ბორის მაბიიარი, “Le Temps”
შვეიცარიამ მხარეებს საზღვარზე კერძო კონტროლი შესთავაზა. მიშლენ კალმი-რეი გვიყვება იმის შესახებ, თუ როგორ მუშაობდნენ შვეიცარელი დიპლომატები შუამავლების როლში
საქართველოსთან რთული მოლაპარაკებების შემდეგ რუსეთი ამ წლის დეკემბერში მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციის წევრი უნდა გახდეს. ამ მოლაპარაკებებში შვეიცარიამ შუამავლის როლი ითამაშა. შვეიცარელ დიპლომატებს დამსახურებულად შეუძლიათ იამაყონ წარმატებით, რადგან ყველაფერი პროცესის გარდაუვალ ჩაშლაზე მიუთითებდა. მათ ერთგვარი „პრივატიზებული“ საბაჟოს მსგავსი რამ მოიფიქრეს, რომელიც გამიჯნული იქნება ისეთი ცნებისგან, როგორიც საზღვარია. ეს მოლაპარაკებები იმ ინიციტავათა რიცხვში შედის, რომელიც შვეიცარიას აძლევს შესაძლებლობას, მნიშვნელოვანი როლი ითამაშოს საერთაშორისო ურთიერთობებში. მთავარი აქ – დუმილი და სიფრთხილეა. მიუხედავად ამისა, შვეიცარული დიპლომატიის ხელმძღვანელი მიშლენ კალმი-რეი დაგვთანხმდა მოეყოლა ჩვენთვის ამ გაუმჭვირვალე მოლაპარაკებების ზოგიერთი მომენტის შესახებ.
რაზეა ზოგადად საუბარი? საქართველოს და რუსეთს გაუჩნდებათ საბაჟოები, მაგრამ არა საკუთარ საზღვრებზე. აგვისტოს ომის შემდეგ, ეს ორი სახელმწიფო დაობს ორი რესპუბლიკის საზღვრის შესახებ: აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი საუბრობენ თავიანთ დამოუკიდებლობაზე და მათ სუვერენიტეტს მოსკოვი აღიარებს, მაშინ როდესაც საერთაშორისო თანამეგობრობა ამ რეგიონებს კვლავ საქართველოს ნაწილად მიიჩნევს. დიპლომატიური ურთიერთობები მოსკოვს და თბილისს შორის შეწყვეტილია და ერთმანეთთან კომუნიკაციისთვის, ორივე სახელმწიფომ შუამავლობისთვის შვეიცარიას მიმართა. დღეს ბერნი თბილისში რუსულ ინტერესებს, მოსკოვში კი ქართულ ინტერესებს წარმოადგენს.
ამ კონფლიქტის შედეგები კავკასიის მიღმაც იგრძნობა. რუსეთი მსო-ს კენ მიისწრაფვის, მაგრამ ორგანიზაციაში გაწევრიანებისთვის მას ყველა წევრი-სახელმწიფოს თანხმობა სჭირდება. მისთვის გზის ჩასაკეტად ერთი ხმაც კი საკმარისია და ასეთ ხმად საქართველო იქცა. მსო-ს წესებში გაწერილია, რომ ორივე ქვეყანას ერთმანეთთან ვაჭრობის შესაძლებლობა უნდა ჰქონდეს. მაგრამ სად შეიძლება განთავსდეს საბაჟო პუნქტი თუ არა საზღვარზე? სწორედ ეს საკითხია შებრკოლების ლოდი, რადგან ვერცერთი მხარე ვერ თანხმდება იმაზე თუ სად გაივლის ის, აფხაზეთის და სამხრეთ ოსეთის რომელ მხარეს.
