ვლადიმერ სოკორი - 2012 წელს საქართველოში რეჟიმის შეცვლას ობამას ადმინისტრაციამაც შეუწყო ხელი

ვლადიმერ სოკორი - 2012 წელს საქართველოში რეჟიმის შეცვლას ობამას ადმინისტრაციამაც შეუწყო ხელი

მერაბიშვილის დაპატიმრება და კანონის უზენაესობის რღვევა საქართველოში, - ამ სათაურით აქვეყნებს ვლადიმერ სოკორის სტატიას ამერიკული ორგანიზაცია Jamestown Foundation. როგორც სტატიაშია აღნიშნული, ბიძინა ივანიშვილის მთავრობა ამწვავებს რეპრესიების დონესა და მუქარას "ნაციონალური მოძრაობის" პროდასავლური ოპოზიციის წინააღმდეგ - 21 მაისს "ნაციონალური მოძრაობის" ლიდერის, ვანო მერაბიშვილის დაკავება ბოლოა რეპრესიების იმ სერიიდან, რომლის გატარებაც ივანიშვილმა მანამდე დაიმუქრა და რასაც ეტაპობრივად ახორციელებს.

"ვაშინგტონის ადმინისტრაცია საქართველოში განვითარებულ მოვლენებზე თავის წილ პასუხისმგებლობას იზიარებს, თუმცა გაუბედავად და დაგვიანებით პასუხობს, თუ საერთოდაც უპასუხა. 2012 წელს საქართველოში რეჟიმის შეცვლას ობამას ადმინისტრაციამაც შეუწყო ხელი, თუმცა მალე უარი თქვა თავისი პოლიტიკის შედეგებზე. საქართველოსა და სამხრეთ კავკასიის რეგიონში სტრატეგიის ნაკლებობითა და რუსეთთან ურთიერთობის "გადატვირთვის" და გეოპოლიტიკური დაბრკოლებების გადალახვის სურვილით, ამერიკა საქართველოში რეჟიმის ღირსეულად შეცვლისკენ ისწრაფვოდა", - აღნიშნავს სტატიის ავტორი.

ამ პროცესის პარამეტრებად, - წერს ვლადიმერ სოკორი, - ვაშინგტონი "ხელისუფლების თანმიმდევრულ გადაცემასა" და "კოჰაბიტაციას" განსაზღვრავდა ახალი მთავრობის მიერ პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის მთავრობასთან, პრეზიდენტის, რომელსაც 2013 წლის ოქტომბერში პრემიერ-მინისტრის საპრეზიდენტო კანდიდატი ჩაანაცვლებს.

"2012 წლის ოქტომბრის შემდეგ, ვაშინგტონის პოლიტიკა თავისი კრიტერიუმებით ყველა ეტაპზე ჩავარდა. ივანიშვილის გუნდი დაშინების პოლიტიკას უფრო მიმართავს, ვიდრე კოჰაბიტაციას; ხელისუფლების გადაბარება ყველაფერია, გარდა თანმიმდევრულისა. საერთო ჯამში კი, კანონის უზენაესობა ბევრი ასპექტით არ ხორციელდება", - წერს ვლადიმერ სოკორი.
როგორც სტატიაშია აღნიშნული, პრემიერ-მინისტრი პერიოდულად იმუქრება, რომ სააკაშვილი დაიკითხება ან "მოელის სააკაშვილის დაპატიმრებას", სავარაუდოდ, ოქტომბერში მისი საპრეზიდენტო ვადის გასვლის შემდეგ. დროდადრო ივანიშვილი "ნაციონალურ მოძრაობას" სახალხოდ ახასიათებს "კრიმინალებად" და "მატყუარებად".

ვლადიმერ სოკორი ასევე წერს, რომ ხელისუფლების შეცვლიდან მოკლე დროში "ნაციონალური მოძრაობის" 20-ზე მეტი მაღალჩინოსანი დააკავეს სხვადასხვა ბრალდებით, თუმცა უმრავლესობა მათგანი არასაკმარისი სამხილების გამო გაათავისუფლეს. მთავრობა მათ გათავისუფლებაში სააკაშვილის მმართველობის დროს დანიშნულ მოსამართლეებს ადანაშაულებდა და აცხადებდა, რომ შეისწავლიდა მათი დანიშვნის საქმეებს.

"სასამართლო სისტემის გვერდის ავლით, სადაც ეს შესაძლებელი იყო, საპარლამენტო უმრავლესობამ 190 პატიმარს "პოლიტპატიმრის" სტატუსი მიანიჭა და ციხიდან გაათავისუფლა. მათ შორის იყო ისინიც, ვინც რუსეთის ჯაშუშობისთვის იყვნენ გასამართლებული. "პოლიტპატიმრის" სტატუსით გათავისუფლდა გიორგი გაბედავაც, რომელიც 17 მაისს, თბილისში ჰომოფობიის წინააღმდეგ კონტრაქციის მთავარი ორგანიზატორი იყო", - წერს ვლადიმერ სოკორი.

სტატიის ავტორი ასევე აცხადებს, რომ უკანასკნელი თვეების განმავლობაში ივანიშვილის "ქართული ოცნების" მხარდამჭერმა ქვეყნის მასშტაბით იძულებით დაატოვებინეს თანამდებობები ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებს, რომლებიც "ნაციონალური მოძრაობის" წევრები იყვნენ და რომლებიც 2010 წლის არჩევნების შემდეგ დაინიშნნენ თანამდებობებზე.
"2010 წელს საქართველოში გამართული ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები, ქვეყნის დამოუკიდებლბის შემდეგ, საერთაშორისო ორგანიზაციებმა ყველაზე სამართლიან არჩევნებად აღიარეს. ადგილობრივი თვითმმართველობის შემდეგი არჩევნები 2014 წელს უნდა ჩატარდეს. თუმცა, რეგიონის მოსახლეობა დიდად არ ნაღვლობს ახალი თვითმმართველობის არჩევნების ჩატარებას. ისინი უბრალოდ შეიჭრნენ შენობებში და საკრებულოებში "ქართული ოცნების" მხარდამჭერები დანიშნეს. საქართველოში დასავლეთის წარმომადგენლებმა ამაზე რეაგირება ვერ მოახდინეს. ისინი ყურადღებით აკვირდებოდნენ საპარლამენტო არჩევნებს, თუმცა ქვეყნის მასშტაბით ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების ძალადობრივ შეცვლაზე თვალი დახუჭეს", - ნათქვამია სტატიაში.

სტატიის ავტორი ასევე აღნიშნავს, რომ მთელი ამ მოვლენების გარშემო ამერიკა უხერხულ საჯარო დუმილს ინარჩუნებს.

"მერაბიშვილის დაპატიმრებამ აიძულა ვაშინგტონი, როგორღაც პასუხი გაეცა მომხდარზე, თუმცა ეს პასუხი დაბალი რანგის ჩინოვნიკებისგან მოვიდა და ისინი დაბეჯითებით ცდილობდნენ, თავი აერიდებინათ ისეთი სიტყვების გამოყენებისთვის, როგორიცაა "შეშფოთება" და "შერჩევითი სამართალი". აშშ-ის პოლიტიკა მარცხდება და ივანიშვილის ხელისუფლების მიერ საქართველოს ოპოზიციის ლიდერის დაპატიმრებით, შესაძლოა, შეუქცევადი მარცხის წერტილს უახლოვდება", - წერს "ჯეიმსთაუნის" ანალიტიკოსი ვლადიმერ სოკორი.