როცა საბიუჯეტო შემოსავლები მცირდება და სოციალური ვალდებულებების შესრულება კითხვის ნიშნის ქვეშ დგება (რაც ხელისუფლების რეპუტაციას საფრთხეს უქმნის), ფინანსური უწყებები მრავალგზის ნაცად ხერხს მიმართავენ და კერძო სექტორის შემოვლას იწყებენ. შეამოწმებენ, დაარიცხავენ და თუ ვინმეს ურჩობა შენიშნეს, დალუქავენ კიდეც.
როგორც ჩანს, "წმიდათაწმინდა ბიუჯეტის" შევსების მიზანი ყველა საშუალებას ამართლებს. ბიზნესი, შეიძლება ითქვას, მეწველ ძროხას დაამსგავსეს, რომლისგანაც ჯიუტად მოითხოვენ მეტ რძეს, ვიდრე მოცემა შეუძლია. უცნაურია, მაგრამ თითქოს არავინ უფიქრდება მარტივ ჭეშმარიტებას - თუ საქონელს რძის ასართმევად ჯიქანს ავაგლეჯთ, შემდეგ ის ვეღარ მოიწველება. ხოლო თუ ყველა "მარჩენალს" ასე მოვეპყრობით, რძე საერთოდ აღარ გვექნება.
ბიზნესების დაჯარიმება-დალუქვას მასობრივი ხასიათი წლეულს გაზაფხულზეც ჰქონდა. არაოფიციალური ინფორმაციით, მხოლოდ თბილისში შემოსავლების სამსახურმა ერთდროულად ათასამდე საწარმო და სავაჭრო ობიექტი დალუქა, რასაც ქვეყნის პირველი პირიც გამოეხმაურა, აღშფოთდა და ობიექტის დალუქვის უფლება ერთპიროვნულად ფინანსთა მინისტრს მიანიჭა. შემდეგ, ფეხბურთში მსოფლიო ჩემპიონატის მსვლელობისას, შემოსავლების სამსახური ყველა ტოტალიზატორში ერთდროულად შევიდა. როგორც ამბობდნენ, რისკების შეფასების საფუძველზე. არ დაულუქავთ, მაგრამ ბევრი არაფერი დაუკლიათ: დაარიცხეს, დააჯარიმეს, გარიგდნენ და მისაღებიც მიიღეს.
დღეს, როგორც ჩანს, "სარისკო" ბიზნესი ტურისტული კომპანიებია. თითქმის ყველა მსხვილ ტუროპერატორს ახლა "სტუმრები" ჰყავს, რომლებიც მათ შემოსავლებს ითვლიან. სადაც სტუმრობა "მობეზრდათ", სოლიდური ჯარიმები დაუტოვეს. მაგალითად, ერთ-ერთ ცნობილ ტუროპერატორს, რომელსაც მისივე ფინანსური უსაფრთხოების გამო ვერ დავასახელებთ, ბიუჯეტის სასარგებლოდ 900 ათასი დაეკისრა. ტურისტულ კომპანიაში აპირებენ, ფინანსთა სამინისტროს დავების განხილვის საბჭოს მიმართონ და შემოსავლების სამსახურთან უფრო ოპტიმალურ თანხაზე გარიგების იმედი აქვთ... მსგავსი იმედები ბიზნესის დუმილის ერთ-ერთი მიზეზია.
გრძელდება მსხვილი და წვრილი სავაჭრო ობიექტების დაჯარიმება. სანქციები აქაც ზოგჯერ მილიონამდე აღწევს. შემოსავლების სამსახურის თანამშრომლები დარღვევების გამოსავლენად საკონტროლო შესყიდვებს არ სჯერდებიან და პირდაპირ სავაჭრო ობიექტის კართან ჩასაფრებული ელოდებიან ჩეკის გარეშე გამოსულ მომხმარებელს. მსგავსი რეიდები სილამაზის სალონებთანაც ხორციელდება.
ბიზნესის ნახევარზე მეტი საგადასახადო სამსახურების წნეხში მოექცა - ამაზე მოძრაობა "თავისუფალი დემოკრატებმაც" განაცხადეს. მათი თქმით, ქვეყანაში ეკონომიკურ პოლიტიკას განსაზღვრავს არა შესაბამისი უწყებები, არამედ პროკურატურა, ხოლო ბიზნესის მხარდაჭერის ნაცვლად, დაკანონებული სამთავრობო რეკეტი ძლიერდება. მეწარმეთა ნაწილი დროებით გაჩერებას ამჯობინებს, ნაწილი კი ბიზნესზე უარს ამბობს. ჩვეულებრივი მოვლენაა ბიზნესმენების სახელმწიფო უწყებებში დაბარება და "ნებაყოფლობით კერძო საკუთრების სახელმწიფოსთვის გადაცემა"; კერძო მეპატრონეთათვის მიწის ნაკვეთების ჩამორთმევა კომპენსაციის გარეშე და სხვ.
