ელენე ბედველი, “Bloomberg.com”
ქართველი მილიარდერი ბიძინა ივანიშვილი რუსული აქტივების გაყიდვას გეგმავს, რადგან მომავალი წლის არჩევნებში პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის წინააღმდეგ ოპოზიციას უნდა ჩაუდგეს სათავეში. ივანიშვილი ფიქრობს, რომ რუსულ აქტივებს 2 მილიარდ დოლარად გაყიდის.
55 წლის ივანიშვილი, რომლის ქონებაც ჟურნალმა Forbes-მა მარტში 5,5 მილიარდ დოლარად შეაფასა, გაყიდის საკუთარ აქტივებს მოსკოვში არსებულ „როსიისკი კრედიტ ბანკ“-ში და აფთიაქების ქსელ „დოქტორ სტოლეტოვ“-ში, ასევე თავის სამშენებლო და სასოფლო სამეურნეო ბიზნესებში, რომელიც მას რუსეთში აქვს, განაცხადა მან ინტერვიუში. ის არ გეგმავს თავისი აქტივების გაყიდვას სხვაგან, რაც მისი ქონების ორ მესამედს შეადგენს.
ივანიშვილი გეგმავს პოლიტიკაში ჩაბმას და ოპოზიციური პარტიის ხელმძღვანელობას მომავალი წლის ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებში. რუსეთთან კავშირი შესაძლოა მას ტვირთად ექცეს, მას შემდეგ რაც ამ ორ ქვეყანას შორის 2008 წელს ხუთდღიანი ომი გაჩაღდა.
„მე ვყიდი ჩემს აქტივებს რუსეთში იმის გამო, რომ ჩემი ოპონენტები განაგრძობენ იმაზე საუბარს, რომ მე რუსული პროექტი ვარ, ასევე იმისთვის, რომ ჩემს განზრახვებთან დაკავშირებული ყველა შეკითხვა მოვხსნა“, – განაცხადა ივანიშვილმა თავის ბიზნესცენტრში, რომელიც ფერდობზე მდებარეობს და თბილისს გადმოჰყურებს. ის რუსეთის მოქალაქეობაზეც უარს ამბობს.
მისი თქმით, რუსეთთან ურთიერთობების გაუმჯობესება და მის ბაზარზე დაბრუნება ქვეყნის პრიორიტეტად რჩება. ივანიშვილის ამბიციებში არ შედის პრეზიდენტად სააკაშვილის ადგილის დაკავება მას შემდეგ, რაც კონსტიტუციაში შეტანილმა ცვლილებებმა ამ ინსტიტუტის ძალაუფლება შეზღუდა.
„ჩემი მიზანი ჩემს გუნდთან ერთად პარლამენტში შესვლა და იქიდან ცვლილებების განხორციელებაა“, – განაცხადა მან. „მე არ მაქვს გამზადებული გეგმა, მაგრამ მაქვს მკაფიო ხედვა იმისა, თუ როგორი უნდა იყოს საქართველოს მომავალი“.
მთლიანი შიდა პროდუქტის (მშპ) ნახევარი
ივანიშვილს, რომლის ქონებაც საქართველოს $11 მილიარდიანი ეკონომიკის თითქმის ნახევარს უტოლდება, უახლოეს მომავალში არ გეგმავს საქართველოს პროექტებში რუსეთში ნაშოვნი ფულის ინვესტირებას.
„ვეჭვობ, რომ შევძლებდი ჩემი ქვეყნის ბედის შეცვლას იმ შემთხვევაში, თუკი უფრო მეტი ფულის ინვესტირებას მოვახდენდი“, – თქვა მან, „შეიძლება ეკონომიკაში მცირე ცვლილებისთვის მიმეღწია, მაგრამ ვერ შევცვლიდი მთლიან კლიმატს“.
ვიდრე, თავისი პოლიტიკური ამბიციების შესახებ განაცხადებდა, მილიარდერმა დროის დიდი ნაწილი მის მშობლიურ სოფელ ჭორვილაში გაატარა, რომელიც თბილისიდან დაახლოებით 130 კილომეტრში მდებარეობს. ვიდრე 24 წლის ასაკში მოსკოვში გაემგზავრებოდა, მან თბილისში ინჟინრის სპეციალობით უნივერსიტეტი დაამთავრა. ეკონომიკაში სამეცნიერო ხარისხის მიღების შემდეგ ის სამუშაოდ კვლავ თბილისში დაბრუნდა.
1980-იანი წლების ბოლოს, „პერესტორიკის“ დროს (საბჭოთა პოლიტიკისა და ეკონომიკის ლიბერალიზაციის წლებში) ივანიშვილმა კომპიუტერების რეალიზაციით თავის პირველი 100 000 დოლარი იშოვა. მან და მისმა პარტნიორებმა, რომელთა დასახელებაზეც მან უარი თქვა, ეს კაპიტალი 1990 წელს „როსიისკი კრედიტ ბანკის“ დაფუძნებისთვის გამოიყენეს. ერთი წლის შემდეგ საბჭოთა კავშირი დაიშალა. მან განაცხადა, რომ თავისი პირველი მილიონი იმპორტირებული ღილაკებიანი ტელეფონებისა და ორკასეტიანი მაგნიტოფონების გაყიდვით იშოვა.
