მთავარ პროკურატურასთან მოქალაქეების აქცია

მთავარ პროკურატურასთან მოქალაქეების აქცია "კანონი უზენაესია" მიმდინარეობს

მთავარ პროკურატურასთან მოქალაქეთა ერთი ჯგუფის აქცია მიმდინარეობს. პროკურატურასთან დღეს შეკრებილ მომიტინგეთა რაოდენობა "დედა ენის" ძეგლთან გუშინ შეკრებილ ადამიანებთან შედარებით მცირეა. აქციაზე სულ რამდენიმე ადამიანი იმყოფება. ისინი მთავარ პროკურატურასთან პლაკატით "კანონი უზენაესია" მივიდნენ. 

როგორც აქციის მონაწილე თინათინ ასათიანმა "ინტერპრესნიუსს" განუცხადა, უნდა მოხდეს 17 მაისს დაფიქსირებული ძალადობის ობიექტური გამოძიება და უნდა დაისაჯოს ყველა მოძალადე, მათ შორის სასულიერო პირები.

კიდევ ერთი მომიტინგის გიორგი მიქიაშვილის განცხადებით, მათი ერთ-ერთი მთავარი მოთხოვნაა, რომ ქვეყანაში ყველა მოქალაქის უფლებების დაცვა თანაბრად იქნას უზრუნველყოფილი.
აღნიშნული აქციის პარალელურად, მთავარ პროკურატურასთან "ეროვნული ფრონტის" ორგანიზებული აქცია იმართება. ეს აქციაც მცირე მასშტაბიანია. ამ ორი აქციის მონაწილეებს კი ერთმანეთისგან პოლიციელები სპეციალური ცოცხალი ჯაჭვით ყოფენ.

აქციის უსაფრთხოებისთვის რამდენიმე ასეული პოლიციელია მობილიზებული. უწყებასთან ამ დრომდე რჩება შს მინისტრის მოადგილე ვახტანგ გომელაური.