პროკურატურამ სანდრო გირგვლიანის საქმეზე კუდი-ს ყოფილი თანამშრომელი დააკავა

პროკურატურამ სანდრო გირგვლიანის საქმეზე კუდი-ს ყოფილი თანამშრომელი დააკავა

თბილისის პროკურატურამ სანდრო გირგვლიანისა და ლევან ბუხაიძის გატაცებისა და ოქროყანის სასაფლაოზე ჩადენილი დანაშაულის კიდევ ერთი მონაწილე დააკავა. როგორც "ინტერპრესნიუსს" უწყებიდან აცნობეს, აყვანილია დანაშაულში მონაწილე მე-5 პირი დავით ქოქიაშვილი, რომელიც კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის ყოფილი თანამშრომელია. 

"აღნიშნული პირის მონაწილეობა ჩადენილ დანაშაულში უკანასკნელ პერიოდამდე დაფარული იყო საზოგადოებისათვის. დაკავებული დანაშაულის ჩადენის დროს შინაგან საქმეთა სამინისტროს კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის მე-2 სამმართველოს პირველი განყოფილების უფროსის მოადგილედ მუშაობდა. 2006 წლის 30 სექტემბრიდან იგი მთაწმინდა-კრწანისის შს სამმართველოს პირველი განყოფილების უფროსად დაინიშნა, შემდეგ შს სამინისტროს კახეთის სამხარეო მთავარი სამმართველოს უფროსად. ამ თანამდებაზე დავით ქოქიაშვილმა 2011 წლის სექტემბრამდე დაჰყო. 2011 წლის სექტემბრიდან "კუდ"-ის თბილისის მთავარი სამმართველოს უფროსის მოადგილედ დაინიშნა, ხოლო 2012 წლის 18 ოქტომბრამდე ისან-სამგორის შს სამმართველოს უფროსად, საიდანაც დაითხოვეს", - აცხადებენ მთავარ პროკურატურაში.