საქართველოს პრემიერ-მინისტრი მზად არის, ხელისუფლებამ და ოპოზიციამ რუსეთთან დაკავშირებით პოზიციების შეთანხმებაზე საუბარი დაიწყონ, თუმცა შედეგის იმედი არ აქვს.
ამის შესახებ ბიძინა ივანიშვილმა ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეის სემინარზე მას შემდეგ განაცხადა, რაც ამ თემაზე კითხვა ლატვიის დელეგაციიდან დაუსვეს.
როგორც ბიძინა ივანიშვილმა აღნიშნა, რუსეთთან დაკავშირებულ მიდგომებში ხელისუფლებისა და ოპოზიციის განსხვავება ზედაპირზე დევს, რადგან ოპოზიციას რუსეთთან დაკავშირებით არასწორი პოზიცია აქვს.
"ჩვენ ელემენტარულ საკითხებშიც ვერ მოვილაპარაკებთ, რადგან რიტორიკაშიც კი ვერ ვთანხმდებით. ნებისმიერი ჩვენი ინიციატივა რუსეთთან მიმართებაში მათ მიერ აგრესიულად არის აღქმული. ჩვენ ვეცდებით ამ თემაზე მოლაპარაკებას, რომ სათქმელი მაინც გვქონდეს, მაგრამ ვფიქრობ, არაფერი გამოვა. პოზიცია, რაც "ნაციონალურმა მოძრაობამ" მისი ლიდერის, სააკაშვილის მეთაურობით ჯერ კიდევ 2008 წლის უბედურებამდე აირჩია, კონტრპროდუქტიული იყო. ისინი დღესაც იმავე პოზიციაზე რჩებიან, რუსეთთან ურთიერთობის დალაგების მხრივ გადადგმულ ნებისმიერ ნაბიჯს აგრესიულად ხვდებიან", - აღნიშნა ბიძინა ივანიშვილმა.
პრემიერმა იმედი გამოთქვა, რომ საქართველო რუსეთთან ურთიერთობას ნაბიჯ-ნაბიჯ გამოასწორებს და შეძლებს იმ უხეში შეცდომების გასწორებას, რომელიც წარსულში იყო დაშვებული.
"ფორმალურად ჩვენ გვექნება ოპოზიციასთან ამ თემაზე პოზიციების შეთანხმების მცდელობა და შესაძლოა, ამ თემაზე პარლამენტიდან დავიწყოთ, თუმცა ვფიქრობ, ეს იქნება ღია კარის მტვრევა, რამეთუ ყველაფერი ზედაპირზე დევს", - აღნიშნა ბიძინა ივანიშვილმა.