თბილისის მერიის მაღალჩინოსნების ადვოკატებმა სასამართლო პროცესზე დააყენეს შუამდგომლობა, რომლითაც რუსთავის საქალაქო სასამართლოს აცილება მოითხოვეს. მათი განმარტებით, რუსთავის სასამართლო არ არის უფლებამოსილი, თბილისის მერიის მაღალჩინოსანთა საქმე განიხილოს. ადვოკატებმა აღნიშნულის სამართლებრივ საფუძვლად სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 59-ე მუხლი დაასახელეს. მოსამართლემ დაცვის მხარის აღნიშნული შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა.
ამასთან, ადვოკატმა გიორგი კონდახიშვილმა ორი პროკურორის, გიგა ძნელაძისა და მერაბ ჯერენაშვილის აცილების საკითხი დააყენა. მისი განცხადებით, სწორედ ეს ორი პროკურორი ახორციელებდა საპროცესო ზედამხედველობას ფინანსთა სამინისტროს თანამშრომლებზე, თბილისის მერიის თანამშრომელთა დაკავების დროს და მათ ამ პროცესის კანონიერება ვერ უზრუნველყვეს.
თბილისის მერიის მაღალჩინოსნების სასამართლო პროცესი მიმდინარეობს. როგორც სასამართლოს დაწყებამდე ჟურნალისტებს ადვოკატმა გიორგი კონდახიშვილმა განუცხადა, აღნიშნული პირების დაკავება განხორციელდა კანონდარღვევით, ამიტომ დაცვის მხარე არ მოითხოვს გირაოს შეფარდებას, არამედ მათი პატიმრობიდან გათავისუფლების შუამდგომლობას დააყენებს.
სასამართლოს სხდომათა დარბაზში ოთხივე ბრალდებული იმყოფება. პროცესს საპარლამენტო უმცირესობის თითქმის სრული შემადგენლობა ესწრება, მათ შორის პარლამენტარები გიორგი ღვინიაშვილი, გივი თარგამაძე, დავით დარჩიაშვილი, ზურაბ მელიქიშვილი, ასევე, დედაქალაქის მერი გიგი უგულავა და ძველი თბილისის გამგებელი ნიკა მელია. ყველა მათგანი მზად არის, საჭიროების შემთხვევაში, დაკავებულებს თავდებში ჩაუდგეს.
დარბაზი დაკავებულთა მხარდამჭერებით არის სავსე.
ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა დიდი ოდენობით საბიუჯეტო თანხების მითვისება-გაფლანგვის ბრალდებით, ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფის წევრები, თბილისის მერის მოადგილე დავით ალავიძე, თბილისის განვითარების ფონდის თავმჯდომარე დავით ავალიანი, თბილისის მერიის შესყიდვების სამსახურის უფროსი ალექსი თაბუაშვილი, მთაწმინდა-კრწანისის გამგებლის მოადგილე დიმიტრი ჩხეიძე 28 ივნისს დააკავეს. ამასთან, თბილისის განვითარების ფონდის ყოფილი თავმჯდომარის, გიორგი საბანაძის მიმართ გამოტანილია დადგენილება, ბრალდებულად სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიცემის შესახებ.