ერთიანი კავკასიის ინიციატივა დასავლეთისთვის მისაღებია

ერთიანი კავკასიის ინიციატივა დასავლეთისთვის მისაღებია

სააკაშვილი მეზობლებს „გაერთიანებული და მშვიდობიანი კავკასიის“ ჩამოყალიბებისკენ მოუწოდებს. პრეზიდენტის თქმით, საერთო ბაზარი, საზიარო ინტერესები ერთ დღეს გაერთიანებულ კავკასიას დაუდებს საფუძველს.

 

პოლიტიკური ოპოზიციის შეფასებით, სააკაშვილს არ აქვს მშვიდობიანი და ერთიანი კავკასიის შექმნის შესაძლებლობა. მათი აზრით, ამ იდეის რეალიზება ვერც საქართველოს და ვერც რუსეთის დღევანდელი ხელისუფლებების ხელში ვერ მოხერხდება.

 

„სააკაშვილს 2005-06 წლებში, კავკასიური იდეის განხორციელების რეალური შესაძლობლება ჰქონდა, თუმცა მან ეს შანსი ხელიდან გაუშვა. ამ ეტაპზე კი მისი დაპირება ყალბია, რადგან საერთაშორისო საზოგადოებას ჩვენი ქვეყნის ლიდერის ნდობა აღარ აქვს. ამის შესაძლებლობა მხოლოდ სააკაშვილის წასვლის შემდეგ იქნება“, – მიაჩნია ირაკლი ალასანიას.

 

ექსპერტთა შეფასებით, თუ რუსეთი არ დარწმუნდა, რომ ერთიანი კავკასიის იდეა მის წინააღმდეგ არ არის მიმართული, კონფრონტაციის მიზეზს ყოველთვის მოძებნის. იმასაც არ გამორიცხავენ, რომ ერთიანი კავკასიის იდეას კრემლის კულუარებში მძიმე რეაქცია მოყვეს. სამაგიეროდ ანალიტიკოსების თქმით, თავისუფალი და ერთიანი კავკასიის ინიციატივა დასავლეთისთვის მისაღები და გასაგებია.

 

„თუ ერთიანი, თავისუფალი კავკასიის შექმნის ინიციატივას ქაღალდზე დაწერილი კონცეფცია არ მოჰყვა, ეს გაეროს ტრიბუნიდან ფუჭად გასროლილი სიტყვა იქნება“, –

აცხადებენ ექსპერტები.

 

გაერო-ს ასმბელის 65-ე სესიაზე მიხეილ სააკაშვილმა „გაერთიანებული და მშვიდობიანი კავკასიის“ რეგიონის შესახებ საუბარს დიდი დრო დაუთმო. სააკაშვილის განცხადებით, მას სწამს, რომ საერთო ბაზარი და საზიარო ინტერესები ერთ დღეს გაერთიანებულ კავკასიას დაუდებს საფუძველს:

 

„ჩვენი რეგიონი ვერ იქნება ნამდვილად თავისუფალი, თუკი არ იქნება ერთიანი. ეს, რასაკვირველია, თითოეული ჩვენგანის დიდ ძალისხმევას მოითხოვს. მსგავსი რამ დიდი ხნის წინათ ევროკავშირის შემთხვევაშიც მოხდა. ამ ორგანიზაციასთან - საოცარ გეოპოლიტიკურ რევოლუციასთან – შეერთება ჩვენი დიდი სურვილია. კავკასიის გაერთიანებისკენ გადადგმული ისტორიული ნაბიჯები ენერგოსექტორში, განათლებაში, კულტურულ და სამოქალაქო სფეროებში კონკრეტული პროექტებით დაიწყება“.

 

სააკაშვილი ამბობს, რომ კავკასიის ერთიანობა არავის წინააღმდეგ არ იქნება მიმართული და არავინ აპირებს საზღვრების შეცვლას:

 

„ჩვენ, კავკასიელებს, რომელთაც განადგურების ლეგიტიმური თუ წარმოსახვითი საფრთხე ელოდებოდათ ერთმანეთისგან, თუ სხვა ძალებისგან, ხშირად იმედი გვქონდა, რომ მეზობელი იმპერიები დაგვიცავდნენ. უცხოეთისგან თავშესაფრის მგზნებარედ ძიებამ დამორჩილებამდე, ანექსიამდე და ასიმილაციამდე მიგვიყვანა. ამან საშუალება მისცა უცხოელ ლიდერებს, ხელოვნურად გაეძლიერებინათ ჩვენი დაყოფა. ახლა ცვლილებების დროა. დროა, ერთად დავდგეთ და ერთმანეთს დავეხმაროთ გადარჩენასა და წინსვლაში“, - ამბობს სააკაშვილი.

