არასამთავრობოებმა კოალიცია „არჩევანის თავისუფლებისთვის“ დააფუძნეს

არასამთავრობოებმა კოალიცია „არჩევანის თავისუფლებისთვის“ დააფუძნეს

„არჩევნები არმაგედონივით არის, არავინ იცის, როდის მოვა“, - ხელისუფლების ამ ფიგურალური გამოთქმის მიუხედავად, ყველამ იცის, რომ, ფაქტობრივად, ხელისუფლებამ წინასაარჩევნო კამპანია უკვე დაიწყო და არჩევნების ზუსტი თარიღის განსაზღვრა ოპოზიციას სამარჩიელოდ დაუტოვა.

ხელისუფლება არჩევნებისთვის ემზადება, მაგრამ, როგორც გაირკვა, არასამთავრობოებიც ემზადებიან ამ დღისთვის. ამ მიზნით არასამთავრობო ორგანიზაციებმა და ორმა ექსპერტმა კოალიცია „არჩევანი თავისუფლებისთვის“ ჩამოაყალიბეს. კოალიციაში სხვადასხვა პროფილით მომუშავე არასამთავრობოები შედიან. ისინი არჩევნების პერიოდში მნიშვნელოვან თემებს  წამოსწევენ, მათ შორის, მედიის თავისუფლებასაც, რადგან ამ ბერკეტის მოშველებით ხელისუფლებას უადვილდება არჩევნების „გაპრავება.“

„საქართველოში მორიგი საპარლმენტო არჩევნების ჩატარებამდე ერთი წელიც აღარ რჩება. სამწუხაროდ, ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის მიმდინარე მოლაპარაკებები, ფაქტობრივად, უშედეგოდ დასრულდა, რის გამოც ვერ მოხერხდა სამართლიანი და კონკურენტული საარჩევნო გარემოსთვის აუცილებელი საკანონმდებლო ბაზის ჩამოყალიბება. პრობლემები რჩება მედიის თავისუფლებისა და ადამიანის უფლებების დაცვის საკითხებშიც, რომელთა გადაჭრის გარეშეც არჩევნებზე ამომრჩეველთა თავისუფალი ნების დაფიქსირება შეუძლებელია,“ - აცხადებენ ახლადდაფუძნებულ კოალიციაში და მიიჩნევენ, რომ საარჩევნო გარემოს მონიტორინგი უნდა დაიწყოს ახლავე და არა არჩევნების დანიშვნის შემდეგ. დარღვევების დაფიქსირებასთან ერთად კი კანონმდებლობის დამრღვევი პირებისთვის პასუხისმგებლობის დაკისრება უნდა მოხდეს.

საარჩევნო გარემოს გაუმჯობესებისთვის არასამთავრეობოები როგორ ქართულ, ისე საერთაშოროსო ორგანიზაციებთან ითანამშრომლებენ. ამასთან, კოალიციის საქმიანობა საქართველოს რეგიონებშიც გაიშლება. ასე რომ, არჩევნების წინ საკუთარი რესურსების გაერთიანება კოალიციაში შემავალმა შემდეგმა ორგანიზაციებმა და პირებმა გადაწყვიტეს: ირაკლი მელაშვილმა (ექსპერტი საარჩევნო საკითხებში), ზვიად ქორიძემ (მედიაექსპერტი), კოტე კანდელაკმა (სამოქალაქო კულტურის საერთაშორისო ცენტრი), უჩა ნანუაშვილმა (ადამიანის უფლებათა ცენტრი), ია მამალაძემ (საქართველოს მედიამონიტორინგის ცენტრი), გიორგი ხუციშვილმა (კონფლიქტების და მოლაპარკებების კვლევითი ცენტრი), დავით ნარმანიამ (კავკასიის ეკონომიკური და სოციალური კვლევითი ინსტიტიუტი), მაგდა პოპიაშვილმა (საქართველოს მედიაკლუბი), დავით ლოსაბერიძემ (ადგილობრივი დემოკრატიის ქსელის ცენტრი), მურმან პატარაიამ (სამოქალაქო განვითარების რესურს-ცენტრი).

Presage.tv კოალიციაში შემავალ სუბიექტებს ესაუბრა. საქართველოს მედიაკლუბის თავმჯდომარემ, მაგდა პოპიაშვილმა აღნიშნა, რომ კოალიციის შექმნის მიზანი სწორედ ის არის, რომ არა არჩევნების დღეს, ან არჩევნებამდე ერთი-ორი თვით ადრე, არამედ მთელი საარჩევნო წლის განმავლობაში სერიოზული მონიტორინგი განხორციელდეს სხვადასხვა სფეროსა და მიმართულებაზე, რაც არჩევნებს პირდაპირ უკავშირდება.