დავით ონოფრიშვილი (ყოფილი ფინანსთა მინისტრი, მოძრაობა "თავისუფალი დემოკრატების" ერთ-ერთი ლიდერი): "სახელმწიფო ფინანსური უწყებები არჩვენებამდე ან არჩვენების შემდგომ პერიოდში აქტიურდებიან. არჩევნებისას კი შემოწმების წნეხი ნაკლებია, ელექტორატი ზედმეტად რომ არ გააღიზიანონ. სამაგიეროდ, არჩევნებამდე სხვა სახის "თხოვნები" აქვთ - დაეხმარონ სახელისუფლებო პარტიას.
ის, ვინც "დახმარებას" ნებაყოფლობით არ გაიღებს, ახლო მომავალში "სტუმრებს" უნდა ელოდოს.
როგორც კი არჩევნები სრულდება, იწყება ბიზნესების შემოწმება, დაყადაღება, დარღვევების გამოვლენა, სოლიდური ჯარიმების დარიცხვა და სხვა. თუ ადრე ეს უფრო მსხვილი ბიზნესის პრობლემა იყო და ნაკლებად ეხებოდნენ წვრილ და საშუალო ბიზნესს, ახლა ბევრი მიზეზის, უპირველესად, შემოსავლების კლების გამო, იერიში მცირე საწარმოებსა და სავაჭრო ობიექტებზეც მიიტანეს.
თავისთავად ყველაზე არადემოკრატიული სწორედ ის არის, რომ ჯარიმებისა და დანარიცხების ხარჯზე, საურავებისა და საპროცესო გარიგებების საბიუჯეტო შემოსავალმა მნიშვნელოვან მაჩვენებელს მიაღწია. ამ შემთხვევაში ბიზნესი ძალიან მძიმე მდგომარეობაში ვარდება, რადგან ერთბაშად ხდება მათგან დიდი ფულის ამოღება. ხშირად ორი-სამი წლის წინანდელ დარღვევებზე არიცხავენ ჯარიმებსა და საურავებს. ზოგჯერ ეს თითიდან გამოწოვილი მიზეზით ხდება, ზოგჯერ კი შესაძლოა საბაბი რეალურია, მაგრამ ეს, როგორც წესი, საგადასახადო კოდექსის სხვადასხვაგვარი ინტერპრეტაციის გამო ხდება.
დარიცხული საურავი ხშირად სადავო თანხას მნიშვნელოვნად აჭარბებს. ეს ურთულეს მდგომარეობაში აყენებს ბიზნესს და დახურვის წინაპირობას უქმნის. გაზაფხულზე საწარმოების, სავაჭრო ობიექტების მასობრივი დალუქვით უამრავი მაღაზია და საწარმო გააკოტრეს. ბიზნესს რომ შემოსავალს შეუმცირებ და გააკოტრებ, ეს იმას ნიშნავს, რომ შენც, სახელმწიფოც კარგავ შემოსავალს. ანუ იმ საარსებო წყაროს აშრობენ, საიდანაც იკვებებიან და ნაყოფი უნდა მიიღონ.
როცა მეწარმეებთან შემოსავლების სამსახურის თანამშრომლები მიდიან, ატარებენ ინვენტარიზაციას, გამოწერენ საგადასახადო მოთხოვნას, ამის შემდეგ მეწარმე დგება არჩევანის წინაშე: საგადასახადო მოთხოვნა გაასაჩივროს სასამართლოში და ამისთვის სადავო თანხის 3% გადაიხადოს, ან ფინანსთა სამინისტროში, ან ბედს შეეგუოს. უმეტეს შემთხვევაში მეწარმეები ფინანსთა სამინისტროში განხილვას ირჩევენ. იქ 3%-ის გადახდა არ უწევთ, მაგრამ დიდ სირთულეებს აწყდებიან. საგადასახადო კოდექსის დავების განხილვის თავი საგანგებოდაა ისე შედგენილი, რომ ათიდან ერთი საქმე თუ გააღწევს ლაბირინთში.
