MTV ყველასათვის კარგად ცნობილი და სახელგანთქმული მუსიკალური არხია. ამასთან, იგი გახლავთ ძალიან დიდი შემოსავლის წყარო, სწორად აწყობილი ბიზნეს-იმპერია, რომელმაც მთელი მსოფლიო უსწრაფესად მოიცვა და სამაგალითოდ იქცა.
პიტმანის პირმშო
70-იანი წლების დასასრული და 80-იანების ბოლო კონსერვატორთა მმართველობის ხანა გახლდათ. ეს ყველაფერზე აისახებოდა, მათ შორის, მუსიკალური სტუდიების მუშაობაზე. ძველი ჯგუფები ერთსა და იმავე ალბომებს წერდნენ, ახლები კი მათ დონემდე ასვლას უშედეგოდ ცდილობდნენ.
სწორედ ამ პერიოდში გიგანტურმა კორპორაციებმა ძალისხმევა ერთი მიზნის მისაღწევად გააერთიანეს. ესენი გახლდათ Warner Brothers Records-ის შთამომავალი Warner Communications და American Express. 1979 წელს მათ შექმნეს მათ Warner Cable, რომელიც საკაბელო ტელევიზიების ოპერატორი გახლდათ. მათ შორის გახლდათ ფასიანი, რეკლამის გარეშე 24 საათის განმავლობაში მაუწყებელი კინოარხი, რომლის ხელმძღვანელად რობერტ პიტმანი მოიწვიეს.
პიტმანმა საქმეს თავი დიდებულად გაართვა და მალე ბოსებმა მას შესთავაზეს საკუთარი არხი შეექმნა, რომელიც სარეკლამო შემოსავლებით იარსებებდა. პიტმანმა კარგად იცოდა, რომ ტიტანური შრომა ელოდა, რადგან საკაბელო არხის განვითარებით ბიზნესმენთა მცირე ნაწილი იყო დაინტერესებული. რობერტმა თანამოაზრეთა ჯგუფი შეკრიბა და მათთან ერთად გადაწყვიტა, რომ საჭირო იყო მაყურებელთა აუდიტორიის სწორად შერჩევა.
არჩევანი ახალგაზრდობაზე შეჩერდა. ეს რისკიანი გადაწყვეტილება იყო, რადგან ამ კატეგორიის მაყურებლის ტელევიზორთან მოზიდვა ურთულესი საქმეა. მაგრამ, თუ ეს მოხერხდებოდა, წარმატება გარანტირებული იყო, რადგან ბიზნესმენები მაყურებელთა ამ აუდიტორიით, მათზე გათვლილი რეკლამის ეთერში განთავსებით ძალიან იყვნენ დაინტერესებული. საბოლოოდ, გადაწყდა შექმნილიყო მუსიკალური არხი, რომელიც ტექნიკურად უმაღლეს დონეზე იქნებოდა აღჭურვილი. უპირველესი ამოცანა სტერეოხმის მიღწევა გახლდათ.
ერთი წლის შემდეგ პიტმანმა კომპანიის ხელმძღვანელობას მზა პროექტი წარუდგინა. საბჭომ იგი არ მოიწონა და უარი უთხრა, მაგრამ პიტმანმა თავისი პროექტი ბოლომდე დაიცვა. იგი კომპანიის თითოეულ თავკაცს სათითაოდ შეხვდა და ყველა საჩოთირო საკითხი განიხილა. მისი თქმით, არხი აუდიტორიასთან ერთად არ უნდა დაბერებულიყო. საბოლოოდ, პიტმანმა თავისი გაიტანა და მისი პროექტი დაამტკიცეს.
მუსიკალური იმპერია
არხმა მაუწყებლობა 1981 წლის 1 აგვისტოს დაიწყო. მას MTV ეწოდა და საყოველთაოდ ცნობილი ლოგოტიპიც შეიქმნა. თუმცა, მუსიკალურ ფირმებთან ურთიერთობა საკმაოდ რთული აღმოჩნდა და არხის გახსნის დღეს მის განკარგულნბაში მხოლოდ 250 ვიდეოფირი იყო. თანაც, ახალმა არხმა იმდენი საკაბელო სისტემა არ მიიღო, რამდენიც საჭირო იყო. ამიტომაც, პირველი წლის განმავლობაში დანაკარგებმა 50 მილიონი დოლარი შეადგინა.
სიტუაციის გამოსასწორებლად პიტმანმა ფართომასშტაბიანი სარეკლამო კამპანია წამოიწყო, რომელშიც არაერთი ცნობილი სახე გახლდათ ჩართული. შედეგმა არ დააყოვნა, აუდიტორიამ იმატა და 1984 წლისათვის არხმა მოგების მოტანა დაიწყო.
MTV-ის გავლენა სულ უფრო იზრდებოდა. მის ეთერში მოსახვედრად უკვე საკმარისი აღარ იყო კარგად სიმღერა, საჭირო გახლდათ ტელეგენურობა. „MTV იმიჯი“ საყოველთაოდ ცნობილი ფრაზა გახდა. არხს ბევრი მოწინააღმდეგეც გამოუჩნდა - ფემინისტებს და ევანგელისტებს ნახევრადშიშველი ქალების ეკრანზე გამოჩენა არ მოსწონდათ, არხს ცხოველებისადმი დაუნდობელ დამოკიდებულებაში და პლაგიატიზმში ადანაშაულებდნენ. ამასთან, საჭირო იყო უფრო მეტი ფერადკანიანი შემსრულებელი.
საბოლოოდ, პიტმანმა პრაქტიკულად ყველა ეს პრობლემა მოაგვარა და 1986 წელს არხი გამარჯვებულმა დატოვა. ეს მაშინ მოხდა, როცა MTV კომპანია Viacom-მა შეიძინა. ახალმა მენეჯმენტმა აქცენტი გაფართოვებისა და მსოფლიო ექსპანსიისაკენ გააკეთა. შეიქმნა ევროპული, აზიური და ავსტრალიური განყოფილებები. 90-იანი წლების დასაწყისისათვის ჩამოყალიბდა იმპერია MTV Networks, რომელშიც თავად MTV-ის გარდა ისეთი არხები შევიდა, როგორებიცაა VHI და Nickelodeon.
შემდგომ პერიოდში დაინერგა არაერთი სიახლე, შეიქმნა რამდენიმე ახალი შოუ, აქცენტი პროდუქციის ინტერნეტით გავრცელებაზე გაკეთდა. ამასთან, იქმნებოდა სულ უფრო და უფრო მეტი შვილობილი არხები მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში.
მთავარი კი ის არის, როგორც პიტმანი ამბობდა, არხი თავის მაყურებელთან ერთად არ ბერდება და ახალგაზრდებში მუდმივი პოპულარობით სარგებლობს. მას მსოფლიოს თითქმის ყველა ქვეყანაში უცქერენ და იგი უდიდესი შემოსავლის წყარო გახლავთ.