თბილისის საქალაქო სამართლომ "საქართველოს რკინიგზის" ყოფილ გენერალურ დირექტორს, ირაკლი ეზუგბაიას წინასაწარი ორთვიანი პატიმრობა დაუსწრებლად შეუფარდა. არსებული ინფორმაციით, ირაკლი ეზუგბაია ამჟამად უცხოეთში ერთ-ერთი სასწავლო პროგრამით იმყოფება.
რაც შეეხება "საქართველოს რკინგიზის" სხვა დაკავებულ თანამშრომლებს, ისინი სასამართლო დარბაზიდან გათავისუფლდნენ. ადვოკატ გოგიტა გაბაიძის განცხადებით, ბრალდებამ ვერ დაასაბუთა, რატომ მოითხოვა პატიმრობა და აქედან გამომდინარე, რამდენიმე პირი გათავისუფლდა.
მისივე თქმით, ირაკლი ეზუგბაიას ორთვიანი წინასწარი პატიმრობა იმიტომ შეეფარდა, რომ ის არ გამოცხადებულა სასამართლოზე. "მაგრამ, დარწმუნებული ვარ, როდესაც ის გამოცხადდება, მის მიმართაც გადაიხედება აღმკვეთი ღონისძიება",-აღნიშნა გაბაიძემ.
შპს "საქართველოს რკინიგზისთვის" 65 მილიონიანი ზიანის მიყენების ბრალდებით, რამდენიმე პირი დააკავეს. ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის ინფორმაციით, განსაკუთებით დიდი ოდენობით სახელმწიფო თანხების მითვისება-გაფლანგვის ბრალდებით დააკავეს შპს "საქართველოს რკინიგზის" სატვირთო გადაზიდვების ყოფილი დირექტორი და შპს "ვაგონმშენებელის" სამეთვალყურეო საბჭოს ყოფილი წევრი დავით ჯინჯოლია.
დაკავებულები არიან: ასევე "სატვირთო გადაზიდვების" დირექტორი აბელ გიორგობიანი, გადაზიდვების მოძრავი შემადგენლობის დეპარტამენტის უფროსის მოადგილე გიორგი ჟღენტი, შპს "ვაგონმშენებელი კომპანიის" დამფუძნებელი ბადრი წილოსანი, გენერალური დირექტორი ირაკლი თოდუა, დირექტორები - მამუკა დოლიძე და ვლადიმერ აბულაძე.
სისხლის სამართლებრივი დევნა დაიწყო "საქართველოს რკინიგზის" ყოფილი გენერალური დირექტორის, ირაკლი ეზუგბაიას მიმართ, რომელიც ამჟამად მიმალვაში იმყოფება და მასზე ძებნა მას შემდეგ გამოცხადდება, რაც შუამდგომლობას პროკურატურა დააყენებს.
"გამოძიებით დადგინდა, რომ "საქართველოს რკინიგზასა" და "ვაგონმშენებელ კომპანიას" შორის ვაგონების გარემონტების მიზნით, 2008 წლიდან გაფორმდა 5 ხელშეკრულება, რომლებშიც საქართველოს რკინიგზამ 1 სატვირთო ვაგონის შეკეთებისთვის ხელოვნურად გაზრდილი თანხა, 39 ათასი დოლარი დააფიქსირა. რეალურად კი ერთი ვაგონის შეკეთების საბაზრო ღირებულება 31 ათასი ლარი იყო. ამ ქმედებით, დაკავებულებმა შპს "საქართველოს რკინიგზას 65 მილიონი ლარის ზიანი მიაყენეს", - აცხადებენ საგამოძიებო სამსახურში.