კონდოლიზა რაისი: სააკაშვილმა რუსეთს პროვოცირების საშუალება მისცა

კონდოლიზა რაისი: სააკაშვილმა რუსეთს პროვოცირების საშუალება მისცა

აშშ-ს ყოფილი სახელმწიფო მდივანი, კონდოლიზა რაისი ამბობს, რომ საქართველოს პრეზიდენტმა შესაძლო მოკავშირეები ნატოდან გაიუცხოვა, როდესაც „რუსებს საკუთარი თავის პროვოცირების საშუალება მისცა” და სამხრეთ ოსეთის გამო ომი დაიწყო. ეს ყველაფერი მის ახალ წიგნში წერია, სადაც ის საქართველოს და უზბეკეთის ეპიზოდშიც (Rice Hits Back At Rumsfeld Over Andijan) საკუთარ თავს გონების ხმად წარმოაჩენს. საქართველოს შემთხვევაში, ის ცდილობდა შეეკავებინა იმპულსური სააკაშვილიცა და მისივე ადმინისტრაციის უფრო აგრესიულად განწყობილი წევრებიც.

იგი ასე აღწერს მისი და სააკაშვილის შეხვედრას თბილისში, ომამდე:

”ის ამაყია და შეიძლება იმპულსურიც იყოს, ამიტომ ვშიშობდით, რომ მოსკოვს საკუთარი თავის პროვოცირების საშუალებას მისცემდა და ძალას გამოიყენებდა. ფაქტიურად, მან წარმატებით მოახერხა კონფლიქტის პროვოცირება ქვეყნის კიდევ ერთ სეპარატისტულ რეგიონში, აჭარაში და სარგებელიც ნახა ამით, რადგან შიდა და საერთშორისო საზოგადოების ზეწოლით, მან ამ რეგიონის საქართველოში რეინტეგრირება მოახერხა. ამ პრეცედენტმა, ვშიშობდით ჩვენ, შეიძლება აფიქრებინოს, რომ ამჯერადაც გაიტანს თავისას იმ ტერიტორიაზე, რომლიც პუტინის საყვარელ სოჭთან მდებარეობს”.

ის სააკაშვილს ძალის გამოუყენებლობის შეთანხმებაზე ხელმოწერისკენ მოუწოდებდა, მაგრამ სააკაშვილმა უარი განაცხადა.

“ბატონო პრეზიდენტო, რაც არ უნდა მოხდეს, არ მისცეთ რუსებს თქვენი პროვოცირების საშუალება. გახსოვთ, პრეზიდენტი ბუშიც ამბობდა, რომ მოსკოვი შეეცდება სისულელე ჩაგადენინოთ. არ ჩაითრიოთ რუსეთის შეიარაღებული ჯარები. ვერავინ დაგეხმარებათ და თქვენ დამარცხდებით”, – ვუთხარი მე მკაცრად.”

აი როგორ აღწერს რაისი ომის დაწყების მომენტს შვიდი აგვისტოს საღამოს:

”მიუხედავად იმისა, რომ იმ დილას საქართველომ ცალმხრივად გამოაცხადა ცეცხლის შეწყვეტა, სამხრეთ ოსეთის მეამბოხეები, ცხინვალის გარშემო მდებარე ქართული სოფლების დაბომბვას განაგრძობდნენ. საპასუხოდ, ქართულმა ჯარმა მეამბოხეთა წინააღმდეგ დიდი სამხედრო შეტევა წამოიწყო…”

ეს რამდენადმე შესაბამისობაშია იმასთან, თუ როგორ აღწერა მოვლენათა განვითარება ომის დაწყებამდე ევროპის კავშირმა, მაგრამ ნამდვილად არ ჰგავს საქართველოს გულმხურვალე მხარდამჭერების პოზიციას ვაშინგტონში. მათთვის ის, რომ „ომი რუსებმა დაიწყეს“ დღესაც რწმენის საკითხია. როგორც ჩანს, იმ დღეებში თეთრ სახლშიც მიაჩნდათ, რომ ომი რუსებმა დაიწყეს და ამიტომ აშშ საქართველოს მხარდასაჭერად ომში ჩარევას განიხილავდა. აი როგორ აღწერს რაისი ომის დაწყების შემდგომ უშიშროების საბჭოს პირველ სხდომას:

