გიორგი ფარესიშვილი მის წინააღმდეგ გამოქვეყნებული ვიდეოკადრების ექსპერტიზას დიპკორპუსს სთხოვს

გიორგი ფარესიშვილი მის წინააღმდეგ გამოქვეყნებული ვიდეოკადრების ექსპერტიზას დიპკორპუსს სთხოვს

უფლებადამცველი გიორგი ფარესიშვილი მის წინააღმდეგ გამოქვეყნებული ვიდეოკადრების ექსპერტიზას საქართველოში აკრედიტებულ დიპლომატიურ კორპუსს სთხოვს. როგორც ფარესიშვილმა დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, ის უახლოეს დღეებში მიმართავს ამ თხოვნით დიპლომატებს. 

"მე არ ვენდობი ლაშა ნაცვლიშვილის გამოძიებას იმ სიბინძურესთან დაკავშირებით, რომელიც გაავრცელა გელა ხვედელიძემ ჩემს მიმართ. აქედან გამომდინარე, მე უახლოეს დღეებში მივმართავ საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩ რიჩარდ ნორლანდს და ასევე დიპლომატიურ კორპუსს, რომ სწორედ მათ მოახდინონ ამ კადრების ექსპერტიზა. მე არ ვენდობი ნაცვლიშვილის გამოძიებას, იქიდან გამომდინარე, რომ ის უშუალო კავშირშია ხვედელიძესთან", - განაცხადა ფარესიშვილმა.

გარდა ამისა, დღევანდელ პრესკონფერენციაზე იმყოფებოდა შპს "გიორგის" დამფუძნებელი ზურაბ მაისურაძე. ფარესიშვილის თქმით, სწორედ ნაცვლიშვილისა და ხვედელიძის მეშვეობით განადგურდა მაისურაძის კომპანია, რომელიც სასმელი წყლის ბიზნესს აწარმოებდა.

"მე უახლოეს დღეებში კიდევ ერთხელ მივმართავ პროკურატურას, რომ გამოიძიოს ეს საქმე. ამასთან დაკავშირებით მე უკვე 10 წელია ვიბრძვი, რადგან სწორედ მათი უსაფუძვლო ბრალდებების გამო დაიხურა 2002 წელს ჩემი კომპანია. მათ ჰქონდათ ინტერესი ჩემი კომპანიისა და ამ ბიზნესის მიმართ. ნაცვლიშვილმა, რომელიც იყო უშიშროების მინისტრის მოადგილე, უსაფუძვლო ბრალდებები გამოსცა ჩემს მიმართ, რომ მე მივითვისე პრეზიდენტის ფონდიდან თანხა, ასევე არ მქონდა ლიცენზია. თუმცა, მათ მტკიცებულებები არ აქვთ. მე ლიცენზია ნამდვილად მქონდა და არანაირი თანხა არ მიმითვისებია. ნაცვლიშვილის ამ განკარგულებიდან გამომდინარე, ქვემო ქართლის უშიშროების სამსახურის მაშინდელმა უფროსმა გელა ხვედელიძემ აღძრა საქმე, რის შემდეგაც ჩემი კომპანია დაიხურა, მე მოვითხოვ პროკურატურისგან რომ გამოიძიოს ეს საქმე", - განაცხადა მაისურაძემ.

მისივე თქმით, უნდა აღიძრას სისხლის სამართლის საქმე ამ საქმესთან დაკავშირებით და ნაცვლიშვილი და ხვედელიძე უნდა მიეცნენ პასუხისგებაში.