსის მოადგილემ ეროდი გორდელაძემ, სამეურნეო ნაწილის გამგემ, გია მამაკაიშვილმა მიწა შვილის, თეონა მამაკაიშვილის სახელზე გააფორმა.

მიწებს ასევე ფლობენ: ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის გამგეობის კანცელარიის სპეციალისტი, ლუდა მეგრელიშვილი, ოზურგეთის საკრებულოს მაჟორიტარი დეპუტატი თემურ ჯახვა, ნოტარიუსი მზია ებრალიძე, გოჩა ჩიტაიშვილი და სერგო ქვილორია. სიძე და სიმამრი საკმაოდ მოზრდილ ნაკვეთებს ფლობენ – სერგო ქვილორია ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგებლის მოადგილის, ლავრენტი ქვილორიას მამაა. რაც შეედება გოჩა ჩიტაიშვილს იგი სოფელ შემოქმედში, გურიის გუბერნატორის მეზობელია.

მიწა დაუკანონებია ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრს, დაბლაციხის მაჟორიტარ დეპუტატს ვანო ჯაყელს; ხელისუფლებასთან მეტად დაახლოებულ პირს, თავდაცვის სამინისტროს ყოფილ პრესამსახურის ხელმძღვანელს – ნანა ინწკირველს, ჩოხატაურის პროკურორის, დავით შვანგირაძის სიმამრს – ჟორა თავაძეს, ჩოხატაურის საკრებულოს გორებერეჟოულის მაჟორიტარ დეპუტატს გურამ ტყეშელიაძეს, ჩოხატაურის ზედამხედველობის სამსახურის სპეციალისტს კახი მეფარიშვილს, ჩოხატაურის გამგეობის სოციალური სამსახურის უფროსს რომან მამალაძეს, ჩოხატაურის გამგეობის შესყიდვების სამსახურის უფროს ვლადიმერ გოგიბერიძეს, სოფლის მეურნეობის სამინიტროს თანამშრომელს მანანა ძნელაძეს, დაბა ჩოხატაურის გამგებელს, დაბის მაჟორიტარი დეპუტატის ძმას, გოჩა ჯინჭარაძეს.

ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგებელს, გია ტაკიძეს კი მიწა სიდედრის, ზინა სეფერთელაძის სახელზე აქვს დარეგისტრირებული. ეს სიის მხოლოდ მცირედი ნაწილია. როგორც გავარკვიეთ დანარჩენებიც ჩინოვნიკთა ახლობლებ–მეგობრები არიან. ადგილობრივ ხელისუფლებაში გვითხრეს, რომ ყველა ამ პიროვნებას როგორც მიწის, ასევე ზედ დადგმული სახლის სახელწმიფოსთვის ჩაბარება მოუწევთ.

გურიაში ბახმაროს სკანდალს კურორტით არაბი ინვესტორების დაინტერესებას უკავშირებენ. იქ სადაც ინვესტორები ჩნდებიან, ხელისუფლება პირველ რიგში მიწების მესაკუთრეების კანონიერებას იძიებს და უკანონოდ შეძენილ მიწებს მესაკუთრეებს ართმევს. ასე მოხდა სიღნაღსა და ანაკლიაში.

რამდენიმე თვის წინ ბახმაროს განაშენიანების ახალი გენერალურ გეგმა შეიმუშავეს. პროექტის ავტორი მერაბ ჩხენკელია, რომელმაც გვითხრა, რომ გეგმის თანახმად ბახმაროში, მხოლოდ ფეშენებლური სახლები აშენდება, ხოლო ძველი კოტეჯები დაინგრევა(?!). ჩხენკელის ინფორმაციით მიწები, თუკი კანონიერად არის შეძენილი მფლობელებს დარჩებათ, სახელმწიფო მათ კომუნიკაციის ყველა პრობლემას მოუგვარებს, თუმცა ისინი ვალდებულები იქნებიან ფეშენებლური ვილები ააგონ. არქიტექტორი აღნიშნავს, რომ შესაძლოა, სასტუმრო კომპლექსებს დასჭირდეთ დასახლებული პუნქტების ათვისება, თუმცა მათ ალტერნატიულ ნაკვეთს აუცილებლად შესთავაზებენ.

ტურიზმის დეპარტამენტის ახალდანიშნული შეფი, მაია სიდამონიძე „გურია ნიუსთან“ საუბრისას ამბობს, რომ ბახმაროში ჯერ არ ყოფილა და ვიზიტს ოქტომბრის ბოლოსთვის გეგმავს (როგორც სჩანს, ტურიზმის დეპარტამენტის შეფისთვის არავის უთქვამს, რომ ამ დროს, ბახმაროში დიდი თოვლი იცის და არათუ ნახაზების შედგენას, კურორტის დათვლიერებასაც კი ვერ შეძლებს).

388 კაციანი სიიდან, 13 ადამიანმა სახელმწიფოს უკვე გადასცა მიწები მასზე დამაგრებული ქონებით. ერთ-ერთი მათ შორის შოთა ჭანუყვაძეა, რომელსაც თანამდებობის დატოვებაც და საკმაოდ ძვირადღირებული ქონების დათმობაც მოუწია.

როგორც შევიტყვეთ, ბახმაროს განვითარების გეგმის მეორე ნაწილი 1998-2004 წლებში, აუქციონის კომისიის მიერ გაცემული ნაკვეთების კანონიერების შესწავლა და შესაძლო დარღვევების აღმოჩენა იქნება, რაც სავარაუდოდ სახელმწიფოსთვის ქონების მჩუქებელთა რიცხვს გაზრდის.