საქველმოქმედო საქმიანობა
პოსტ-საბჭოთა წლებში, ივანიშვილი თავის დროს მოსკოვს, პარიზისა და საქართველოს შორის ატარებდა. 2002 წლიდან ის ჭორვილაში დასახლდა და ორი წლის შემდეგ ქართული პასპორტი მიიღო. 2010 წელს ის საფრანგეთის მოქალაქეც გახდა.
საქართველოში დაბრუნების შემდეგ, ივანიშვილის შეფასებით მან დაახლოებით 1.2 მილიარდი ლარი ($723 მილიონი) დახარჯა ამ შავი ზღვისპირა ქვეყანაში საქველმოქმედო საქმიანობაზე, კერძოდ ძეგლების აღდგენაზე, გზების მშენებლობასა და მეზობლების გადასახადების დაფარვაზე. ის 200 მილიონი დოლარის დახარჯვას გეგმავს თანამედროვე ხელოვნების მუზეუმის მშენებლობაზე საქართველოში, სადაც მის კოლექციაში არსებული ნამუშევრების, მათ შორის პიკასოს გამოფენას გეგმავს.
მისი ინვესტიციები საქართველოში შეზღუდულია. ივანიშვილი, რომელიც ადასტურებს Forbes-ის მიერ მისი ქონების შეფასების ნამდვილობას, ამ ეტაპზე მხოლოდ ერთი კომპანია „ქართუ ბანკი“ აქვს – ქვეყნის სიდიდით მეექვსე კრედიტორი აქტივების მოცლობით.
„მე ვალდებული ვიყავი საქველმოქმედო საქმიანობა მეწარმოებინა, თუმცა ვაღიარებ, რომ ინვესტიციები გადამწყვეტია“, – თქვა მან. „თავიდან მე ბანკი შევქმენი, როგორც საინვესტიციო ბანკი, მაგრამ ის ვერ ამოქმედდა ისე, როგორც ვფიქრობდი“.
სააკაშვილთან დაპირისპირება
ივანიშვილმა განაცხადა, რომ მისი ქველმოქმედება „ამაო“ აღმოჩნდა, რადგან მთავრობამ ვერ შეძლო კარგი ბიზნეს კლიმატის შექმნა. მან გაყიდა ნაყინის წარმოება და ფეხსაცმლის ქარხანა „ნომინალურ ფასად“, რადგან ის „ვერ ხედავადა მათ მომავალს“, განაცხადა მან.
ბოლო დრომდე ის გაურბოდა ყურადღებას საქართველოში. მაისში, მან სააკაშვილი მის წინააღმდეგ ბინძური კამპანიის ორგანიზებაში დაადანაშაულა ჭორების გავრცელებით იმის თაობაზე, თითქოს ის ხელისუფლებას აფინანსებდა. 7 ოქტომბერს მან განაცხადა, რომ პოლიტიკურ პარტიას შექმნის 2012 წელის საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობისთვის. ოთხი დღის შემდეგ მას მოქალაქეობა ჩამოართვეს.
გასულ თვეში, სააკაშვილის სპიკერმა მანანა მანჯგალაძემ განაცხადა, რომ ივანიშვილს შეუძლია მოითხოვოს მოქალაქეობის აღდგენა. ივანიშვილმა განაცხადა, რომ ის მთავრობის ამ გადაწყვეტილებას ასაჩივრებს.
გასულ თვეში, მას შემდეგ, რაც განაცხადა, რომ პარტიის შექმნას გეგმავს, რათა გამოწვევა გაუგზავნოს სააკაშვილს, ივანიშვილმა მოლაპარაკებები გამართა ოპოზიციურ ლიდერებთან, მათ შორის გაერთიანებული ერების ორგანიზაციაში საქართველოს ყოფილ ელჩთან ირაკლი ალასანიასთან.
ივანიშვილის გავლენა ქართულ პოლიტიკაზე შეიძლება შეზღუდული აღმოჩნდეს მისი გამოუცდელობის გამო, განაცხადა სვანტე კორნელმა, ცენტრალური აზიისა და კავკასიის ინსტიტუტის და აბრეშუმის გზის კვლევების პროგრამის (სტოკჰოლმი) სამეცნიერო ხელმძღვანელმა.
„დღემდე, ისეთი შთაბეჭდილება რჩება, რომ მის ქმედებებს უფრო ემოციები მართავს, ვიდრე კარგი დაგეგმვა“, – განაცხადა კორნელმა სატელეფონო ინტერვიუში. „პრო-დასავლურ ოპოზიციასთან დგომა პოზიტიურია. ვფიქრობ, მთავრობის რეაქცია მის გამოჩენაზე გადამეტებული იყო“.
foreignpress.ge
863
სარეკლამო ბანერი № 21
650 x 85
სარეკლამო ბანერი № 22
650 x 85