არც ერთ შეხედულების, ორგანიზაციის თუ რელიგიური მრწამსის წარმომადგენელს არ აქვს იმუნიტეტი და საქართველოს კანონებით და კონსტიტუციით სხვისი ცემა, ქონების დაზიანება, საფრთხის შექმნა სხვისი ჯანმრთელობისთვის, არის დასჯადი ქმედებები , - ამის შესახებ დღეს, პოლიციელის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიებების დასრულების შემდეგ, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ დავით უსუფაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა.
დავით უსუფაშვილი 17 მაისის მოვლენებს კიდევ ერთხელ გამოეხმაურა და პოლიციელების ქმედებებიც კიდევ ერთხელ შეაფასა. მისი თქმით, სტანდარტი, კონსტიტუცია და კანონები უნდა იყოს ერთადერთი და ყველამ უნდა გაიაზროს, რომ როდესაც ქუჩაში რაღაცას აკეთებს და რაღაცას ამბობს, ან ვინმეს ემორჩილება, ან არ ემორჩილება, საქმე აქვს არა კონკრეტულ პოლიციელთან, არამედ საქართველოს სახელმწიფოსთან.
"საქართველოს სახელმწიფო უნდა იყოს მოწოდების სიმაღლეზე, კონსტიტუციისა და კანონის ფარგლებში და არც ერთ ადამიანს, არავის, არც ერთი შეხედულების, ორგანიზაციის, თუ რელიგიური მრწამსის წარმომადგენელს არ აქვს იმუნიტეტი და საქართველოს კანონებით და კონსტიტუციით სხვისი ცემა, ქონების დაზიანება, საფრთხის შექმნა სხვისი ჯანმრთელობისთვის, ეს ყველაფერი არის დასჯადი ქმედებები და მე მგონია, რომ სამართალდამცველი ორგანოები ამის შესახებ თავად მოგვაწვდიან ინფორმაციას", - აღნიშნა დავით უსუფაშვილმა.
მისივე თქმით, 17 მაისს პოლიცია იყო ყველაზე უკეთ მობილიზებული და ყველაზე უკეთ შეასრულა თავისი მოვალეობა. "მე ასე ვხედავ, ვინაიდან ამ ვითარებაში, როდესაც კრიტიკულ მომენტში პოლიცია დადგა არჩევანის წინაშე, ან უნდა მიემართა გაცილებით მძიმე ღონისძიებებისთვის და ამას შესაძლოა პროცესი ბოლომდე უმართავი გაეხადა, ან უნდა უზრუნველეყო დემონსტრანტთა უსაფრთხოება და საკუთარ თავზე მიეღო აგრესიული მასის დაწოლა. მათ არჩევანი გააკეთეს მეორე გზის სასარგებლოდ და ეს იყო აბსოლუტურად სწორი გამოსავალი", - აღნიშნა დავით უსუფაშვილმა.
მას მიაჩნია, რომ 17 მაისს, იმ კონკრეტულ მომენტში პოლიციელთა კორდონის გარღვევის დროს რომ გამოყენებულიყო ცრემლსადენი გაზი ან სხვა სპეცსაშუალება, ამას შესაძლოა გამოუსწორებელი შედეგები მოეტანა რუსთაველის გამზირზე.