ალექსანდრე ბარამიძე -

ალექსანდრე ბარამიძე - "ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობის შესახებ" კანონი უნდა შეიცვალოს

იუსტიციის მინისტრის მოადგილე ალექსანდრე ბარამიძე პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის გარანტს კანონმდებლობის ფუნდამენტურად შეცვლაში ხედავს.

როგორც ჟურნალისტებს აღნიშნულ საკითხზე კომენტირებისას ბარამიძემ განუცხადა, მათ შორის "ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობის შესახებ" კანონიც უნდა შეიცვალოს.

"ფუნდამენტურად უნდა შეიცვალოს კანონმდებლობა, მათ შორის კანონი "ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობის შესახებ", რათა უზრუნველყოფილ იქნეს ძალიან ეფექტური და მკაცრი სასამართლო კონტროლი ნებისმიერ მოთხოვნაზე, რომ პირის მიმართ განხორციელდეს ფარული მოქმედებები. ეს არის ჩვენი ურყევი პოზიცია", - განაცხადა ალექსანდრე ბარამიძემ.

ამასთან, იუსტიციის მინისტრის მოადგილე სამოქალაქო სექტორს ეთანხმება იმაში, რომ დაწესდეს გარკვეული საზოგადოებრივი კონტროლი იმასთან დაკავშირებით, "თუ როგორ და რა პირობებში უნდა განადგურდეს ყველა ის მონაცემი, რომელიც არ უნდა ინახებოდეს".

გარდა ამისა, ბარამიძემ 17 მაისს, რუსთაველის გამზირზე განვითარებულ მოვლენებზეც გააკეთა კომენტარი. მისი თქმით, უნდა მოხდეს ყველა სამართალდარღვევის, მათ შორის 17 მაისს ჩადენილი დანაშაულებრივი ქმედებების გამოძიება.