 

მისივე თქმით, 2008 წელს ასობით ტანკმა და ჯანვშანტრანსპორტიორმა, ჯარებმა და გასამხედროებულმა დაქირავებულებმა კავკასიის მთები გადაკვეთეს. მათ საქართველოში ნგრევა, სიკვდილი და სიძულვილი მოიტანეს:

 

სააკაშვილმა რუსეთის ლიდერებს საერთო რეგიონის, კავკასიის ტრანსფორმაციაში მონაწილეობა შესთავაზა: „მივმართავ რუსეთის ფედერაციის ლიდერებს. თქვენ არჩევანის წინაშე ხართ – ან ირჩევთ მონაწილეობას ჩვენი საერთო რეგიონის ტრანსფორმაციაში და სხვა ქვეყნებს აღიქვამთ, როგორც პარტნიორებს და არა ვასალებს, ან ეს ტრანსფორმაცია მოხდება თქვენს გარეშე.

 

ჩვენ ყველა გვსურს პირველი გზა – რუსეთი როგორც პარტნიორი და არა მტერი. ამიტომ საქართველოს ხელისუფლება მხარს უჭერს აშშ-ს, ევროკავშირისა და რუსეთის გადატვირთვის პოლიტიკას. არავის აქვს იმაზე დიდი სურვილი, ვიდრე ჩვენ, რომ რუსეთი იქცეს ქვეყნად, რომელიც მოქმედებს გაეროს პრინციპებით საერთაშორისო სამართლის საფუძვლებზე იცავს ადამიანის უფლებების ძირითად ფასეულობებს“.

 

„ევროპელმა დიპლომატებმა პრეზიდენტ სააკაშვილის ინიციატივა ერთიანი კავკასიის შექმნის შესახებ მოიწონეს, – ამის შესახებ გაეროში საქართველოს მუდმივმა და სრულუფლებიანმა წარმომადგენელმა კახა ლომაიამ სააკაშვილის გაეროს გენერალური ასამბლეის დებატებზე გამოსვლის შემდეგ განაცხადა – რამდენიმე კოლეგას შევხვდი, ვესაუბრე და მათი აზრით შემიძლია გითხრათ, რომ ყველაზე მნიშვნელოვანი ნაწილი პრეზიდენტის გამოსვლის იყო ის პოზიტიური და კონსტრუქციული მოწოდებები, რომელიც სამხრეთ და ჩრდილოეთ კავკასიაში არა მხოლოდ კონფლიქტების მოგვარების, არამედ სტაბილური, დემოკრატიული და წარმატებული სამოქალაქო სახელმწიფოებრივი სივრცის შექმნას გულისხმობს“.

 

პარტია „თავისუფალი დემოკრატების“ ლიდერის, ირაკლი ალასანიას განცხადებით, სააკაშვილს არ აქვს მშვიდობიანი და ერთიანი კავკასიის შექმნის შესაძლებლობა.

როგორც ალასანიამ “კავკასიის ინტერნეტ მედია ჯგუფში”, ჟურნალისტებთან შეხვედრისას განაცხადა, ეს იდეა შევარდნაძესაც ჰქონდა და მას უფრო რეალურად შეეძლო ამ პროექტის განხორციელება, ვიდრე დღეს სააკაშვილს შეუძლია.

 

„მშვიდობიანი კავკასიის შექმნის იდეა არაა ახალი. ეს პროექტი შევარდნაძის ინიციატივაა. სააკაშვილს 2005-06 წლებში, იდეის განხორციელების რეალური შესაძლობლება ჰქონდა, თუმცა მან ეს შანსი ხელიდან გაუშვა. ამ ეტაპზე კი მისი დაპირება ყალბია, რადგან საერთაშორისო საზოგადოებას ჩვენი ქვეყნის ლიდერის ნდობა აღარ აქვს. შევარდნაძეს გაცილებით დიდი შანსი ჰქონდა ამ პროექტის რეალურდ დაწყების, ვიდრე სააკაშვილს“, - აცხადებს ალასანია.

