წითელას შემთხვევების მატების გამო, საბავშვო ბაღების ხელმძღვანელებს რეკომენდაციები მისცეს

წითელას შემთხვევების მატების გამო, საბავშვო ბაღების ხელმძღვანელებს რეკომენდაციები მისცეს

დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის სამეცნიერო საბჭოს ხელმძღვანელი პაატა იმნაძე აცხადებს, რომ წითელას შემთხვევების მატებასთან დაკავშირებით ცენტრში საბავშვო ბაღების ხელმძღვანელები დაიბარა და გარკვეული რეკომენდაციები გასცა.

პაატა იმნაძე განმარტავს, რომ საბავშო ბაღების ხელმძღვანელებს ურჩიეს, აღსაზრდელების მშობელთათვის აცრების აუცილებლობა შეეხსენებინათ.

მისივე თქმით, იმ შემთხვევაში, თუკი 3 წლის ბავშვს წითელათი ინფიცირებულ პირთან კონტაქტი აქვს, შესაძლებელია 5 წლის ასაკისთვის დაგეგმილი აცრა მან წინასწარ ჩაიტაროს. ამასთან, თუკი ბავშვს ერთი წლის ასაკში ვაქცინაცია ჩაუტარდა და ინფიცირებულთან კონტაქტში არ იმყოფება, 5 წლისთვის დაგეგმილი ვაქცინაციის ჩატარება დროზე ადრე აუცილებელი არ არის.

"წითელათი ინფიცირებულთან კონტაქტირებიდან 3 დღის განმავლობაში, პაციენტს აცრა იცავს, ასწრებს ვაქცინა მუშაობას, დაგვიანებული ვაქცინაციისა და ინფიცირების შემთხვევაში კი ინფექცია უფრო მსუბუქად განვითარდება, რადგან ადამიანის ორგანიზმში წითელაზე იმუნიტეტის გამომუშავება უკვე დაწყებული იქნება და ნამდვილ წითელას ვირუსს აცრის ვირუსი დახვდება", - განმარტა იმნაძემ.

მისივე თქმით, ბავშვების გარდა, უნდა აიცრან ასევე დაავადებულთან კონტაქტში მყოფი მშობლები და 35 წლამდე მოზრდილები.

იმნაძის ინფორმაციით, ვაქცინაცია უფასოა ყველა წითელასთან კონტაქტირებული პირისა და 7 წლამდე ბავშვებისათვის, რომლებსაც აცრა გამოტოვებული აქვთ.
ამასთან, პაატა იმნაძე საქართველოში წითელას ინფექციის ხელოვნურად გავრცელებას კატეგორიულად გამორიცხავს.

"ინტერპრესნიუსთან" საუბრისას პაატა იმნაძემ "აბსოლუტური სისულელე" უწოდა გავრცელებულ ხმებს საქართველოს ლაბორატორიებში წითელას ინფექციის ხელოვნურად შექმნისა და გავრცელების თაობაზე.

მისივე ინფორმაციით, წელს, წითელათი ინფიცირების 3000-ზე მეტი შემთხვევა დაფიქსირდა. პაატა იმნაძე წითელას შემთხვევების მატებას 2008 წელს ჩავარდნილ მოზრდილთა აცრებს უკავშირებს. მისივე თქმით, გასულ წლებში, ვაქცინაციის დაწყებამდე წითელას 10 000 -15 000 შემთხვევა ფიქსირდებოდა.

"2008 წელს მედიასაშუალებებმა ატეხეს ერთი ამბავი, არიქა, ბავშვებს ცრიან და კლავენო. მილიონი ადამიანი უნდა აცრილიყო და აიცრა 500 000. წელს, ინფიცირებულების უმრავლესობა მოზრდილია", - აღნიშნა იმნაძემ.