„სწორედ ამიტომ დავარქვით კოალიციას „არჩევანის თავისუფლება“, რათა მოქალაქეს თავისუფალი არჩევანის გაკეთების საშუალება მიეცეს. ამ ადამიანთა უფლებების ხელშეწყობა და უზრუნველყოფა, საარჩევნო კანონმდებლობის დახვეწაზე მუშაობა, მედიის თავისუფლებისთვის ნაბიჯების გადადგმა მთელი წლის განმავლობაში გაგრძელდება. ზოგადად, საარჩევნო კამპანია დაწყებული რომ აქვს ხელისუფლებას, ეს ყოველდღიურად ჩანს, თუნდაც იმ სარეკლამო კლიპებიდან და აქტიურობიდან, რასაც უმაღლესი პირებიდან დაწყებული,ხელისუფლების წარმომადგენლები აწარმოებენ“, - აცხადებს მაგდა პოპიაშვილი.

მისი თქმით, ადამიანის უფლებების დარღვევის უამრავი ფაქტი არსებობს, რაზეც რეაგირება დღესვე უნდა მოხდეს და არა მხოლოდ განცხადებების დონეზე.

კავკასიის ეკონომიკური და სოციალური კვლევითი ინსტიტუტის აღმასრულებელი დირექტორის, ეკონომიკის ექსპერტ დავით ნარმანიასთვის უმთავრესი საარჩევნო წლის ფინანსური ანალიზი იქნება. იგი საზოგადოებას ინფორმაციას მიაწვდის, რაში იხარჯება საარჩევნო თანხები.

„წინა საარჩევნო პერიოდში ისეთი პროექტები ფინანსდება, როგორიცაა გასართობი ღონისძიებები და კონცერტები, რაც მოსახლეობისთვის მეორეხარისხოვანია.

ჩვენთვის ყველაზე მთავარია, როგორ მზადდება ბიუჯეტების პროექტები, როგორ ხდება მათი განხილვა, იგივე სახელმწიფო ბიუჯეტი, ადგილობრივი თვითმმართველობების ბიუჯეტი. ამ ბიუჯეტების პროექტებს უკვე ეტყობა, რომ საარჩევნოდაა ორიენტრებული“, - აცხადებს დავით ნარმანია Presage.tv-სთან საუბარში.

მისი თქმით, ხელისუფლების წინასაარჩევნო კამპანიის ერთ-ერთი ნიშანი კოორდინატორთა მოღვაწეობაა, რასაც ფორმალური ხასიათი აქვს და მოსახლეობის ცხოვრების გაუმჯობესებას არ ემსახურება.

„თბილისში მოსახლეობის გამოკითხვა კოორდინატორა მიერ აბსოლუტური ფორმალობაა. ისევე, როგორც წინა წელს, ძირითადად დადიან მერიის მიერ შერჩეული კოორდინატორები და ფორმალურ გამოკითხვას ატარებენ. ამავდროულად, ისინი სწავლობენ მოსახლეობის მოსაზრებებს ამა თუ იმ საკითხთან დაკავშირებით, ანუ, ისინი პარალულურ რეჟიმში ხელისუფლების საარჩევნო საქმეებს აკეთებენ, რაც დაუშვებელია. ასეთივეა ცალკეული ინიციატივები, რაც ბოლო პერიოდში პრეზიდენტს უკავშირდება. სწორედ წინასაარჩევნო პერიოდზეა გათვლილი 40-დან 65 წლამდე ადამიანების დასაქმების ინიციატივა“, - აცხადებს დავით ნარმანია.

ეკონომიკის ექსპერტის თქმით, ეს კატეგორია სწორედ იმისთვის შეირჩა, რომ ისინი  ყველაზე მეტად არიან ოპოზიციურად განწყობილნი, რადგან დიდი ხანია, სამსახურს ვერ შოულობენ.

შეკითხვაზე, რას ემსახურება შადრევნებისა და ბათუმში გახსნილი საეჭვო არქიტექტურული ნიმუშები -  ე.წ. „შლოპანცი კვერცხებზე“, ნარმანიას თქმით, ეს ძირითადად ხელისუფლების საერთაშორისო პიარს უკავშირდება.

„მოსახლეობის დაკვეთა ნამდვილად არ იქნება ასეთი სკულპტურები, განსაკუთრებით იმ დროს, როცა ქვეყანაში ერთ მილიონზე მეტი ადამიანი სიღარიბის ზღვარს ქვევითაა. მოსახლეობის მთავარი დაკვეთაა სამუშაო ადგილების შექმნა და არა კულტურულ-გასართობი ღონისძიებები“.

რაც შეეხება ყველაზე მტკივნეულს, საარჩევნო სიების გადამოწმებას, დავით ნარმანია აცხადებს, რომ მისი ორგანიზაციის კომპეტენცია სიებსა და საარჩევნო გარემოს სცილდება და, რომ კოალიციაში მათ საკუთარი სეგმენტი ფინანსების განხრით ექნებათ.

