ეროვნულ ვალუტას არნახული გამყარების პერიოდი უდგას. ადგილობრივი არჩევნების შემდეგ ასეთი „თავმომწონე“ ლარი არავის ახსოვს. ის კი არადა, კომერციულმა ბანკებმა ვალუტის გამყარების საკითხში ეროვნულ ბანკსაც გადააწრეს. თუკი სებ-მა ლარის ოფიციალურ გაცვლით კურსად 1,80 დაადგინა, ბანკები 1,76-177 დიაპაზონში ახორციელებდნენ სავალუტო ოპერაციებს.
ბოლო ორი კვირაა დოლარი მკვეთრად უფასურდება და ეს მხოლოდ ქართულ ბაზარზე არ ხდება. „მწვანე ვალუტამ“ საგრძნობლად დათმო პოზიციები ევროსთან მიმართებითაც. ამჟამად ერთი ევრო 1.34 დოლარი ღირს.
საქართველოს კომერციული ბანკების ნაწილმა დღის განმავლობაში ლარის კურსი რამდენჯერმე შეცვალა. ეს ცვლილება იმის მანიშნებელია, რომ ბანკში მსხვილმა კლიენტებმა ანგარიშზე დიდი მოცულობის ლარი ან დოლარი შეიძინეს. ასეთ შემთხვევაში ოპერაციის დაწყებამდე ბანკი კორპორატიულ კურსს ადგენს, რომ კლიენტს რაც შეიძლება ნაკლები თანხა გაატანოს.
კომერციული ბანკების ნაწილმა პარასკევს დოლარი ბოლო პერიოდის მინიმუმამდე გააუფასურა. დღის განმავლობაში ბანკებში დოლარი ლართან 1,76-დან 1,79-ის ფარგლებში მერყეობდა. ეროვნული ბანკის ოფიციალური გაცვლითი კურსი კი 1,8032-ია. ლარის გამყარების ლიდერები „საქართველოს ბანკი“ და „ლიბერთი ბანკი“ იყვნენ. პარასკევს დღის პირველ ნახევარში ორივე ბანკში ლარის კურსი დოლართან 1,76-1,77 იყო.
ეკონომიკური პრობლემების კვლევის ცენტრის ექსპერტის დავით ნარმანიას აზრით, ლარის გამყარების პროცესი, სავარაუდოდ, ოქტომბრის დასაწყისამდე გაგრძელდება. ეროვნული ვალუტის გამყარება კი კომპლექსური ფაქტორებით არის გამოწვეული.
ექსპერტის განმარტებით, ზაფხულის პასიური პერიოდის შემდეგ სექტემბერში საინვესტიციო პროექტები აქტიურდება და თანხების შემოდინება ხდება. ამავე პერიოდში საერთაშორისო დახმარებების ახალი ნაკადიც შემოდის. ამასთან, სექტემბერში სტუდენტებს სწავლის ქირის გადახდა უწევთ, რის გამოც მშობლები ვალუტაში შენახულ თანხას მასიურად ახურდავებენ.
ექპერტთა მეორე ნაწილი კი ნაწილი ლარის გამყარების 3 მიზეზს ასახელებს - რეფინანსირების პროცენტის გაზრდას, ევროს გამყარებას და საქართველოში ინვესტიციების შემოსვლას.
„ბოლო დღეებია ევრო დოლართან მიმართებაში მყარდება, ბუნებრივია, ლარის გამყარებაზე ეს პროცესიც მოქმედებს. გარდა ამისა, ეროვნულმა ბანკმა რეფინანსირების პროცენტი გაზარდა და ლარი გააძვირა, მესამე მომენტია ის, რომ საქართველოში გარკვეული ოდენობის ინვესტიცია შემოვიდა“, - ამბობს ეკონომიკის ექსპერტი ემზარ ჯგერენაია.
„ის, რომ სხვა ქვეყანაში გარკვეული ვალუტა დოლართან მიმართებუში მყარდება თუ უფასურდება, ამან ლარის გაუფასურებაზი პირდაპირი გავლენა არ უნდა მოახდინოს, თუმცა შეიძლება ირიბი ეფექტი ჰქონდეს“, - მიიჩნევს ექსპერტი შოთა მურღულია.
მისი თქმით, კურსის კორექტირება მოთხოვნა-მიწოდების ფაქტორის გათვალისწინებით ხდება. მაშინ, როდესაც ლარის გაუფასურება დაიწყო, დოლარიზაციის კოეფიციენტი მაღალი იყო.