„შეხვედრა ცოტა არ იყოს რთულად სამართავი იყო, ბევრი რუსების გამო გულში მჯიღს იცემდა. ერთ მომენტში სტივ ჰედლი ჩაერია, რასაც ის იშვიათად აკეთებდა ხოლმე. ამ დროს იმაზე ლაპარაკობდნენ, თუ რით შეიძლება დაიმუქროს აშშ”. ერთი შეკითხვა მინდა დავსვა”, – იკითხა ჰედლიმ თავშეკავებით. „მზად ვართ იმისთვის, რომ საქართველოს გამო რუსეთს ვეომოთ?”. ხმაური ჩაწყნარდა და მან ადგილი დაუთმო კონსტრუქციულ საუბარს იმაზე, თუ რის გაკეთება შეგვეძლო რეალურად.”

ჩვენ უკვე გვსმენია ამ საუბრების შესახებ სხვა წყაროდან – რონ ასმუსი წერდა, რომ თეთრ სახლში როკის გვირაბის დაბომბვის შესაძლებლობას განიხილავდნენ. ეს ის გვირაბია, რომლის გავლითაც შემოჰქონდა ტვირთები რუსეთს სამხრეთ ოსეთში. მაგრამ ოჰ, საუბრის სრული ვერსია რომ გვქონოდა… სამწუხაროდ თავდაცვის მინისტრი რონალდ რამსფელდი 2008 წელს უკვე გადამდგარი იყო, ასე რომ მის წიგნში ეს მოვლენები ვერ მოხვდა, ხოლო მისი შემცვლელი, რობერტ გეითსი, როგორც ჩანს, არ აპირებს ისეთი მემუარებს დაწერას, სადაც ყველაფერს (ან თუნდაც ზოგიერთ რამეს მაინც) მოგვიყვებოდა.

მას მერე, რაც ომი დასრულდა, რაისს სააკაშვილთან ერთობლივი პრეს-კონფერენცია ჰქონდა, სადაც, ამ უკანასკნელმა დასახული გეგმა დაარღვია და რაისი ისე გააცეცხლა, რომ „ვეღარც კი ვლაპარკობდი“:

„მე ვღელავდი საქართველოს ჭირვეულ, ემოციურ და გადაღლილ პრეზიდენტზე და იმაზე, რა შეეძლო მას ეთქვა. „ბატონო პრეზიდენტო, უბრალოდ გადაუხადეთ მადლობა ევროპელებსა და ამერიკელებს თანადგომისთვის. თქვენ ხალხს, ომის დამთავრებასთან დაკავშირებით, რაიმე გამამხნევებელი უთხარით. რუსეთზე კომენტარი მთლიანად მე დამიტოვეთ,” – ვუთხარი მე.

პრეს-კონფერენცია მშვიდად დაიწყო, მაგრამ ის ლაპარაკობდა და ლაპარაკობდა და ვხედავდი, რომ ქართველს სისხლის წნევა უწევდა. მან ბორძიკით განაგრძო გამოსვლა, თითქოს იმაზე ფირობდა, თუ რა ეთქვა კიდევ. სააკაშვილი მშვენივრად ლაპარაკობს ინგლისურად, ასე რომ ვიცოდი, აქ ენის პრობლემა არ იდგა. და უეცრად ის აგრესიულ ენაზე ალაპარაკდა – ამბობდა, რომ რუსები ბარბაროსები არიან, რომ მათი ტანკები წინ მოიწევენ და არ გაჩერდებიან. კარგი, ვფიქრობდი მე, რუსებზე მკაცრ სიტყვებს ველოდი, ასე რომ საქმე ჯერჯერობით ცუდად არ მიდის. მაგრამ მერე ის ევროპელებზე გადავიდა, ახსენა მიუნჰენი და დაშოშმინება… ისე გავცეცხლდი სააკაშვილზე, ვეღარც კი ვლაპარაკობდი…

შეთანხმებაზე ხელმოწერიდან რამდენიმე დღის შემდეგ ბრიუსელში ნატოს საგარეო საქმეთა მინსიტრების შეხვედრა ჩავატარეთ. აღმოვაჩინე, რომ მოკავშირეები გასაოცრად გულმოწყალენი იყვნენ სააკაშვილისადმი, მაგრამ რამდენიმემ თქვა, რომ მან უკვა აჩვენა, თუ რატომაა მაპის მინიჭება მისთვის არც თუ ისე კარგი იდეა”.
foreignpress.ge