თომას ჰამერბერგი - დასავლეთისთვის გამიჭირდება ახსნა, როგორ შეიძლებოდა 17 მაისის მოვლენები დემოკრატიულ ქვეყანაში მომხდარიყო

თომას ჰამერბერგი - დასავლეთისთვის გამიჭირდება ახსნა, როგორ შეიძლებოდა 17 მაისის მოვლენები დემოკრატიულ ქვეყანაში მომხდარიყო

"დასავლეთისთვის გამიჭირდება იმის ახსნა როგორ შეიძლებოდა მომხდარიყო 17 მაისის მოვლენები დემოკრატიულ ქვეყანაში", - ამის შესახებ დღევანდელ პრესკონფერენციაზე ევროკავშირის სპეციალურმა მრჩეველმა საქართველოს მთავრობისთვის სამართლებრივ, კონსტიტუციურ საკითხებსა და ადამიანის უფლებებში თომას ჰამერბერგმა განაცხადა.

მისი თქმით, გულდასაწყვეტი იყო ის ფაქტი, რომ მშვიდობიანი დემონსტრანტების ერთმა ჯგუფმა ვერ ისარგებლა დემონსტრაციის ჩატარების უფლებით და იგი მეორე ჯგუფმა დაშალა.
"ყველას უნდა ჰქონდეს შეკრების და მანიფესტაციის ჩატარების თავისუფლება. ამ პრინციპს ეწინააღმდეგება ერთი ჯგუფის მიერ აქციის ჩატარება სხვისი ამ უფლების შესაზღუდად. სიტუაცია გართულდა იმითაც, რომ ადგილი ჰქონდა ძალადობას ამ მოვლენების შედეგად გამარჯვებული არავინ დარჩენილა, პირიქით, ყველა დამარცხდა. გამიჭირდება ავუხსნა გარე სამყაროს როგორ შეიძლებოდა მომხდარიყო ეს, ამ დემოკრატიულ ქვეყანაში", – განაცხადა თომას ჰამერბერგმა.

მისი თქმით, იგი განმარტებების გაკეთებისას ხაზს გაუსვამს იმ პოზოტიურ ფაქტებსაც, რასაც ადგილი ჰქონდა პრემიერისა და სხვა პოლიტიკოსების განცხადებების სახით.
"ყველა პარტიამ პარლამენტში დაგმო ეს შემთხვევა, ვიმედოვნებ, ის ნაბიჯებიც რაც მომავალში გადაიდგმება სამართლიანობის აღსადგენად არ გამოიწვევს დაპირისპირებას არც პოლიტიკოსებსა და არც საზოგადოებას შორის. საზოგადოების ნაწილში კი ეკლესიასაც მოვისაზრებ. მე მოვისმინე ეპისკოპოს იაკობის განცხადება, რომელმაც აღნიშნა, რომ ეკლესია სასულიერო პირების წარდგენას მართლმსაჯულების წინაშე არ შეეწინააღმდეგება. დარწმუნებული ვარ, ეკლესიაც იმსჯელებს იმაზე რა მოხდა და როგორ უნდა იყოს ამგვარი მოვლენები მომავალში თავიდან აცილებული", – აღნიშნა თომას ჰამერბერგმა.

მისივე განმარტებით, ამ თემაზე ინფორმაცია მიაწოდა საპატრიარქოს და ივნისში როდესაც საქართველოში კიდევ ერთხელ ჩამოვა საქართველოს პატრიარქსაც შეხვდება.
"ვეცდები 17 მაისს მომხდარი დასავლეთს განვუმარტო და განვუმარტო ის ნეგატიური იმიჯი, რომელიც ძალადობის კადრებით საქართველოს დასავლეთში შეექმნა. ასევე ვეცდები ვისაუბრო იმ პოზიტიურ, დემოკრატიულ ცვლილებებზე, რომელიც საქართველოში მიმდინარეობს. ხაზს გავუსვამ, რომ მიმდინარე პროცესები ყველა დაინტერესებულ პირს, მათ შორის სამოქალაქო საზოგადოებას აძლევს ჩართულობის საშუალებას", – აღნიშნა თომას ჰამერბერგმა.

საქართველოს მთავრობის მრჩევევლი აცხადებს, რომ მისი შთაბეჭდილებით, შსს ამ ფაქტების გამოძიებას სერიოზულად ეპყრობა.
თომას ჰამერბერგს სჯერა, რომ საგამოძიებო ორგანოები შესაბამის ზომებს მალე მიიღებენ.

"რაც შეეხება პოლიციის მოქმედებას, კადრებში აშკარაა, რომ მათ ხალხის მასასთან გამკლავება გაუჭირდათ და მომხდარის შედეგად სამართალდამცავებიც დაშავდნენ. პოლიციის ასეთი მოქმედება რომ არა, შესაძლოა, შედეგი უფრო უარესი გვქონოდა. არ იქნება სამართლიანი თუ ამ სიტუაციაში პოლიციას დავადანაშაულებთ. პრობლემა ამ შემთხვევაში დემონსტრაციის მომწყობთა ძალადობაშია" , – აღნიშნა თომას ჰამერბერგმა.