ირმა ჭკადუა - თუ ახალი ხელისუფლება საკადრო პოლიტიკას არ გადახედავს, ძალიან დიდ პრობლემას მივიღებთ

ირმა ჭკადუა - თუ ახალი ხელისუფლება საკადრო პოლიტიკას არ გადახედავს, ძალიან დიდ პრობლემას მივიღებთ

თუ ახალი ხელისუფლება არ გადახედავს იმ პოლიტიკას, რომლის მიხედვითაც კადრებს არჩევენ, ძალიან დიდ პრობლემას მივიღებთ, - ამის შესახებ ადვოკატმა ირმა ჭკადუამ "ინტერპრესნიუსთა" საუბრისას მიხეილ სააკაშვილის მიერ, ზურაბ ვაზაგაშვილთან დაკავშირებულ დღევანდელ განცხადებაზე საპასუხოდ აღნიშნა.

ირმა ჭკადუა სტუდენტის ინფორმაციასაც გამოეხმაურა, რომლის მიხედვითაც, პრეზიდენტმა სტუდენტებთან შეხვედრაზე თქვა, რომ აფრასიძეების ოჯახის და მთლიანად გვარის ამოხოცვის ბრძანება მან გასცა.

"მიხეილ სააკაშვილმა დღეს კიდევ ერთხელ აღიარა, რომ აფრასიძეების ოჯახის ამოხოცვის ბრძანება გასცა. მსოფლიოში არ არსებობს არც ერთი მეთაური, რომელიც მსგავსი ბრძანებით ამაყობდეს. ახალი ხელისუფლების პირობებში არც ერთი საქმე ჯერ გამოძიებული არ არის და დამნაშავეები არ დასჯილან, პირიქით წინაურდებიან. კორტების სპეცოპერაციის ერთ-ერთი მონაწილე ცოტა ხნის წინ, ერთ-ერთი რაიონის პოლიციის უფროსად წარადგინეს. თუ ახალი ხელისუფლება კადრების შერჩევის პოლიტიკას არ გადახედავს, ძალიან დიდ პრობლემას მივიღებთ", - განაცხადა ირმა ჭკადუამ. მისივე თქმით, ის, რაც დღეს სააკაშვილმა ვაზაგაშვილთან დაკავშირებით თქვა, სისხლის სამართლის საქმეში საერთოდ არ არის ნახსენები.

მიხეილ სააკაშვილი დღეს სტუდენტებს შეხვდა, სადაც 2006 წელს ე.წ. კორტების სპეცოპერაციისას მოკლულ ზურაბ ვაზაგაშვილთან დაკავშირებით კომენტარი გააკეთა. "37 რჩეული ვაჟკაცი მოგვიკლესო, ვინ რჩეული ვაჟკაცი?! ვაზაგაშვილი მოკლეს?! იმიტომ, რომ ვაზაგაშვილს ჰქონდა ორი ავტომატი და მიდიოდა სხვების დასახოცად. მაგრამ ეს იყო იშვიათზე უიშვიათესი შემთხვევა", - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.