"რატომაა, რომ ის ერთი კაცი რაც მოვიდა, არაფერი შენდება?!"

საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი სტუდენტებს მოუწოდებს, ყველაფერს კრიტიკულად შეხედონ.

ამის შესახებ სააკაშვილმა ილიაუნში სტუმრობისას სტუდენტებთან შეხვედრისას განაცხადა.

"რუსეთში არის ერთი – პუტინის პოლიტიკა, მაგრამ მისი პოპულარობის რეიტინგი 20%-ზე ქვემოთაა, რაც იმას ნიშნავს, რომ რეალურად, მისი პერსპექტივა უახლოესი წლების იქით არ იკვეთება. ამას მთელი მსოფლიო აღიარებს და ჩვენ კი დღეს უკვე იქ უნდა შევბრუნდეთ, რასაც პერსპექტივა არ აქვს?! ამაზე ვსაუბრობთ ჩვენ. მე ვიცი თქვენი კრიტიკული დამოკიდებულება წინა მთავრობის მიმართ და დაინტერესდით, უკრაინელები რას წერენ ჩვენზე; რატომ არის ბაქოში ყველა "ტაქსისტი" თვალებანთებული რომ გიყვებათ საქართველოს რეფორმებზე?! სომხეთშიც ეგრე ხდება და რატომ არ ფიქრდებით ამაზე?! კრიტიკულად შეხედეთ ყველაფერს, მაგრამ ამასაც შეხედეთ რა.. რატომ შეგვნატრიან ასე?! კარგად ვცხოვრობთ თუ რა?! ანუ რაღაც გავაკეთეთ ისეთი, რაც მათ არ აქვთ. რა თქმა უნდა, შეგიძლიათ დაიჯეროთ, რომ ეს ყველაფერი ბლეფია, შეგიძლიათ ისიც დაიჯეროთ, რომ ბოლო 8-9 წლის განმავლობაში საქართველოში რაც აშენდა, ააშენა იმ ერთმა კაცმა, მაგრამ ის ერთი კაცი რაც მოვიდა და არაფერი არ შენდება, ის როგორაა?!", - მიმართა სააკაშვილმა სტუდენტებს.