სპორტის სასახლეში გამართული ყრილობის მონაწილეებმა პარლამენტის სახელზე რეზოლუცია მიიღეს

სპორტის სასახლეში გამართული ყრილობის მონაწილეებმა პარლამენტის სახელზე რეზოლუცია მიიღეს

სპორტის სასახლეში გამართული ყრილობის მონაწილეებმა პარლამენტის სახელზე რეზოლუცია მიიღეს. სწორედ რეზოლუციის მიღებით დასრულდა პოლიტპატიმრებისა და პოლიტდევნილების ორგანიზებით გამართული დღევანდელი ღონისძიება. 

მათ მიერ მიღებულ დოკუმენტში აღნიშნულია, რომ პირველ ოქტომბერს ქართველი ხალხისა და საზოგადოების არჩევანი იყო ქვეყანაში სამართლიანობის აღდგენა და არა წინა რეჟიმთან თანამშრომლობა. სამართლიანობის აღდგენა კი, რეზოლუციის მიმღებთა განცხადებით, პირველ რიგში დამნაშავე რეჟიმის კანონის ძალით გასამართლებას მოითხოვს.

"ჩვენი ლეგიტიმური უფლებაა, დავიცვათ სამშობლო ისეთი მაოხრებელი ჯგუფისგან, როგორიც "ნაციონალური მოძრაობაა". უკვე ყბადაღებულად ქცეული ტერმინი "კოჰაბიტაცია", ჩვენებურად თანაცხოვრება, თანაარსებობა, ზოგად ასპექტში მისაღებია, მაგრამ არის ზღვარი, რომლის გადალახვაც არ ეგების. ეს ზღვარი ხალხსა და სააკაშვილის რეჟიმს შორის თვით "ნაციონალურმა მოძრაობამ" გაავლო. მათ მიერ მოკლული, ნაწამები, დასახიჩრებული და აბუჩად აგდებული ადამიანების უკანონოდ გასხვისებული კერძო საკუთრების სახით. ეს ზღვარი გაივლო იმ სისხლის მდინარეებით, რომელიც ყოფილმა რეჟიმმა რუსთაველზე საკუთარ ხალხს ბევრჯერ ადინა. ევროპული დემოკრატიის უპირველესი პრინციპი ღაღადებს – უმკაცრესი პასუხისმებლობა დაეკისროს მას, ვინც ადამიანების სიცოცხლის უფლებას ხელყოფს", - ნათქვამია რეზოლუციაში.

ყრილობის მონაწილეები ამავე დოკუმენტში აცხადებენ, რომ სამართლიანობის საბურველს ამოფარებული დემოკრატიული, ორმაგი სტანდარტების შემცველი ვერანაირი ფარული ქმედება, რომელიც რეალურად "ნაცმოძრაობის" გადარჩენას ემსახურება, საზოგადოებისთვის მისაღები ვერ იქნება. მათი თქმით, საზოგადოება მხოლოდ იმ პირობით დაუჭერს მხარს მოქმედ ხელისუფლებას, თუკი ის საკუთარ წინასაარჩევნო დანაპირებას, სამართლიანობის აღდგენის შესახებ შეასრულებს.

რეზოლუციაში ასევე დაფიქსირებულია პარლამენტისადმი მოთხოვნა, შეიქმნას სპეციალური საგამოძიებო კომისია, რომელიც შეისწავლის "ნაციონალური მოძრაობის" ხელისუფლებაში ყოფნის პერიოდში ჩადენილ დანაშაულებრივ ქმედებებს და შესაბამის პოლიტიკურ, სამართლებრივ და მორალურ შეფასებას მისცემს მას.