ბათუმის მერიის თანამშრომლები სახელმწიფოს კუთვნილი დიდი ოდენობით თანხების მითვისების ბრალდებით არიან დაკავებული

ბათუმის მერიის თანამშრომლები სახელმწიფოს კუთვნილი დიდი ოდენობით თანხების მითვისების ბრალდებით არიან დაკავებული

ბათუმის მერიის კეთილმოწყობის სამსახურის თანამშრომლები ტარიელ მახარაძე, ნოდარ მამულაძე და რამაზ დევაძე სახელმწიფოს კუთვნილი დიდი ოდენობით თანხების მითვისებისა და სამსახურეობრივი გულგრილობის ბრალდებით არიან დაკავებული, - ამის შესახებ "ინტერპრესნიუსს" ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურიდან აცნობეს.

ასევე, დაკავებული არიან შპს "ლინდეკ ჯორჯიას" წარმომადგენლები მამუკა ნაცვლიშვილი, მალხაზ კოხრეიძე და თემურ გუნია.

საგამოძიებო სამსახურის ინფორმაციით, გამოძიებით დადგინდა, რომ ბათუმის მერიამ ველობილიკების მოსაწყობად შპს "ლინდეკ ჯორჯიასთან" 941 515 ლარის ღირებულების სამი ხელშეკრულება გააფორმა. შპს-მ ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაოები ნაწილობრივ შეასრულა და დოკუმენტებში ყალბი მონაცემების შეტანით 417 000 ლარი მიითვისა. ბათუმის მერიის თანამშრომლებმა კი გამიოჩინეს სამსახურეობრივი გულგრილობა და მოახდინეს არასრულად შესრულებულ სამუშაოთა მიღება-ჩაბარება.

მიმდინარეობს გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 182-ე მუხლის მესამე ნაწილით და 342-ე მუხლის პირველი ნაწილით.