 

როგორც ალასანიამ აღნიშნა, ამ პროცესების რეალურად დასაწყებად, მთელი ქართული საზოგაოდება უნდა იყოს ჩართული. მისივე თქმით, „მშვიდობიანი და ერთიანი კავკასიის ჩამოყალიბებაში, კავკასიელი ერების ჩართულობა აუცილებელია“.

 

„როგორც კავკასიელი ერების, ასევე რუსეთის მონაწილეობა მშვიდობიანი და ერთიანი კავკასიის ჩამოყალიბებისთვის აუცილებელია. თუმცა მათი ჩაბმა, ამ პროცესების რეალურად დაწყების შემთხვევაში, ძალიან რთულია. ამის შესაძლებლობა მხოლოდ სააკაშვილის წასვლის შემდეგ იქნება“, – აცხადებს ალასანია.

 

„გლობალურ სამყაროში თავისუფალი კავკასიის იდეის რეალიზება ვერ მოხდება, – ამის შესახებ „ეროვნული ფორუმის“ ლიდერმა კახაბერ შარტავამ განაცხადა – “გლობალურ სამყაროში თავისუფალი კავკასიის იდეის რეალიზება ვერ მოხდება. თუ საუბარია დანაწევრებული და სხვადასხვა სახელმწიფოს გავლენის ქვეშ მყოფი კავკასიის შიდა ურთიერთობის ინტენსიფიკაციაზე, რომელიც რუსეთის გავლენისგან იქნება განთავისუფლებული, ეს ჯერ კიდევ სალაპარაკოა. პირველი, რასაც შეიძლება მივაღწიოთ, არის მშვიდობანი კავკასია“. შარტავას შეფასებით, მშვიდობიანი კავკასიის იდეის რეალიზება ვერც საქართველოს და ვერც რუსეთის დღევანდელი ხელისუფლებების ხელში ვერ მოხერხდება.

 

პოლიტოლოგ რამაზ საყვარელიძის თქმით, ერთიანი კავკასიის იდეა რუსეთს ყოველთვის აღიზიანებდა და თუ დიპლომატიური გზებით მოსკოვი არ დარწმუნდა, რომ ეს მის წინაღმდეგ არა არის მიმართული, იგი თბილისთან კონფრონტაციის მიზეზს ყოველთვის მოძებნის.

 

საყვარელიძის აზრით, პრეზიდენტ სააკაშვილის გაეროში გაკეთებული განცხადებები მარტო ერთ მეზობელს არ ეხებოდა. სააკაშვილმა ორივე მეზობელს, სომხეთსა და აზერბაიჯანს მიანიშნა, რომ თბილისი ერევნისა და ბაქოსათვის ღიაა და დაინტერესებულია მათ შორის არსებული კონფლიქტის მოგვარებით.

 

პოლიტოლოგის თქმით, რუსეთის საგარეო საქმეთა მინიტრის სერგეი ლავროვის განცხადებებით თუ ვიმსჯელებთ, სააკაშვილის წინადადებები შესაძლოა რუსეთისათვისაც მისაღები აღმოჩნდეს. თუმცა, მისივე განმარტებით, არ არის გამორიცხული, რომ ერთიანი კავკასიის იდეას კრემლის კულუარებში მძიმე რეაქცია მოყვეს.

 

საყვარელიძის თქმით, 90-იან წლებში ერთიანი კავკასიური სახლის იდეამ რუსეთი ისე გააღიზიანა, რომ ჯოხარ დუდაევის და ზვიად გამსახურდიას მოსაშორებლად ყელაფერი გააკეთა.

 

„პრეზიდენტმა სააკაშვილმა ერთიანი კავკასიისა და კავკასიის რეგიონებში მცხოვრებ ხალხებს შორის თანამშმრობლობის იდეა საკმაოდ კარგად ჩამოაყალიბა, მაგრამ, თუ კრემლმა ეს მისთვის ისევ სახიფადოდ და საზიანოდ ჩათვალა, კონფრონტაციისთვის მიზეზს ყოველთვის მოძებნის“ – აღნიშნავს რამაზ საყვარელიძე.

