ბილეთი ერთი მიმართულებით... მთვარეზე

ბილეთი ერთი მიმართულებით... მთვარეზე

შუა ხნის, სააკაშვილისეულად კი „ჩარეცხილობის“ ასაკის ადამიანებს გახსოვთ ალბათ ცნობილი ჰიტი „ბილეთი ერთი მიმართულებით მთვარეზე“. ნატო–ს გენერალური მდივნის ანდერს ფოგ რასმუსენის ვიზიტი სხვა ჩვენი მეგობრების ვიზიტისგან სწორედ ამ მაგიური სიტყვით „ბილეთით“ გამოირჩეოდა. „ეს არის ჩვენი ბილეთი ნატო–ში“, „ჩიკაგოს სამიტზე ჩვენ მივიღებთ ბილეთს ნატო–ში“, – ეს ფრაზები ორი დღის განმავლობაში ყოველ ერთ საათში გაისმოდა ნაციონალური ტელევიზიებით ნაციონალური მოძრაობის მოლაპარაკე თავებისგან.

-„რა არის მერე ამაში ცუდი? აი, კიდევ ერთი ლუსტრირებული ვითომ „პროდასავლელიც“ აღმოვაჩინეთ“ – ვიცი, ასეთი შეფასებებიც ბევრი იქნება, ამიტომ აქვე უნდა განვაცხადო: ნატო–ს გენერალური მდივნის ვიზიტსა და ჩრდილოატლანტიკური საბჭოს ელჩების გასვლით სხდომას თბილისში მართლაც დიდი პოლიტიკური მნიშვნელობა აქვს ჩვენი ქვეყნისთვის, მაგრამ ყველაფერი ის, რისი მომსწრეც ჩვენ გავხდით ორი დღის განმავლობაში, კერძოდ, ნატო–ს გენერალური მდივნის უმნიშვნელოვანესი გზავნილების ტელესივრციდან გაუჩინარება, ჩიკაგო–ს მომავალ სამიტზე საქართველოსთვის განსაკუთრებული შემოთავაზების თაობაზე ბუქარესტის სამიტის მსგავსი მოლოდინების შექმნა – ყველაფერი ეს მიხეილ სააკაშვილის და ნაციონალური მოძრაობის ბილეთს ერთი მიმართულებით მთვარეზე უფრო ჰგავდა, ვიდრე საქართველოს ბილეთს ნატო–ში.

მე პირადად მართლა გულწრფელად მახარებს, რომ უკანასკნელ კვირებში დემოკრატიული თანამეგობრობის, ჩვენი ქვეყნის მეგობრების უმნიშვნელოვანესი ვიზიტები იმართება საქართველოში. დარწმუნებული ვარ, რომ ასეთი მაღალი დონის ვიზიტები მომავალშიც გაგრძელდება.  მახარებს პირველ რიგში იმიტომ, რომ მიხეილ სააკაშვილმა და ნაციონალურმა მოძრაობამ რაც შეიძლება ხშირად, მკაფიოდ და ღიად უნდა მიიღოს გზავნილები საქართველოსთვის ორი გამოცდის – 2012–13 წწ.. საპარლამენტო და საპრეზიდენტო არჩევნების მაღალ დონეზე ჩაბარების აუცილებლობასა და ისტორიულ მნიშვნელობაზე, აგრეთვე ხელისუფლების არჩევნების გზით სრულად და დემოკრატიულად გადაცემაზე. მახარებს ასევე იმის გამოც, რომ ჩვენი მეგობრების გზავნილები სრულად ემთხვევა ოპოზიციის მოთხვნებს მედია სივრცის დამოუკიდებლობაზე, ბიზნესის სახელისუფლებო წნეხისგან გათავისუფლებაზე, ზოგადად საარჩევნო გარემოს თვისობრივ გაუმჯობესებაზე და სხვ.

