მოსახლეობას წასრთმევი აღარაფერი დარჩა

მოსახლეობას წასრთმევი აღარაფერი დარჩა

ანაკლია, ადლია, ფერიის მთა - ეს ის ადგილებია, სადაც გასული ზაფხულის პერიოდში საკუთრების უფლების უხეში ხელყოფა ხდებოდა. ანაკლიაში ახალი კურორტის მშენებლობას რამდენიმე ოჯახის კუთვნილი საკარმიდამო მიწა უკვე შეეწირა, თითქმის ასეთივე სიტუაციაა ადლიაში, ფერიის მთიდან კი 7 ოჯახს ტერიტორია უკვე დაატოვებინეს. რაც შეეხება სხვა რეგიონებს, ჯერჯერობით, აჭარისა და სამეგრელოს გარდა, საკუთრების უფლების უხეში ხელყოფა არ დაფიქსირებულა, ყოველ შემთხვევაში, ისეთი ტიპის, რომ ამაზე საზოგადოებას ხმამაღალი განცხადებები გაეკეთებინა. თუმცა როგორც ხელისუფლების ოპონენტები აცხადებენ, წასართმევი იქ აღარც არაფერი დარჩა.

 

საქართველოში საკუთრების უფლების ხელყოფის შემთხვევები განსაკუთრებით შავი ზღვისპირეთში გახშირდა. ანაკლიაში, რომლის ინფრასტრუქტურის განვითარებისა და რეაბილიტაციის გეგმა საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა გასული წლის 8 სექტემბერს გაახმაურა და ადგილობრივებს დაპირდა, რომ ანაკლია 2-3 წელიწადში ყველაზე კარგი საზღვაო კურორტი იქნებოდა, მოსახლეობას მიწას უკვე დაუფარავად ართმევენ. მიწები ეკონომიკის სამინისტროს ბალანსზე გადაიყვანეს, მისი ჩამორთმევა კი სხვადასხვა მეთოდით ხორციელდება.

 

გარდა ამისა, აჭარაში ადლიის ტერიტორიაზე ბათუმის მერიის ზედამხედველობის სამსახურმა ექსპროპრიაციის კანონის აღსრულება ძალის გამოყენებით დაიწყო და რამდენიმე ადამიანს მძიმე ტექნიკით სახლი, ჭიშკარი და გალავანი მოუნგრია.

აღსანიშნავია ისიც, რომ ადლიის დასახლებაში, სადაც სამუშაოები ახალი ბულვარის კეთილმოწყობისათვის მიმდინარეობს, მოსახლეობის სრული განსახლება იგეგმება. თუმცა, ადგილობრივი ხელისუფლება მოქალაქეებთან დღემდე კომპენსაციის საკითხებზე ვერ შეთანხმდა.

 

ბათუმის საკრებულოს ოპოზიციონერი დეპუტატი მურმან დუმბაძე აცხადებს, რომ რეგიონში საკუთრების უფლების ხელყოფა დღესაც ისევე ხდება, როგორც პოსტრევოლუციურ საქართველოში, თუმცა, მისივე თქმით, ამჯერად ბულდოზერებს უკვე აღარ იყენებენ.

 

დღეს აჭარაში საკუთრების უფლების ხელყოფა ისევ აქტიურად მიმდინარეობს. თუ თვითმმართველობის არჩევნებამდე ეს ფარულად ხდებოდა, არჩევნების შემდეგ სიტუაცია რადიკალურად შეიცვალაგანსაკუთრებით დაზარალდნენ ადლიის სანაპირო ზოლზე მაცხოვრებელი მოსახლეობა.

გასული ზაფხულის პერიოდში პრობლემები ჰქონდათ ფერიის მთაზე მცხოვრებ 7 ოჯახს, რომელთაც სახლები დაატოვებინესგამოსახლებულებიდან რამდენიმე ოჯახი დააკმაყოფილეს, რამდენიმე კი კომპენსაციას ისევ ელოდება. უკანასკნელ მოვლენად შეიძლება ისიც ჩაითვალოს თუ როგორ ჩამოართვეს დაახლოებით 80-მდე ოჯახს საკუთრება. საქმე ეხება ბათუმი-ქობულეთის შემოვლით გზის მშენებლობას, რის გამოც ამ ზონაში მოყოლილ ზოგ ოჯახს ნაკვეთი, ზოგს სახლი, ზოგს სათავსო ნაგებობები, ზოგს კი ყველა ერთად წაართვეს.

ვიდრე სააკაშვილი იქნება ხელისუფლებაში, საკუთრების უფლების ხელყოფა ისევ გაგრძელდება. ამ ხელისუფლების მთავარი დანაშაული არის საკუთრების უფლებების ხელყოფა, რომლისთვისაც მას პასუხისგება აუცილებლად მოუწევს. დანარჩენი შეცდომები - ნარკოტიკების ჩადება, ბიზნესის ტერორი და .. - მხოლოდ ქვეშედეგებია. 2004 წლიდან პირადად მე ასეთი ფაქტების წინააღმდეგ აქტიურად ვიბრძვი, მაგრამ შედეგს ვერ მივაღწიემიზეზი კი საერთო პროტესტის არარსებობაა.

ამიტომ, ვიდრე საკუთრების ხელყოფის ფაქტებს საერთო სახალხო აღშფოთება არ მოჰყვება, ეს პრობლემა მუდმივად იარსებებს. მოქალაქეებმა თავიანთი საკუთრების დაცვა უნდა უზრუნველყონ, - განაცხადა დუმბაძემ.

 

საკუთრების უფლების ხელყოფაზე საუბრობს ქუთაისის საკრებულოს ლეიბორისტული პარტიის წევრი სამსონ გუგავაც, თუმცა აქვე აცხადებს, რომ დღეს უკვე წასართმევი აღარაფერი დარჩა. მისი თქმით, რაც წასართმევი იყო, ხელისუფლებამ ხალხს უკვე წაართვა, „თორემ დარწმუნებული იყავით, რომ საკუთრების უფლების ხელყოფა ისევ აქტიურად გარძელდებოდა“, - განაცხადა გუგავამ.

 

საკუთრების უფლებების დარღვევის უხეში ფაქტები აღარ ხდება კახეთში, თუმცა მაშინ, როდესაც სიღნაღის რეაბილიტაცია ხდებოდა, ასეთი არაერთი შემთხვევა მოხდა. ზოგს კომერციული ფართები დაათმობინეს, ზოგს ეზოები წაართვეს, ზოგსაც კი რის ვაი-ვაგლახით გახსნილი კაფე-ბარი დაუხურეს. ყველა ასეთი შემთხვევა მფლობელებმა არაერთხელ გააპროტესტეს, დაწერეს საჩივარიც, თუმცა უშედეგოდ.

 

არადა, საკუთრების უფლების დაცვა - ეს ის აუცილებელია ფაქტორია, რომელიც ლიბერალურ საბაზრო ეკონომიკას უნდა ახლდეს თან, მაგრამ ჩვენთან სიტუაცია რადიკალურად განსხვავებულია და საკუთრების უფლება თითქმის ყოველ ნაბიჯზე ილახება. პროცესმა კი არნახული მასშტაბები „ვარდების რევოლუციის“ შემდეგ, სულ რაღაც რამდენიმე თვეში მიიღო. აქედან მოყოლებული ქვეყანაში ეს უფლება თითქმის ყველგან და ყველა ნაბიჯზე ირღვევა, პროცესს კი ბოლო რატომღაც არ უჩანს.