ახალ საგადასახადო კოდექსში კვლავ რჩება ბუნდოვანი მუხლები, რაც ორმაგი ინტერპრეტაციის შესაძლებლობას იძლევა, დამატებითი საჯარო განხილვების გარეშე კიდევ უფრო გაიზარდა ჯარიმები. საგადასახადო შემოწმებას, ფაქტობრივად, ტერორის სახე აქვს.
კვირაში ორი-სამი ბიზნესმენი გარბის საქართველოდან ან მსხვილი ქართული თუ უცხოური კომპანია იხურება. რაც არ ხმაურდება, ის კიდევ სხვაა. უამრავ სავაჭრო ობიექტს აწერია, რომ დახურულია, იყიდება ან ქირავდება. ეს იმ მცდარი ეკონომიკური პოლიტიკის შედეგია, რაც ბოლო წლების განმავლობაში ხორციელდება. პარტია "თავისუფალი დემოკრატები " ყოველივე ამაზე, მათ შორის ეკონომიკურ კრიზისზე, პასუხისმგებლობას პრეზიდენტ სააკაშვილსა და მის გუნდს ვაკისრებთ.
ბიზნესმენები კი ჩუმად არიან. ეშინიათ, კიდევ უარეს დღეში არ ჩაცვივდნენ. ეს ბიზნესის ფსიქოლოგიაა. მაგრამ არ შეიძლება ამ თემის ასე მიჩუმათება, რამდენ ხანს უნდა გაგრძელდეს, სანამ ეს ქვეყანა საბოლოოდ არ დაიქცევა? კვლავ გრძელდება ქონების ჩამორთმევა თხოვნით, მოთხოვნით თუ დაბარებით. ხშირად ეს ხდება საგადასახადო სამსახურის ან პროკურატურის მეშვეობით. ვინც დაშინებით აწერს ხელს ქონების "ნებაყოფლობით" გადაცემას, ის უკვე სამწუხაროდ ხმას აღარ იღებს. ამიტომ მიგვაჩნია, რომ სამოქალაქო საზოგადოება აქტიურად უნდა ჩაერთოს არსებული პრობლემის დაძლევაში. გაიმართოს საჯარო დისკუსიები, განხილვები, რათა ერთად დავიცვათ ქართული ბიზნესი და მისი მომავალი".
გია ხუხაშვილი (ეკონომიკის ექსპერტი): "ეს ნომენკლატურული კაპიტალიზმისთვის დამახასიათებელი სისტემაა, როცა ხელისუფლება ყველასა და ყველაფრის დირექტორია. თუ ფული შემოაკლდებათ, მიაქვთ ბიზნესისგან. გადასახადის გადამხდელი ხელისუფლებას პარტნიორად კი არ მიაჩნია, არამედ ერთგვარ მეწველ ძროხად, რომელსაც ნებისმიერ შემთხვევაში უნდა აართვა რძე, მიუხედავად იმისა, რა გრძელვადიანი შედეგები შესაძლოა მოჰყვეს ამას. ეს ხდება მუდმივად.
ხელისუფლებას დღესაც საბიუჯეტო პრობლემები აქვს, თავისი "მასშტაბური" პროექტებისთვის ფული სჭირდება და საიდან უნდა მოიტანოს? ზემოდან ქვემოთ მოდის დირექტივა, ნებისმიერი ხერხებით ამოიღონ ფული კერძო სექტორიდან. დირექტივა მიდის საგადასახადო ინსპექტორამდე, რომელიც სამსახურის დაკარგვის შიშით მუშაობს კანონის ზღვარზე. ეს მანკიერი სისტემა საქართველოს ეკონომიკური განვითარებისთვის ძალიან დიდი რისკია".
ბიუჯეტი მნიშვნელოვანწილად დარიცხული საურავებისა და საპროცესო გარიგებების ხარჯზე ივსება. ბიზნესმენთაგან ზოგი ყიდის საქმეს და თავიდან იშორებს, რადგან მიაჩნია, რომ ახლა ამის კეთება საშარო საქმეა. არადა, რაც უფრო დაცოტავდება ბიზნესი, მით უფრო გაძნელდება ბიუჯეტის შევსება, შესაბამისად, მით უფრო მეტად ხისტად მოხდება თანხის მობილიზება, ეს კი ისევ ბიზნესს დააცოტავებს... ვიღებთ მოჯადოებულ წრეს, რომლის გარღვევის შანსს საკითხის ხმამაღლა დასმა და განხილვა შექმნიდა... მაგრამ, კიდევ უფრო უარეს ხათაბალაში გახვევის შიშით, ბიზნესმენები დუმილს ამჯობინებენ.