26 მაისს, დამოუკიდებლობის დღეს, შინაგან საქმეთა სამინისტრო თბილისში და საქართველოს რამდენიმე რეგიონში შეიარაღებისა და სხვადასხვა ტექნიკის გამოფენას მოაწყობს. ამის შესახებ სამინისტროს ოფიციალურ ვებგვერდზეა აღნიშნული. "ამ თარიღთან დაკავშირებით შინაგან საქმეთა სამინისტრო თბილისში და საქართველოს სხვადასხვა რეგიონში შეიარაღებისა და სხვადასხვა ტექნიკის გამოფენას მოაწყობს. შსს-ს ღონისძიებები თბილისის სამ რაიონში გაიმართება: რუსთაველის გამზირზე, გლდანისა და ვარკეთილის პარკებში", _ აცხადებენ სამინისტროში.
რუსთაველის გამზირზე, "იმელის" მიმდებარე ტერიტორიაზე, შინაგან საქმეთა სამინისტრო 13 დასახელების, მათ შორის, საბრძოლო დანიშნულების მანქანას გამოიყვანს. ტენტით გადახურულ საგამოფენო სტენდზე ასევე შსს-ს მყვინთავების, მეხანძრეებისა და ქიმიკოსებისთვის განკუთვნილი სპეციალური აღჭურვილობა იქნება წარმოდგენილი.
ამასთან, შინაგან საქმეთა სამინისტრო გლდანის გასართობ პარკში ბავშვებისთვის მოაწყობს ღონისძიებას, რომლის ფარგლებშიც, სპეციალურად ამ დღისთვის, პარკის გარკვეულ ტერიტორიაზე მოეწყობა იმიტირებული სამანქანო გზა საგზაო ნიშნებით, სადაც ბავშვებს საშუალება ექნებათ, კვადროციკლებით იმოძრაონ და საგზაო მოძრაობის წესები აითვისონ. საპატრულო პოლიციის თანამშრომლები მათ სწორად მოძრაობაში დაეხმარებიან.
"გლდანის პარკის გარე პერიმეტრზე შინაგან საქმეთა სამინისტროს ტექნიკა განთავსდება, ხოლო ვარკეთილის პარკში, პოლიციის განყოფილების ავტოსადგომის ტერიტორიაზე წარმოდგენილი იქნება შინაგან საქმეთა სამინისტროს ტექნიკა, მათ შორის, ჯავშანმანქანა "კობრა", _ აცხადებენ სამინისტროში.
ამასთან, შინაგან საქმეთა სამინისტროს ღონისძიებები საქართველოს რამდენიმე რეგიონში გაიმართება: თბილისი, მცხეთა, დუშეთი, გორი, რუსთავი, თელავი, ახმეტა, ყვარელი, სიღნაღი, ახალციხე, საჩხერე, ქუთაისი, ზუგდიდი, ფოთი, ბათუმი, ოზურგეთი, მესტია, ცაგერი, ამბროლაური.
ღონისძიებები ყველა ქალაქში 12:00 საათზე ერთდროულად დაიწყება და 21:30 საათზე საქართველოს ჰიმნითა და გრანდიოზული ფოიერვერკით დასრულდება.