საქართველოს მედიამონიტორინგის ცენტრის წარმომადგენელი ია მამალაძე აცხადებს, რომ არჩევნების პერიოდში განსაკუთრებით რთული მდგომარეობაა რეგიონებში, სადაც ხედავენ, რომ წყალი არ მიეწოდებათ, ამ დროს კი 160 ათასიან შადრევანს უდგამენ, ან კიდევ ძვირადღურებულ საათს უმონტაჟებენ, რომელსაც ისრები საერთოდ არ აქვს ან უკუღმა მუშაობს. ია მამალაძის თქმით, საქართველოში მომავალი სამ წელიწადში ოთხი უმნიშვნელოვანესი არჩევნები გველოდება. მართალია, ჟურნალისტები რეგიონებში დარღვევის ფაქტების დაფიქსირებას ახერხებენ, მაგრამ ეს რჩება ფაქტებად და გაგრძელება არ მოჰყვება. მისი თქმით, მესამე სექტორს ამჟამად ყველაზე მძიმე პერიოდი უდგას.

„სოციალურად დაუცვლელ ადამიანებზე რეგიონებში დიდი ზეწოლა ხორციელდება.  გროვდება მონაცემები, თუ ვისი მომხრეები არიან ისინი. ძალიან ცუდია, რომ ეს ქაღალდზე არაა დაწერილი და ამის დოკუმენტურად მოპოვება რთულია, თუკი ადამიანი არ დაგთანხმდა, ღიად ილაპარაკოს ზეწოლის შესახებ. თანაც ასეთი რამ მასობრივად ხდება. მათ ეუბნებიან, თუ ხელისუფლებას მხარს არ დაუჭერენ, სოციალურ დახმარებას დაკარგავენ“, - გვითხრა ია მამალაძემ.          

ექსპერტი საარჩევნო საკითხებში ირაკლი მელაშვილი მიიჩნევს, რომ არჩევნების პროცესში ცალ-ცალკე ორგანიაზაციის რესურსი საკმარისი არ არის და აუცილებელია სხვადასხვა არასამთავრობო ორანიზაციის მატერიალურ და ადამიანურ რესურსთა გაერთიანება.

„ჩვენი მიზანია, შევქმნათ ფონი, რათა არა მხოლოდ დავაფიქსიროთ არსებული პრობლემები, არამედ ცვლილებები მოვახდინოთ საარჩევნო კანონმდებლობაში და მისი გადაჭრის მექანიზმებიც შევთავაზოთ საზოგადოებას“, - აცხადებს მელაშვილი.

მედიაექსპერტ ზვიად ქორიძის თქმით, დღევანდელ დღეს სწორედ მედიაა იმის მაუწყებელი, რომ ქვეყანაში საარჩევნო კამპანია უკვე დაწყებულია. უთანასწორო საარჩევნო გარემოს კი ხაზს უსვამს ის გარემოება, რომ საერთო ეროვნული მაუწყებელი მხოლოდ ხელისუფლებისთვისაა ხელისაწვდომი.

„გვსურს, ამის მონოტორინგი განვახორციელოთ, რათა მაუწყებელი ყველა საზოგადოებრივი ჯგუფისთვის თანაბარი იყოს“.

ადამიანის უფლებათა ცენტრის ხელმძღავნელის უჩა ნანუაშვილის მიზანია, რომ საარჩევნო პერიოდში დარღვევებთან დაკავშირებით ეფექტური მონიტორინგი განხორციელდეს.

„ეს მხოლოდ პოლიტიკურ ძალებს არ უნდა მივანდოთ. წინა არჩევნების დროს გამოჩნდა, რომ დაქსაქსულები ვიყავით. ამჯერად კოორდინაცია უნდა მოხდეს, რისთვისაც ყველა ორგანიზაციასთან სათანამშრომლოდ მზად ვართ. პირადად ჩვენ ადამიანის უფლებების დარღვევის მონიტორინგზე ვიქნებით ორიენტირებულნი“.

სამოქალაქო განვითარების რესურს-ცენტრის წარმომადგენელი მურმან პატარაია  აცხადებს, რომ საარჩევნო პერიოდში მისი ორგანიზაციისთვის ეთნიკურ უმცირესობებზე მუშაობაა პრიორიტეტული, განსაკუთრებით, საუბარია ქვემო ქართლსა და სამცხე-ჯავახეთზე, სადაც ეთნიკური უმცირესობები კომპაქტურად არიან ჩასახლებულნი.       

ადგილობრივი დემოკრატიის ქსელის ცენტრის წარმომადგენელმა დავით ლოსაბერიძემ კი რეგიონებზე გაამახვილა ყურადღება, რადგან, როგორც წესი, საქართველოში რეგიონებს არაფერს ეკითხებიან და გადაწყვეტილებები ცენტრალურ დონეზე მიიღება.