როგორც მიშლენ კალმი-რეი განმარტავს, ამოცანა ძალიან მკაფიო იყო: „ჩვენ ისე უნდა შეგვექმნა მსო-ს ნორმების დაცვის გარანტიები რუსეთს და საქართველოს შორის საქონლის გადაადგილებაზე, რომ ეს არ შეხებოდა სამხრეთ ოსეთის და აფხაზეთის სტატუსს“. შვეიცარლებს კომპრომისული გადაწყვეტილების მოფიქრებისთვის მთელი თავისი ფანტაზიის ამუშავება დასჭირდათ: „ერთ-ერთ ჩემს დიპლომატს, რომელიც თბილისიდან დაბრუნდა მკაფიო საბაჟო პუნქტების ნაცვლად საბაჟო დერეფნების შექმნის შესანიშნავი იდეა გაუჩნდა. ეს ნოვატორული იდეა დაგვეხმარა იმაში, რომ პროცესი ერთი შეხედვით ჩიხური სიტუაციიდან გამოგვეყვანა“. ამგვარად, საუბარია ციფრული დაკვირვების ქვეშ არსებულ სამ დერეფანზე, რომელშიც შეიძლება გადაადგილდეს საქონელიც და ადამიანებიც.
ეს მიდგომა კიდევ უფრო ნოვატორულია იმდენად, რამდენადაც საბაჟოს მუშაობის ხელმძღვანელობას კერძო კომპანიას ჩააბარებენ. როგორც ჟენევის საერთაშორისო სამართლის პროფესორ მარსელო კოენს მიაჩნია, „აღნიშნული გადაწყვეტილება თავისთავად უნიკალურია და იძლევა ტერიტორიული საკითხის საბაჟო საკითხისგან გამიჯვნის შესაძლებლობას, რაც ძალიან პროფესიონალურია, და იმავდროულად არავის ღირსება არ ილახება“. ამ მიზნით სპეციალური ტენდერი გამოცხადდება, რომელშიც კომპანია SGS მონაწილეობას მიიღებს. სადაო საკითხების გაჩენის შემთხვევაში, შვეიცარიას შეუძლია კვლავ ითამაშოს შუამავლის როლი შეთანხმების მონაწილე ორი სახელმწიფოს თხოვნით.
როდესაც შევეიცარიის საგარეო საქმეთა სამინისტრო შუამავლობას დათანხმდა, მას შესანიშნავად ესმოდა ის, რომ საერთაშორისო საზოგადოება ამ დავის უსწრაფეს გადაწყვეტაში იყო დაინტერესებული: „ამოცანა იყო ცხადი: რუსეთისთვის უნდა მიგვეცა საშუალება მსო-ში 2011 წლის დეკემბერში გაწევრიანებულიყო“. ასეთ პირობებში შეთანხმების მიღწევის ბოლო ვადა 10 ნოემბერი გახდა.
ევროპელებს და ამერიკელებს საქართველოზე ზეწოლის ინსტრუმენტები აქვთ, რადგან ისინი მას ფინანსურად ეხმარებიან. მაგრამ შეთანხმების გაფორმებისთვის ეს საკმარისი არ არის. შვეიცარული დიპლომატიის ხელმძღვანელი მის წინაშე არსებული ამოცანის სირთულეს სრულად აცნობიერებდა: „მე ჩამოვაყალიბე გუნდი, რომელშიც მსო-ში შვეიცარიის წარმომადგენელი დიპლომატები შედიოდნენ, ასევე ექსპერტები, შვეიცარიის საბაჟოს და ამ სფეროში სპეციალიზირებული კერძო კომპანიის წარმომადგენლები“. ჩვენი ინფორმაციით ასეთი კომპანია SGS -ია.
წინა საშუამავლო სამუშო გამოცდილებიდან შვეიცარელმა დიპლომატებმა წარმატების შემდეგი რეცეპტი შეადგინეს: „შედეგის მისაღწევად ჩვენ შევეცადეთ მხარეები რაციონალურ განსჯამდე მიგვეყვანა, ჩვენ შევეცადეთ საკითხის სირთულე შეგვემცირებინა, დავყავით რა პრობლემა რამდენიმე ნაწილად და ვმოქმედებდით მაქსიმალურად მეთოდურად“, – ამბობს მიშლენ კალმი-რეი.
