ჯერ-ჯერობით უცნობია, ვინ გახდება სამხრეთ ოსეთის თვითგამოცხადებული რესპუბლიკის ახალი პრეზიდენტი. ცხადი მხოლოდ ერთი რამ არის: წარმავალი პრეზიდენტი ედუარდ კოკოითი და მისი მეგობრები დამარცხდნენ.
წინასწარი მონაცემებით, საგანგებო სიტუაციათა მინისტრმა ანატოლი ბიბილოვმა, რომელიც კრემლის კანიდიდატად მოიაზრება, და ოპოზიციის ლიდერმა ალა ჯიოევამ ხმათა დაახლოებით თანაბარი რაოდენობა მიიღეს არჩევნების პირველ ტურში, რომელიც 13 ნოემბერს გაიმართა და შესაბამისად ხმების 25-26% დააგროვეს. არჩევნების მეორე ტურის ჩატარება 27 ნოემბერს იგეგემება.
დანარჩენი ცხრა კანდიდატიდან, რომელთაგან ორს, ექსპერტების აზრით, კოკოითი უჭერდა მხარს და ესენი არიან პურფუნთუშეულის ქარხნის დირექტორი ვადიმ ცხოვრებოვი და ინფორმაციის სახელმწიფო კომიტეტის თავმჯდომარე გიორგი ქაბისოვი, ერთმა ხმების 10%, მეორემ კი 7,5% მოიპოვა. პირველი შედეგი ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ ხმების 94,8%-ის დათვლის შემდეგ გამოაცხადა.
არჩევნებში დარეგისტრირებული თავდაპირველი 17 კანდიდატიდან, 6 რბოლას კამპანიის ბოლო დღეებში ჩამოშორდა. მათმა უმრავლესობამ ელექტორატს ბიბილოვის მხარდამჭერისკენ მოუწოდა. იგივე გააკეთა ორმა ცნობილმა ოპოზიციურმა ფიგურამ, რომლებსაც რეგისტრაციაზე უარი იმის გამო უთხრეს, რომ ისინი ბოლო ათი წლის განმავლობაში მუდმივად არ ცხოვრობდნენ სამხრეთ ოსეთში. ესენი არიან, გაზის მაგნატი ალბერტ ჯუსოევი და ოპოზიციური „სახალხო პარტიის“ ლიდერი როლანდ ქელეხსაევი.
თუკი არჩევნები კოკოითის ათწლიანი მმართველობის ვერდიქტად იქცა, მისმა შედეგებმა აჩვენა, რომ მოსახლეობის მნიშვნელოვანი ნაწილი (არჩევნებზე გამოცხადების მაჩვენებელმა 67%-ს მიაღწია) არ ფიქრობს იმას, რომ რუსეთის მხრიდან თვითგამოცხადებული რესპუბლიკის ფორმალური აღიარება 2008 წლის ხანმოკლე ომის შემდეგ რუსეთთან, ავტორიტარიზმისა და კორუფციის საკმარისი კომპენსაციაა, რომელსაც კოკოითის რეჟიმი განასახიერებდა. სავარაუდოდ, ამ კორუფციის წყალობით, როდესაც რეჟიმი რუსეთის ფედერალური ბიუჯეტიდან რეგიონისთვის დახმარების სახით გამოყოფილ ათობით მილიონ რუბლს ითვისებდა, უკვე მესამე წელია, კონფლიქტის დასრულების შემდეგ ასობით ოჯახი სახლ-კარის გარეშეა დარჩენილი.
თითქმის ყველა კანდიდატი კორუფციის აღმოფხვრისა და კანონზე დაფუძნებული ეკონომიკურად სტაბილური და დემოკრატიული ქვეყნის მშენებლობისკენ მოუწოდებდა.
კანდიდატებს შორის მთავარი სხვაობა – გრძელვადიან და მოკლევადიან პერსპექტივაში მათ საგარეოპოლიტიკურ ხედვებშია და განსაკუთრებით რუსეთთან მიმართებაში. ჯიოევას მიაჩნია, რომ დამოუკიდებლობა მთავარი მიზანია, რაც განხილვას არ ექვემდებარება.
თავის მხრივ სიტყვით ბიბილოვმაც განაცხადა, რომ მოკლე- და საშუალოვადიან პერსპექტივაში აუცილებელია სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობის განმტკიცება და მოსკოვზე ფინანსური დამოკიდებულების შეწყვეტა. მაგრამ მას არ დაუმალავს ის ფაქტი, რომ გრძელვადიან პერსპექტივაში (კრემლი კი ყოველთვის ასეთ ვადებში გეგმავს) სამხრეთ და ჩრდილოეთ ოსეთი უნდა გაერთიანდეს. თავის წინასაარჩევნო მანიფესტში ის ამტკიცებდა, რომ „ჩვენ ერთი ხალხი ვართ. საზღვარი, რომელიც ჩვენ გვაშორებს, თავისი ფორმალობებით, დამცირებაა. ჩვენ ყველას გვესმის, რომ ჩვენი მიმართულება ჩრდილოეთ ოსეთთან გაერთიანებაა. მაგრამ ეს ძალიან ხანგრძლივი პროცესია“.
მსგავსი დუალისტური დამოკიდებულება მკაფიოდ ჩანს ბიბილოვის მიერ ისეთი ტოპონიმების ლამის სინონიმებად გამოყენებაში, როგორიცაა „სამხრეთ ოსეთი“ და „ოსეთი“. მაგალითად, 13 ნოემბრის კენჭისყრის შემდეგ, მან ჟურნალისტებს განუცხადა: „მთავარია, ოსეთს კარგი და ბედნიერი მომავალი ჰქონდეს“.
რთულია იმის პროგნოზირება, თუ როგორ აისახება ამომრჩევლების სიმპათიები და ანტიპათიები არჩევნების მეორე ტურზე. ბიბილოვმაც და ჯიოევამაც განაცხადეს, რომ საკუთარ გამარჯვებაში დარწმუნებულები არიან. ყოველდღიურმა რუსულმა გაზეთმა „მოსკოვსკი კომსომოლეც“ წერდა, რომ კოკოითის გუნდმა ხალხის უკმაყოფილების ხარისხი ცუდად გათვალა, და რომ ჯიოევა რომ მამაკაცი ყოფილიყო, ან/და ოპოზიციური კანდიდატები რბოლას ჩამოშორებოდნენ და ამომრჩვლებისთვის მისი მხარდაჭერისკენ მოეწოდებინათ, ის პირველ ტურშივე გაიმარჯვებდა.
foreignpress.ge
807
სარეკლამო ბანერი № 21
650 x 85
სარეკლამო ბანერი № 22
650 x 85