თბილისსა და მოსკოვს შორის დაწყებულმა დიალოგმა არ უნდა შექმნას შთაბეჭდილება, რომ საქართველო დამოუკიდებლად აგვარებს რუსეთთან ურთიერთობას და აღარ საჭიროებს პარტნიორების მხარდაჭერას , - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ბიძინა ივანიშვილმა ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეის "როუზ-როსის" სემინარზე განაცხადა.
მისი თქმით, საქართველოს ახალმა მთავრობამ ახალი კომპონენტი შეიტანა საგარეო პოლიტიკაში და გამოთქვა რუსეთთან დიალოგის დაწყების მზადყოფნა.
"ჩვენ, ჩვენი მხრივ, საქართველოს საგარეო პოლიტიკის კურსის განუხრელად გატარების პარალელურად, ახალი კომპონენტი შევიტანეთ ჩვენს საგარეო პოლიტიკაში და გამოვთქვით რუსეთთან დიალოგის დაწყების მზადყოფნა. რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში ჩემი სპეციალური წარმომადგენლის დანიშვნამ საშუალება მოგვცა კონკრეტული პრაგმატული ნაბიჯები გადაგვედგა ისეთ სფეროებში, როგორიცაა ვაჭრობა, ეკონომიკური და კულტურული კავშირები. მაგრამ, ამასთან დაკავშირებით ხაზგასმით მინდა აღვნიშნო, რომ ჟენევის მოლაპარაკებები არის ერთადერთი ფორმატი რუსეთთან კონფლიქტის შესახებ მოლაპარაკებების საწარმოებლად და ჩვენ ამ პროცესის ერთგული ვიქნებით. თბილისსა და მოსკოვს შორის დაწყებულმა დიალოგმა არ უნდა შექმნას შთაბეჭდილება, რომ საქართველო დამოუკიდებლად აგვარებს რუსეთთან ურთიერთობას და აღარ საჭიროებს პარტნიორების მხარდაჭერას", - განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.
როგორც პრემიერმა აღნიშნულ საკითხზე საუბრისას განაცხადა, საქართველოს მთავრობას სჯერა, რომ საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაცია მისცემს საქართველოს გაცილებით დიდ შესაძლებლობებს ააშენოს დემოკრატიული ინსტიტუტები, უზრუნველყოს თავისუფლება და უსაფრთხოება, ასევე მისცემს საშუალებას დაიმკვიდროს საკუთარი ადგილი ევროპულ ოჯახში.
"ეს სასარგებლო იქნება არა მხოლოდ საქართველოსათვის, არამედ მთელი რეგიონისათვის", - აღნიშნა პრემიერმა.