 

მისივე აზრით, იმისათვის რომ ეს ასე არ მოხდეს, საქართველოს თავის პარტნიორების მეშვეობითა და დიპლომატიურ წრეებთან აქტიური თანამშრომლობით მოსკოვის დარწმუნება მოუწევს, რომ ერთიანი კავკასია მისთვისაც სარგებლობის მომტანი იქნება.

 

„ყურადღება უნდა მივაქციოთ იმას, რომ სხვადასხვა ქართველი ლიდერი ყოველთვის ცდილობდა კავკასიასთან დაკავშირებით გარკვეული იდეის პროექტირება მოხდინა. ეს გააკეთა ზვიად გამსახურდიამაც, ედუარდ შევარდნაძემაც, ილია მეორემაც და დღეს ამას აკეთებს სააკაშვილიც. რასაკვირველია, ეს თავისთავად არის საინტერესო იდეა და უნდა ითქვას, რომ დასავლეთისთვის მისაღები და გასაგები. რამდენად მოხდება ამ იდეის რეალიზაცია, ეს მეორე საკითხია. აქაც, როგორც ყოველთვის მთავარი პროცესია. თუ ამ იდეას, რომლის პრეზენტაცია სააკაშვილმა მოახდინა იქნება გააზრებული, მყარი ბაზა საინტერესო პროცესის შექმნაც შეიძლება“, - ამბობს მამუკა არეშიძე.

 

მისივე შეფასებით, ამ იდეას ხელისშემშლელი გარემოების იქნება, რადგან ასეთი იდეის ავტორობაზე პრეტენზიას თურქეთი აცხადებდა, კერძოდ კი კავკასიის უსაფრთხოების სარტყელის შექმნის იდეით, ასევე ნებისმიერი ასეთი იდეის რეალიზაციას ეჭვის თვალით უყურებს რუსეთი და თვლის, რომ მის გარეშე არაფერი არ უნდა გაკეთდეს.

 

რაც შეეხება ქართული მხარის მიერ ინიცირებულ თავისუფალი კავკასიის შექმნის პროცესში კავკასიელი ერების ჩართვას, არეშიძე მიიჩნევს, რომ კავკასიაში სახელმწიფო წარმონაქმნები მოსკოვისკენ იხედებიან და ამ საქმეში არ ჩაერევიან: “ეს ფაქტია, ერების მოზიდვა ამ იდეასთან დაკავშირებით შესაძლებელია, ოღონდ საქართველოს ხელისუფლება უნდა იყოს თანმიმდევრული და არა ისეთი, როგორც ჩერქეზების შემთხვევაში მოიქცა, როდესაც ჩერქეზების გენოციდის მიღების იდეა წამოწია და მერე უკან დაიხია და ახლა სხვა ტიპის დადგენილების მიღებას აპირებს“.

 

„თუ ერთიანი, თავისუფალი კავკასიის შექმნის ინიციატივას ქაღალდზე დაწერილი კონცეფცია არ მოჰყვა, ეს გაეროს ტრიბუნიდან ფუჭად გასროლილი სიტყვა იქნება“, – ამის შესახებ „ჯი-ეიჩ-ენს“ ექსპერტმა სოსო ცისკარიშვილმა განუცხადა.

 

„ჯერ გამოკვლევის საგანია რა იგულისხმება სიტყვა თავისუფლებაში და კავკასიის ვისგან განთავისუფლებას გულისხმობს. რომელ კავკასიელ ლიდერებთან ჰქონდა განხილული ეს ინიციატივა პირდაპირ გაეროში, რომ გავიტანეთ. ეს მორგი ფუჭი გასროლა იქნება და არამგონია სერიოზული კვლევის საგანი გახდეს, თუ მას არგუმენტირებული და დამაჯერებელი განმარტება არ მოჰყვა. თუ ეს იდეა ქაღალდზე დაწერილი კონცეფციის სახით არ იქნა წარმოდგენილი“, - აცხადებს  ცისკარიშვილი.