თუმცა მოლაპარაკებები დაბრკოლდა: „ასეთი ტიპის მოლაპარაკებებში ყოველთვის არის როგორც არმასვლის, ასევე დაღმასვლის ფაზები, ამიტომ უკიდურესად მომთმენი უნდა იყო. ზოგჯერ კვირაობით გიწევს ერთ სიტყვაზე, ერთ მძიმეზე დავა“. წარმატებული შედეგის მისაღწევად, მიშლენ კალმი-რეიმ პირადად მიიღო მასში მონაწილეობა: „ასეთი მოლაპარაკებების დროს ადგილი აქვს ხოლმე ძალიან მგრძნობიარე მომენტებს. ატმოსფერო დაძაბულია. ადამიანები გამოსავლის ძიებაში თავს არ ზოგავენ. ამ დროს მყარდება კავშირები, ჩნდება სიახლოვე“.
„ჩვენი ბოლო ვიზიტის დროს რუსეთსა და საქართველოში 31 ოქტომბერს, ჩვენ ორივე ქვეყნის პრეზიდენტს უნდა შევხვედროდით. ძალიან ვნერვიულობდით, რადგან ზოგიერთ პუნქტთან დაკავშირებით გადაწყვეტილება ჯერ მიღწეული არ იყო. თვითმფრინავში ჩვენი ჰოროსკოპები შევამოწმეთ. ჩემი ჰოროსკოპი ძალიან კარგი აღმოჩნდა. მასში ნათქვამი იყო: „კარგი დღეა საუბრებისთვის, რომელსაც შეიძლება რთული სიტუაციების გარკვევა ან გადაწყვეტა მოჰყვეს“.
კომპრომისული გადაწყვეტილება, რომელიც მოვიფიქრეთ, პირველ რიგში სასარგებლო იყო რუსეთისთვის, რომელიც შელებს მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციაში გაწევრიანებას. და საერთაშორისო საზოგადოებისთვის, რომელსაც რუს პარტნიორთან ვაჭრობის წარმოება გაუადვილდება. საქართველოს თავის მხრივ შეუძლია რუსეთში თავისი ღვინის და მინერალური წყლის მიწოდების იმედი ჰოქნდეს, რუსეთი ხომ მისთვის გასაღების მთავარი ბაზარი იყო, ვიდრე მოსკოვმა სანიტარული საბაბით საზღვარი არ ჩაკეტა.
გარდა ამისა, შვეიცარელი დიპლომატების ძალისხმევა ნაყოფს გამოიღებს თავად ბერნისთვისაც. როგორც ეს მიშლენ კალმი-რეის მიაჩნია, „შვეიცარიას ამ საქმეში თავისი ინტერესი აქვს. ჯერ ერთი იმიტომ, რომ ჩვენ რუსეთში დიდ ექსპორტს ვაწარმოებთ. მეორეც, მჭიდრო და ხშირმა კონტაქტებმა რუსეთთან ხელი შეუწყო ორმხრივი საკითხების ჩვენს სასარგებლოდ გადაწყვეტას: ჩვენ შევთანხმდით ძვირფას ლითონებზე საათების მწარმოებლებისთვის. უახლოეს დღეებში როგორც ჩანს გადაწყდება ასევე შვეიცარული თვითმფრინავების რუსეთის ტერიტორიის გავლით ფრენის საკითხიც“. როგორ პასუხობს ამას რუსეთი? 4 ნოემბერს, ანუ შეთანხმების ხელმოწერიდან რამდენიმე დღეში, „დიდმა ოცეულმა შვეიცარელი ფილიპ ჰილდერბრანდი ფინანსური სტაბილურობის საბჭოს ვიცე-თავმჯდომარედ აირჩია, რაც რუსეთის ხმის გარეშე შეუძლებელი იქნებოდა.
foreignpress.ge
770
სარეკლამო ბანერი № 21
650 x 85
სარეკლამო ბანერი № 22
650 x 85