ჰ.რასმუსენმა მართლაც ძალიან მნიშვნელოვანი განცხადებები გააკეთა. პირველ რიგში ვიტყვი, რომ ძალიან მნიშვნელოვანი დადასტურება მოხდა ბუქარესტის სამიტის ცნობილი გადაწყვეტილების, რომ საქართველო აუცილებლად გახდება ნატო–ს წევრი.

უაღრესად მნიშვნელოვანი იყო ნატო–ს გენერალური მდივნის სტუმრობა თბილისის ივ.ჯავახიშვილის სახელობის  სახელმწიფო უნივერსიტეტში, შეხვედრა ახალგაზრდებთან და იქ განცხადებული მიმართვა ახალგაზრდებისადმი. გზავნილი იმის თაობაზე, რომ ახალგაზრდებმა ისეთივე სიმამაცე, აქტიურობა და ენერგიულობა უნდა გამოიჩინონ, როგორც რვა წლის წინ მათმა თანატოლებმა, რომ არჩევნები მხოლოდ ურნასთან მისვლა არ არის და მანამდე უნდა ჩაერთოს ახალგაზრდობა საზოგადოებრივ საქმიანობაში – ათეულ ათასობით ქართველს, მათ შორის მეც, მალამოსავით მოეცხო გულზე, მაგრამ სახელისუფლებო მედია ნაციონალურ მოძრაობასთან ერთ ხმაში მხოლოდ იმ ნაწილის ტირაჟირებას ახდენდა, რომელშიც საქართველოში განხორციელებული რეფორმების წარმატებასა და მიღწევებზეა საუბარი.

გახსოვთ გასულ მსოფლიო ჩემპიონატზე ფეხბურთში ჩრდილოეთ კორეამ გოლი რომ გაუტანა ლეგენდარულ ბრაზილიას და მთელი ორი დღე ჩრდილოეთ კორეის ბედკრულ მოსახლეობას რომ აზეიმებდნენ ძლევამოსილ ბრაზილიაზე გამარჯვებას. მომკალით და პირველი, რაც გამახსენდა ხელისუფლების და მათ მიერ კონტროლირებად ტელევიზიების ქცევაზე, სწორედ ეს იყო. თუმცა, იმასაც შეგახსენებთ, ვისაც არ ახსოვს და შეგატყობინებთ, ვინც ამ ისტორიის ფინალი არ იცის: 21–ე საუკუნეა და სიმართლემ მაინც გაჟონა, რომ ბრაზილიამ დაამარცხა ჩრდილოეთ კორეა. ხოდა, მოხსნეს ინფორმაციის მინისტრი, დააპატიმრეს ტელევიზიის დირექტორი, ნაკრების მთავარი მწრთვნელისა და წამყვანი ფეხბურთელების ბედი დემოკრატიული თანამეგობრობისთვის დღემდე უცნობია.

ამიტომაც, ასე რომ არ მოუვიდეს ქვეყნის პრეზიდენტსა და მის მთავრობას,  სმოკინგებში გამოწყობას და ბიძინა ივანიშვილის მხარდაჭერით რეკონსტრუირებულ რუსთაველის თეატრებში ბანკეტების მოწყობას, ურჩევნიათ ცხონებულ იპოლიტე ხვიჩიას მიბაძონ, ფეხბურთის მატჩზე მოსახვედრად ყველაფერს რომ აკეთებს და ფინიშის სწორთან საცვლების ამარა რომ მირბის. კაცმა რომ თქვას საცურაო ტრუსის ამარა ტელეკამერების წინ პოზირება ხელისუფლებისთვის ნამდვილად არახალია, მაგრამ იმისათვის რომ ქვეყანამ შესძახოს „არის თუ არა ეს ბილეთი?!“, 2012 და 2013 წლების არჩევნების მარათონი ყველამ ღირსეულად უნდა ჩაატაროს, თუმცა პირველ რიგში, რა თქმა უნდა, ხელისუფლებამ.