რესტორანში დაპირისპირებისას გიორგი ვაშაძე, დავით საყვარელიძე და ზაზა გოროზია დაშავდნენ

რესტორანში დაპირისპირებისას გიორგი ვაშაძე, დავით საყვარელიძე და ზაზა გოროზია დაშავდნენ

თბილისში, თამარაშვილის ქუჩაზე მდებარე კლუბ-რესტორან "ლა ტრუფეში" მომხდარი დაპირისპირების დროს "ნაციონალური მოძრაობის" ლიდერები, დეპუტატები გიორგი ვაშაძე, დავით საყვარელიძე და სამეგრელოს ყოფილი გუბერნატორი ზაზა გოროზია დაშავდნენ , რომლებიც რესპუბლიკურ საავადმყოფში არიან გადაყვანილი. ამის შესახებ შემთხვევის ადგილზე მისულ "ინტერპრესნიუსის" კორესპონდენტს თვითმხილველებმა განუცხადეს.

მათივე ცნობით, დაპირისპირება მათ კლუბში მყოფ რამდენიმე პირთან მოუვიდათ, რომელთა ზუსტი ვინაობა ჯერ უცნობია. თუმცა, არსებული ინფორმაციით, დაშავებულია ერთ-ერთი მათგანიც, გვარად მაზიაშვილი.

თვითმხილველთა ცნობით, კლუბში იმყოფებოდნენ პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი და "ნაციონალური მოძრაობის" გენერალური მდივანი ვანო მერაბიშვილიც, თუმცა მათ თამარაშვილის ქუჩა დაპირისპირებამდე დატოვეს.

ამასთან, "ინტერპრესნიუსის" გადამღები ჯგუფი იმყოფებოდა რესპუბლიკურ საავადმყოფოშიც. იქ მივიდნენ პარტიის სხვა ლიდერებიც, მათ შორის - დეპუტატი ირმა ნადირაშვილი, რომელსაც საავადმყოფოს ტერიტორიაზე მყოფი მოქალქეები აგრესიულად შეხვდნენ.

გარდა ამისა, რესპუბლიკურ საავადმყოფოში მივიდნენ დედაქალაქის მერი გიგი უგულავა, ხათუნა გოგორიშვილი, გიორგი ღვინიაშვილი, ლევან ბეჟაშვილი, კობა სუბელიანი.
"ინტერპრესნიუსი" მომხდარის შესახებ სხვა დეტალებსაც აზუსტებს.